“ჰიუმან რაითს ვოჩი”-ს ანგარიში საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს

(თბილისი, 16 იანვარი, 2003, სივილ ჯორჯია) – ადამიანის უფლებების დამცველმა საერთაშორისო ორგანიზაციამ “ჰიუმან რაითს ვოჩმა” 13 იანვარს წლიური ანგარიში გამოაქვეყნა საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ.

მოხსენებაში ლაპარაკია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ და რელიგიური უფლებების დარღვევის თაობაზე.

“იუსტიციის სამინისტროს სასამართლო ექსპერტიზის ბიურომ დაადასტურა პოლიციის მიერ საველე ტელეფონების ელექტრო შოკით წამების მიზნით გამოყენების ფაქტები”, – ნათქვამია მოხსენებაში.

ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, სამართალდამცავი ორგანოები და სასამართლოები ფაქტობრივად დაუსჯელობის გარანტი იყვნენ იმ თავდამსხმელებისა, რომლებიც აშინებდნენ და შეურაცხყოფდნენ არამართლმადიდებელი რელიგიის მიმდევრებს, განსაკუთრებით იეღოვას მოწმეებს, ევანგელისტებსა და ბაფტისტებს.

ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა, რათა არატრადიციული რელიგიის მიმდევართა წინააღმდეგ ძალადობის კამპანია შეეჩერებინა, – ნათქვამია “ჰიუმან რაითს ვოჩის” მოხსენებაში.

იქვე მოყვანილია რამდენიმე ფაქტი, რომელიც ადასტურებს, რომ პანკისში ანტიტერორისტული კამპანიის ფარგლებში განხორციელებული ზოგიერთი ქმედება გამოირჩეოდა თვითნებობითა და განსაკუთრებული სისასტიკით.

ანგარიში ასევე აკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლებას ადგილობრივი ორგანოების არჩევნების არასრულყოფილი ორგანიზებისთვის. დოკუმენტში ნათქვამია, რომ “ევროსაბჭოს დამკვირვებლებმა მკაცრი იმედგაცრუება გამოთქვეს 2 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით და საქართველოს ხელისუფლება დაადანაშაულეს უუნარობაში შეექმნათ ელემენტარული პირობები ჭეშმარიტად დემოკრატიული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევისათვის”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version