ჩეჩენი დედების საპროტესტო აქცია

(თბილისი, 30 ნოემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – დღეს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულებითი დეპარტამენტის შენობასთან საქართველოში მყოფი ლტოლვილი ჩეჩენი დედების საპროტესტო აქცია გაიმართა, რომლებიც პროტესტს გამოთქვამდნენ საქართველოდან რუსეთში დაკავებული ჩეჩნების შესაძლო ექსტრადიციასთან დაკავშირებით.

28 ნოემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ნუგზარ გაბრიჩიძემ თბილისში წინასწარ პატიმრობაში მყოფი 3 ჩეჩენის ექსტრადიციაზე თანხმობა განაცხადა, თუმცა რუსული მხარისთვის მათი გადაცემა არ მოხდება, ვიდრე სასამართლო მათი ადვოკატების მიერ შეტანილ სარჩელს არ განიხილავს.

აქციის მონაწილეებს დეპარტამენტის თავმჯდომარე პაატა მხეიძე შეხვდა, რომელმაც იმ მოტივით, რომ აქცია დეპარტამენტის მუშაობას ხელს უშლის, იქ მყოფ ქალებს დაშლა თხოვა. ტელეკომპანია “რუსთავი-2”-ს ცნობით, აქცია რამდენიმე ხანში დაიშალა.

“სანამ ბოლომდე არ იქნება მიყვანილი პროცედურები ამ საკითხის გასაჩივრებასთან დაკავშირებით, გარწმუნებთ, რომ მათ ვადაზე ადრე ეტაპირების არანაირი საფრთხე, არც რუსეთში და არც სხვაგან, მათ არ ემუქრებათ”, – განუცხადა აქციის მონაწილეებს პაატა მხეიძემ.

26 ნოემბერს ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლომ გააუქმა ადრე მის მიერვე დაწესებული მორატორიუმი საქართველოდან რუსეთში 8 პატიმრის ექსტრადიციაზე, რომლებიც აგვისტოში ქართველმა მესაზღვრეებმა რუსეთის საზღვართან ახლოს დააკავეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version