თბილისში ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორები ჩამოვიდნენ

(თბილისი, 20 მაისი, “სივილ ჯორჯია”) – 19 მაისს თბილისში გერმანიიდან ჩამოვიდა ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეთა 70-კაციანი ჯგუფი, რომელშიც 50 ინსტრუქტორია და 20 ტექნიკური სპეციალისტი. უახლოესი დღეების განმავლობაში ისინი საქართველოში თავიანთი საქმიანობის პირობებს გაეცნობიან.

ამერიკელი ინსტრუქტორების მეთაურმა, პოლკოვნიკმა რობერტ ვოლტმაიერმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ 27 მაისიდან თბილისში ჩამოსული ინსტრუქტორები შეუდგებიან საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის და იმ ქვედანაყოფების ოფიცერთა წვრთნას, რომლებსაც მომავალში ტერორისტებთან ბრძოლა მოუწევთ.

როგორც ვოლტმაიერმა აღნიშნა ბრიფინგზე გამოსვლისას, ანტიტერორისტული ქვედანაყოფების მეთაურთა წვრთნა 2 თვეს გასტანს, რის შემდეგაც, აგვისტოს თვიდან დაიწყება “წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამის ძირითადი ფაზის განხორციელება.

მან ასევე განაცხადა, რომ პროგრამის სხვადასხვა ეტაპებზე ამერიკელ ინსტრუქტორთა შემადგენლობის შეცვლა მოხდება. ამასთან, ვოლტმაიერმა დასძინა, რომ ერთდროულად, საქართველოს ტერიტორიაზე 150 ამერიკელ სამხედროზე მეტი არ იქნება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version