ექსპერტული შეფასება დასავლეთს კონკრეტულ ნაბიჯებს ურჩევს: რა უნდა გაკეთდეს საქართველოს არჩევნებამდე და მის შემდეგ

მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების უფროსმა დირექტორმა ლორა თორნტონმა საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ შეფასება გამოაქვეყნა. 2014 წლიდან 2020 წლამდე ლორა თორნტონი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დირექტორად მუშაობდა საქართველოში. შეფასებას წინ უძღოდა 2024 წლის მაისში გერმანიის მარშალის ფონდის მიერ გამოქვეყნებული კიდევ ერთი დოკუმენტი, რომელიც დეტალურად აღწერდა რისკებსა და პრობლემებს საქართველოს პოლიტიკურ წინასაარჩევნო გარემოში, საკანონმდებლო ჩარჩოსა და საარჩევნო ადმინისტრაციაში.

მოცემული შეფასება გერმანიის მარშალის ფონდისა და რონდელის ფონდის მიერ 2-8 სექტემბერს თბილისში ორგანიზებულ „საქართველოს მეგობრების“ მისიას ეფუძნება. მისიის ჯგუფი შეხვდა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, დამოუკიდებელი მედიის, არჩევნების სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ასევე აშშ-ისა და ევროპის მაღალი რანგის დიპლომატებს, NDI-სა და IRI-ს წარმომადგენლებს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელს, ექსპერტებს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. თუმცა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლებმა დელეგაციასთან შეხვედრაზე უარი განაცხადეს. შეფასება აანალიზებს საქართველოს საარჩევნო გარემოს, მოახლოებული არჩევნების ჩატარების რისკებსა და მის სამართლიანობას. დოკუმენტი, რომელშიც რამდენიმე შესაძლო სცენარია ასახული, იძლევა რეკომენდაციას, რა ნაბიჯები უნდა გადადგას დასავლეთმა – აშშ-მა და ევროკავშირმა – არჩევნებამდე და მის შემდეგ.

ძირითადი მიგნებები

„მისიის მთავარი დასკვნა ის არის, რომ მაისში გამოვლენილი რისკები – „უცხოელი აგენტების“ შესახებ ახალი კანონის მიღება, თავდასხმები სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიაზე, ოპოზიციური პარტიების წარუმატებლობა ერთიანი ფრონტის ჩამოყალიბების საქმეში, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების უარი დაპირებული საარჩევნო რეფორმის განხორციელებაზე, ფართოდ გავრცელებული დეზინფორმაციული კამპანიები და შიშის გაღვივება – კვლავ რჩება“, – ნათქვამია შეფასებაში. „მაისიდან მოყოლებული ხელისუფლებამ შემდგომი ავტოკრატიული ზომები დააანონსა, მათ შორის ყველა ოპოზიციური პარტიის გაუქმება და „ნიურნბერგის“ პროცესები სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და ოპოზიციის იმ წარმომადგენლების დასაპატიმრებლად, რომლებიც მათ აკრიტიკებდნენ“.

„მისიის კიდევ ერთი მიგნებაა სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და ოპოზიციის ბევრი წარმომადგენლის რწმენა იმაში, რომ ქართველი ამომრჩეველი „ქართული ოცნების“ წინააღმდეგაა განწყობილი და არჩევნებს განიხილავს როგორც არჩევანს დასავლეთსა და რუსეთს შორის. დაშინებისა და შესაძლო მანიპულაციების შემთხვევაშიც კი, ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ „ქართული ოცნება“ ვერ გაიმარჯვებს“, – ნათქვამია დოკუმენტში. თუმცა, მასში ასევე აღნიშნულია, რომ ამ მოსაზრებას ეწინააღმდეგებიან ისინი, ვინც ყურადღებით ადევნებს თვალყურს ამომრჩევლების მოსაზრებებს და დროს თბილისის გარეთ ატარებს. ავტორის თქმით,  „ისინი აცხადებენ, რომ ქართველების უმრავლესობისთვის მთავარი საკითხი ეკონომიკა და სამუშაო ადგილებია და არა ევროკავშირში გაწევრიანება, და „ქართული ოცნების“ გზავნილი „კეთილდღეობა თუ სანქციები“ – რუსეთთან ვაჭრობაზე ქართველების დამოკიდებულების აღქმა – საკმაოდ რეზონანსული გახდა. გარდა ამისა, „ქართული ოცნების“ მუქარა, რომ ოპოზიციის გამარჯვება ომს ნიშნავს, ასევე დამაჯერებელია ბევრი ამომრჩევლისთვის“.

დოკუმენტში აღნიშნულია არჩევნების შემდგომი არასტაბილურობისა და კონფლიქტის ალბათობა, მიუხედავად იმისა წააგებს თუ მოიგებს ოპოზიცია.  „ქართული ოცნების“ გამარჯვებას, სავარაუდოდ, მოყვება ბრალდებები არჩევნების გაყალბების შესახებ და ქუჩის საპროტესტო აქციები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ხელისუფლება დამარცხებას შეეგუოს. „აშშ-ისა და ევროკავშირის პოლიტიკის შემქმნელები უნდა მოემზადონ სხვადასხვა სცენარისთვის და შეიმუშაონ ერთიანი სტრატეგია არასტაბილური პოსტსაარჩევნო პერიოდისთვის. საქართველოს უდიდესი უპირატესობა ყოველთვის იყო დემოკრატია. ამის გარეშე, აშშ-მა და ევროკავშირმა ეჭვქვეშ უნდა დააყენონ მომავალში ნებისმიერი სტრატეგიული პარტნიორობის შედარებითი ღირებულება“, – ნათქვამია დოკუმენტში.

შეფასების თანახმად, მისია შეშფოთებულია არჩევნების შემდგომი არასტაბილურობისა და კონფლიქტის ალბათობის გამო. საარჩევნო პროცესის მიმართ ხშირად გამართლებული უნდობლობის გათვალისწინებით, მისიას უთხრეს, რომ ოპოზიციის დამარცხების შემთხვევაში ფართომასშტაბიანი პროტესტი დაიწყებოდა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ არავის, ვისაც მისია შეხვდა, სჯეროდა, რომ „ქართული ოცნება“ ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში დათმობაზე წავიდოდა, რაც ასევე გამოიწვევდა სამოქალაქო არეულობას.

რეკომენდაციები:

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ აშშ-მა და ევროკავშირმა არჩევნებამდე უნდა გადადგან ნაბიჯები, რათა „ქართული ოცნების ხელისუფლებას გაუზიარონ  შეშფოთება მის მიერ განხორციელებული ანტიდემოკრატიული ქმედებების, მათ შორის უცხოელი აგენტების შესახებ კანონის განხორციელების თაობაზე“.

არჩევნებამდე გადასადგმელი ნაბიჯებია:

არჩევნების შემდეგ აშშ და ევროკავშირი უნდა მოემზადონ სხვადასხვა სცენარისთვის და შესაბამისად იმოქმედონ:

თუ „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს და დამკვირვებლები დაადასტურებენ შედეგებს…

თუ ოპოზიცია გაიმარჯვებს…

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English Русский

Exit mobile version