GWP: თბილისისა და მცხეთის აბონენტებს მაგისტრალური მილსადენის დაზიანების გამო წყალმომარაგება შეუწყდათ

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ (GWP) განაცხადა, რომ 16 ივნისს, საგურამოს დასახლებაში, სოფელ წიწამურის მიმდებარედ, თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი, რომლის საშუალებითაც თბილისისა და მცხეთის მიმართულებით სასმელი წყლის ტრანსპორტირება ხდება, ავარიულად დაზიანდა, რის შედეგადაც თბილისისა და მცხეთის 100 000-ზე მეტ აბონენტს წყალმომარაგება შეუწყდა. ავარიული დაზიანების გამო თბილისის აბონენტები წყალს გრაფიკით იღებენ, მათ შორის 63 351 აბონენტს წყალი დღეში მხოლოდ 2-4 საათით მიეწოდება.

კომპანიის თქმით, მისგან დამოუკიდებლად, მესამე პირების მიერ, დროთა განმავლობაში ხდებოდა აღნიშნული ტერიტორიის ნაყარი მასალით შევსება, რამაც წარმოქმნა დიდი ზომის გეოლოგიურად არასტაბილური მიწის ფერდობი. „ხელოვნურად ნაყარი მიწის მასა დიდ ფართობზეა გაშლილი, არის მეწყერული და ნებისმიერი მანიპულაციის დროს იწყებს ჩამოშლას. შესაბამისად, რთულდება როგორც ცოცხალი ძალით, ასევე ტექნიკით მუშაობა“, – ნათქვამია GWP-ს განცხადებაში.

გაუგებარია, როგორ დარჩა წლების განმავლობაში ასეთი მასშტაბური დაზიანება შეუმჩნეველი ქალაქის ოფიციალური პირებისთვის.

GWP-ს ინფორმაციით, მესამე მხარის მიერ დიდი ოდენობით დაყრილი მასალის ზეწოლამ გამოიწვია კომპანიის ცენტრალური წყალსადენის რამდენიმე მონაკვეთის დეფორმირება და გადაბმის ადგილების ერთმანეთისგან დაშორება. კომპანია აღნიშნავს, რომ ურთულესი ტექნიკური დაზიანების აღმოსაფხვრელად აუცილებელია შემოვლითი ქსელის მოწყობა. ამასთან, მილსადენის დაზიანების აღსადგენად ურთულესი ტექნიკური სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია ხელოვნური გრუნტის საფარის მოხსნა, მეწყრული ფერდობის დატერასება და დაზიანებული ქსელის ლოკალურად შეკეთება.

თბილისის მერიის კრიტიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ლილე ლიპარტელიანმა სოციალურ ქსელში გაავრცელა დოკუმენტები თბილისის მერიის მიერ ბოლო ორი წლის განმავლობაში თბილისის წყლის რეზერვუარების გაყიდვის თაობაზე, რაც, მისი თქმით, გახდა მიზეზი იმისა, რომ წყალმომარაგება შეწყდა, ნაცვლად იმისა, რომ  ხალხის მოსამარაგებლად ალტერნატიული წყაროები გამოეყენებინათ.

ლიპარტელიანის თქმით, 2008 წელს შპს “ ჯორჯიან გლობალ იუთილითიზმა” შეისყიდა შპს “რუსთავწყალკანალის”, შპს “საქწყალკანალის”, შპს “მცხეთაწყალკანალის”  და შპს “თბილისის წყლის” 100% წილი.  ნასყიდობის სანაცვლოდ შპს “ჯორჯიან გლობალ იუთილითიზმა” ხელშეკრულებით აიღო 220 მილიონი აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში ინვესტიციის ჩადების ვალდებულება, კერძოდ, თბილისის (მათ შორის შემოერთებულ სოფლებში) და მცხეთის უწყვეტად 24 საათის განმავლობაში, წყლით მომარაგების; თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში  კანალიზაციის  მტკვარში ჩადინების აღმოფხვრის, გარდაბნის საკანალიზაციო სისტემის განახლების და მოდერნიზაციის და ა. შ.

2019 წელს, შპს „ჯორჯიან გლობალ იუთილითიზ“-ის ვალდებულებები შესრულებულად ჩაითვალა, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ვალდებულება დღესაც არ არის შესრულებული და 2008 წელს დადებული ხელშეკრულების შეწყვეტას ხელს მოაწერეს ეკონომიკის მაშინდელმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ, სახელმწიფო ქონების სააგენტოს დირექტორმა გიორგი დუგლაძემ, თბილისის მერმა კახა კალაძემ და „ჯორჯიან გლობალ იუთილითიზის“ ერთ-ერთმა დირექტორმა, ავთანდილ ნამიჩეიშვილმა.

კონტრაქტის შეწყვეტის შემდეგ, GWP-ს ქონება გასხვისდა, მათ შორის:

„ხელშეკრულების შეწყვეტით, სახელმწიფომ და ადგილობრივმა თვითმმართველობამ დაკარგა ზედამხედველობის ბერკეტი, შედეგი სახეზეა: თბილისს და მცხეთას ორი დღეა წყალი არ მიეწოდება, მაგრამ პასუხისმგებელი არავინაა“, – დასძენს ლიპარტელიანი.

თბილისის მერის შეხვედრა GWP-ს ხელმძღვანელობასთან

თბილისის მერი კახა კალაძე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ (GWP)  გენერალურ დირექტორს  ხოსე მიგელ სანტოს გონსალესს და აქტივების მართვის დირექტორს გიგა ნადირაძეს შეხვდა.

„მნიშვნელოვანია, დედაქალაქში სწრაფად აღდგეს წყალმომარაგება, იქამდე კი მოსახლეობას უნდა ჰქონდეს მეტი ინფორმაცია წყლის მიწოდების გრაფიკზე. მუნიციპალიტეტი მზადაა, დავეხმაროთ GWP-ის, ტექნიკა იქნება თუ სხვა რამ, რათა თბილისის მოსახლეობას რაც შეიძლება სწრაფად აღუდგეს წყლის მიწოდება“, – მიმართა კახა კალაძემ კომპანიის წარმომადგენლებს.

შეხვედრაზე GWP-ის წარმომადგენლებმა დედაქალაქის მერს დეტალური ინფორმაცია მოაწოდეს  თბილისში შექმნილი წყალმომარაგების პრობლემების გადასაჭრელად მიმდინარე  სამუშაოებზე. კომპანიის გენერალური დირექტორის განცხადებით, დაზიანებული მაგისტრალის აღდგენის სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში ხორციელდება და  უკვე არსებული გეგმის თანახმად, არაუგვიანეს ერთ კვირაში დასრულდება. მისივე თქმით, აბობენტებისთვის დაწესებულია წყლის მიწოდების სპეციალური რეჟიმი და უკვე მობილიზებულია საკმარისი რაოდენობის ავტოცისტერნები, რომლის მეშვეობითაც მოსახლეობა სასმელი წყლით მომარაგდება.

Exit mobile version