ოპოზიციურმა პარტიებმა ქართულ ქარტიას ხელი მოაწერეს

პოლიტიკური კრიზისის მოგვარებისა და ევროკავშირში ინტეგრაციის მიზნით საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ 26 მაისს დაანონსებულ „ქართულ ქარტიას“ ოპოზიციურმა პარტიებმა 3 ივნისს ხელი მოაწერეს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დოკუმენტს ხელი უკვე მოაწერეს შემდეგმა პარტიებმა: სამართლიანობისთვის, მწვანეთა პარტია, გირჩი – მეტი თავისუფლება და დროა, ევროპელი დემოკრატები, სტრატეგია აღმაშენებელი, ევროპული საქართველო, რესპუბლიკური პარტია, ანა დოლიძე ხალხისთვის, ახალი, ლელო საქართველოსთვის, მოქალაქეები, თავისუფლება – ზვიად გამსახურდიას გზა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, სამართალი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, სახელმწიფო ხალხისთვის, ასევე ოპოზიციონერმა დეპუტატებმა: ხატია დეკანოიძემ, ნატო ჩხეიძემ, არმაზ ახვლედიანმა, როსტომ ჩხეიძემ, თამარ კორძაიამ.

დღევანდელ ბრიფინგზე ოპოზიციურმა პარტიამ „საქართველოსთვის“ განაცხადა, რომ მხარს უჭერს ქარტიით გათვალისწინებული რეფორმების ნაწილს, თუმცა დასძინა, რომ დოკუმენტს ხელს არ მოაწერს, ვინაიდან არ ეთანხმება ტექნიკური მთავრობის ფორმირებისა და 2025 წელს რიგგარეშე არჩევნების ჩატარების იდეას, რადგან, დეპუტატ ბექა ლილუაშვილის თქმით, „ამ საკითხზე მსჯელობა პოლიტიკურ და სამართლებრივ ჩიხამდე მიდის“.

მანამდე, დოკუმენტის ხელმოწერაზე უარი თქვა პარტია „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ. მიუხედავად იმისა, რომ ხვიჩიამ გამოხატა თავისი პარტიის მზადყოფნა მონაწილეობა მიიღოს დისკუსიებში, მან განაცხადა, რომ „ამ ეტაპზე დოკუმენტს ჩვენი ხელმოწერა არ ექნება“.

ქარტიის ხელმომწერი პარტიები, 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე გამარჯვების შემთხვევაში, იღებენ ვალდებულებას, რომ საგაზაფხულო სესიის დროს შეასრულონ ქარტიის ამოცანები და 2025 წლის შემოდგომისთვის ვადამდელი არჩევნები დანიშნონ, ამასთანავე შექმნან გარემო თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის. ტექნიკურ, უპარტიო მთავრობას პრეზიდენტი წარმოადგენს.

განახლება: პრეზიდენტის სასახლეში შეკრებილი ოპოზიციისადმი მიმართვისას პრეზიდენტმა არჩევნებისთვის მობილიზაციისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ გამარჯვება საქართველოს ქარტიის განხორციელების ერთადერთი გზაა. მან პირობა დადო, რომ მკაცრად დააკვირდება ქარტიის პრინციპების დაცვას.

“ცხადია, ეს მობილიზაცია, პირველ რიგში, აქაურ საზოგადოებას ეხება, მაგრამ ეხება დიასპორასაც, რომელიც ყოველთვის აქამდე ძალიან ინერტული იყო. მას არც არავინ უწყობდა ხელს, რომ უფრო აქტიურად ჩართულიყო არჩევნებში და გასაგებიცაა. როცა არჩევნები ეხება იმას, თუ რომელი პოლიტიკური პარტია გირჩევია, ამაში ნაკლებად ჩართულია უცხოეთში მცხოვრები ქართველი. დღეს სულ სხვა რამ წყდება მათთვისაც,  წყდება ამ ქვეყნის მომავალი და რაც არ უნდა შორს იყო (და ეს მე კარგად ვიცი), ან რაც არ უნდა დიდხანს იყო, შენ შენი ქვეყნის ბედი გაინტერესებს და გაინტერესებს, რომ შენი ქვეყანა არ ჩაუვარდეს ოკუპანტს ხელში”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტმა შეშფოთება გამოხატა „ქართული ოცნების“ მიერ სადავო კანონის მიღებისა და „აგრესიული, ანტიევროპული და ანტიდასავლური რიტორიკის“ გამოყენების გამო. ამ კონტექსტში პრეზიდენტმა ამომრჩევლებს ასევე შეახსენა, რომ მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხალხს მოატყუა, როდესაც შარშან თქვა, რომ უცხოელი აგენტების შესახებ კანონი ხელახლა არ იქნებოდა ინიცირებული. მან აღნიშნა, რომ ახლა მკაფიო არჩევანია გასაკეთებელი ევროპასა და საოკუპაციო ძალას შორის.

სხვა საკითხებთან ერთად, პრეზიდენტმა დადებითად შეაფასა აქციის მონაწილე ახალგაზრდების როლი და უიმედობის წინააღმდეგ ისაუბრა.

Exit mobile version