ჰელსინკის კომისია ბაიდენის ადმინისტრაციას ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის სახელზე გაგზავნილ წერილში, ჰელსინკის კომისია ბაიდენის ადმინისტრაციას „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს.

წერილი, რომელსაც ხელს კონგრესმენები ჯო უილსონი, სტივ კოენი, რიჩარდ ჰადსონი და მარკ ვისი აწერენ, მოუწოდებს სახელმწიფო მდივანს „გადადგას სასწრაფო და გადამწყვეტი“ ნაბიჯები საქართველოში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით და საქართველოს „სულ უფრო ავტორიტარულ და ანტიდემოკრატიულ ხელისუფლებას“ პასუხი აგებინოს მისი ქმედებებისთვის. აღნიშნავს რა, რომ სანქციები უკვე ამოქმედებულია, წერილი ხაზს უსვამს, რომ „ადგილზე განვითარებული მოვლენების ტემპი და სიმძიმე ცხადყოფს, რომ საქართველოს მოსახლეობის დასაცავად სასწრაფოდ მეტის გაკეთებაა საჭირო“.

„მიგვაჩნია, რომ დადგა დრო, რომ დაიწყოს ინდივიდუალური ფინანსური სანქციების დაწესების პროცესი საქართველოში არსებული კორუფციისა და ბოროტი გავლენის ძირითადი კერების წინააღმდეგ“, – ნათქვამია წერილში, სადაც ბიძინა ივანიშვილი და მისი ახლო გარემოცვა შემოთავაზებული სანქციების მთავარ სამიზნეებადაა დასახელებული.

„ცხადი უნდა გახდეს, რომ საქართველოში ანტიდასავლურ ელემენტებთან კავშირში მყოფი კორუფციისა და მავნე გავლენის მთავარი აგენტები ქართველ ხალხზე თავისუფლად ნადირობასა და მის დემოკრატიაზე სურვილისამებრ თავდასხმას ვერ შეძლებენ“, – ნათქვამია წერილში.

წერილში განსაკუთრებით აღნიშნულია, რომ შავი ფულის მნიშვნელოვანი წყარო, რომელიც „ქართული ოცნების“ საქმიანობას უჭერს მხარს, თაღლითური ქოლ-ცენტრებიდან მოდის. აღნიშნული ქოლ-ცენტრები „საქართველოში კორუმპირებულ აგენტებსა და რუსეთში მათ სხვა კლეპტოკრატ პარტნიორებს შორის თანამშრომლობის კერებს წარმოადგენენ და მათი მობილიზების სავარაუდო მიზანი ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების დაშინებაა“. ამ ცენტრების მიერ გამომუშავებული „უკანონო შემოსავალი ხელს უწყობს პოლიტიკური ეკონომიკის შემაშფოთებელი სისტემის შენარჩუნებას, რამაც საქართველოში ბოლოდროინდელ ანტიდემოკრატიულ და ანტიდასავლურ შემობრუნებას შეუწყო ხელი“.

წერილში ასევე ნათქვამია, რომ ინდივიდუალური ფინანსური სანქციების განხორციელება და აშშ-ისა და მეგობარი უცხოური სამართალდამცავი სტრუქტურების მიერ თაღლითური ქოლ ცენტრების ქსელების მოშლა MEGOBARI აქტის განხორციელების საწინდარი გახდება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version