პაპუაშვილი და დარჩიაშვილი ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის დახმარების გაყინვის გადაწყვეტილებას ეხმიანებიან

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი 9 ივლისს ევროკავშირის სავარაუდო გადაწყვეტილებას გამოეხმაურნენ, რომელიც ევროპის სამშვიდობო ფონდიდან საქართველოსთვის 30 მილიონი ევროს დახმარების გაყინვას ეხება.

„უნდა გვახსოვდეს, რომ როდესაც 2014 წელს ევროკავშირი თავის წევრ ქვეყნებში ვერ პოულობდა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამხედრო მისიისთვის (EUFOR RCA) მონაწილეობის მსურველებს, საქართველომ (ქართული ოცნების“ ხელისუფლების გადაწყვეტილებით) 150 ჯარისკაცის გაგზავნით, ევროკავშირის ეს მისია ჩაშლას გადაარჩინა“, – დაწერა პაპუაშვილმა „ფეისბუქზე“. „ჩვენ, ამ ურთულეს ოპერაციაში, ევროკავშირის არაწევრი ერთადერთი ქვეყანა ვიყავით, სამხედრო კონტინგენტით კი მეორე ქვეყანა საფრანგეთის შემდეგ“.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა, რომელიც ამჟამად ვაშინგტონში ნატოს სამიტს ესწრება, განაცხადა, რომ „ჩვენთვის გაუგებარია მსგავსი ტიპის მიკრო გადაწყვეტილებები, რადგან ის გამოწვევები უსაფრთხოების თვალსაზრისით, მათ შორის ოკუპაცია არსად წასულა“. მან ასევე აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებები ვერ შეაფერხებს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს.

ამ კონტექსტში დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს „კიდევ უფრო მეტად“ სჭირდება თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება და იმედი გამოთქვა, რომ „მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებები ძალიან მალე  დაუბრუნდება… ძველ ნიშნულს“. მისი თქმით, საქართველოს და ევროკავშირის თანამშრომლობა დაფუძნებულია ასოცირების შეთანხმებაზე. „ჩვენ ყველას გვაქვს აღებული ჩვენი ვალდებულებები და ჩვენ, თანმიმდევრულად… ვასრულებთ ამ ვალდებულებებს და მე არ ვიხმარდი ისეთ ძალიან მკაცრ შეფასებას, რომელიც ევროკავშირის ელჩმა განაცხადა“.

ასევე წაიკითხეთ:

Exit mobile version