ნავთობსადენის ბორჯომის მონაკვეთის ბედი კვლავ გაურკვეველია

(თბილისი, 30 ნოემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – 30 ნოემბერს საღამოს 11 საათისთვის საქართველოს გარემოს დაცვის სამინიტრომ ოფიციალური ნებართვა უნდა გასცეს ნავთობსადენ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის საქართველოს მონაკვეთის მშენებლობასთან დაკავშირებით.

ბოლო დღეების განმავლობაში თბილისში ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობდა გარემოს დაცვის სამინისტროს, საქართველოს საერთაშორისო ნავთობკორპორაციისა და კომპანია “ბრიტიშ პეტროლიუმის” ექსპერტებს შორის, სადაც ნავთობსადენის ეკოლოგიური უსაფრთხოების საკითხებს განიხილავდნენ. თბილისში ჩამოვიდნენ ბრიტანული კომპანიის მაღალჩინოსანი წარმომადგენლებიც.

გარემოს დაცვის მინისტრმა ნინო ჩხობაძემ 29 ნოემბერს ტელეკომპანია “რუსთავი-2”-ის პირადპირ ეთერში განაცხადა, რომ “ბრითიშ პეტროლიუმის” მიერ წარმოდგენილი უსაფრთხოების გარანტიები ბორჯომის ხეობასთან დაკავშირებით იმ სახით, როგორიც ამჟამადაა, მიუღებელია.

სამინისტროს უფლება არ აქვს, რომ მილსადენის მშენებლობის ორგანიზატორებს ალტერნატიული მარშრუტი შესთავაზოს. მთლიანად საქართველოს მასშტაბით მილსადენის მშენებლობაზე სამინისტროს პრეტენზიები არ გააჩნია ბორჯომის ხეობაზე გამავალი მონაკვეთის გარდა.

27 ნოემბერს საქართველოს ნავთობკორპორაციის შენობასთან გარემოს დამცველთა საპროტესტო აქცია გაიმართა, რომლის მონაწილენიც ნავთობსადენის ბორჯომის ხეობაზე გავლასთან დაკავშირებით გამოთქვამდნენ პროტესტს და მოითხოდნენ, რომ 20-კილომეტრიანი მონაკვეთი, რომელმაც ბორჯომის ხეობაზე უნდა გაიაროს, ალტერნატიული მარშრუტით შეიცვალოს.

გასულ თვეში ნავთობსადების მშენებლობასთან დაკავშირებით პროტესტი გამოთქვეს გარემოს დამცველმა და ადამიანის უფლებების დამცველმა საერთაშორისო და ბრიტანულმა ორგანიზაციებმა, რომლებიც თვლიან, რომ ნავთობსადენი რეგიონის ისედაც მყოფე ეკოლოგიას უფრო დააზარალებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version