პრეზიდენტმა ხელი არ მოაწერა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში სადავო ცვლილებებს  

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელი არ მოაწერა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში სადავო ცვლილებებს, რომელიც პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით 27 ივნისს მიიღო. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ განმარტა, რომ „აღნიშნული არ ნიშნავს პარლამენტში მოტივირებული შენიშვნებით კანონის დაბრუნებას, ე.წ ვეტოს. პრეზიდენტი იყენებს კონსტიტუციურ უფლებას აგზავნის კანონს უკან პარლამენტში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე 5 დღის ვადაში მოაწერს ხელს“.

ცვლილებებამდე საპენსიო სააგენტოს, რომელსაც საპენსიო ფონდი დაერქმევა, ორი საბჭო მართავდა: საინვესტიციო საბჭო და სამეთვალყურეო საბჭო. საინვესტიციო საბჭოს ჰყავდა პარლამენტის მიერ დანიშნული ოთხი უცხოელი წევრი და ფონდის საინვესტიციო პორტფელის შემუშავება და შექმნა ევალებოდა. ცვლილების შედეგად, ეს ორი საბჭოდ მმართველoბით საბჭოდ გაერთიანდება, რომლის შემადგენლობაშიც არანაკლენ 9 და არაუმეტეს 15 წევრი იქნება, რომლებიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ დაინიშნებიან, რითაც მინიმუმამდე დაიყვანება პარლამენტის როლი საპენსიო ფონდში.

„მიუღებელი და დაუშვებელია ამ პროცესის პარლამენტიდან გატანდა და პრემიერ-მინისტრის ხელში ძალაუფლების ამგვარი კონცენტრაცია“, – განაცხადა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა 12 ივლისს გამართულ ბრიფინგზე. „აღნიშნული ცვლილება აჩენს რისკს, რომ საბჭო დაკომპლექტდეს მმართველი ძალის ინტერესების გამტარებელი კადრებით“.

„ეს კი შესაძლებელს გახდის, ფონდის ინვესტიციები განხორციელდეს მმართველი ძალის პოლიტიკური გადაწყვეტილებებით სხვადასხვა სამთავრობო ნაკლებად მომგებიან პროექტებში და არ მოემსახურება მოსახლეობის საუკეთესო ინტერესებს“ – დასძინა მან.

მანამდე, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დაადასტურა, რომ იგი ხელს მოაწერს ცვლილებებს.   

Exit mobile version