საფრანგეთში საქართველოს გადამდგარი ელჩი ხელისუფლებას „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს

ფრანგულ გამოცემა Le Monde-თან ინტერვიუში საქართველოს გადამდგარმა ელჩმა საფრანგეთსა და მონაკოში, გოჩა ჯავახიშვილმა ხელისუფლებას „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდა.

ჯავახიშვილმა განაცხადა, რომ გადადგომის შესახებ მისი გადაწყვეტილება „ღირსების“ საკითხია და რომ ის ვეღარ გაატარებდა ქვეყნის ევროპულ გზავნილს „აგენტების“ კანონის ხელახალი ინიცირების ფონზე. მან ასევე განაცხადა, რომ არ გამორიცხავს, რომ მის მაგალითს სხვა დიპლომატებმაც მიბაძონ და თანამდებობები დატოვონ. მისი თქმით, შეუძლებელია იმ პროცესების ატანა, რომლებიც კანონპროექტის ხელახალი ინიცირების შემდეგ განვითარდა, მათ შორის ბრიუსელის მხრიდან მკაცრი კრიტიკის ზრდა და საქართველოს ხელისუფლების მიმართ მოსკოვის ქება.

„გადადგომა პრინციპისა და ღირსების საკითხი იყო“

გადადგომის მოტივებზე საუბრისას, ჯავახიშვილმა განაცხადა, რომ „ეს იყო პრინციპისა და ღირსების საკითხი“. აღნიშნა რა, რომ მას არ სურს შიდა პოლიტიკურ დებატებში ჩართვა და არ ცდილობს „ოპოზიციასთან ქულების დაწერას“, და რომ როგორც საჯარო მოხელე „არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ ანიჭებს უპირატესობას“, ყოფილმა ელჩმა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების „დინამიზმი“ დადებითად შეაფასა და არ დაეთანხმა მათი „უცხოელ აგენტებად“ მოხსენიების გეგმებს.

ყოფილმა ელჩმა განაცხადა, რომ ამ კანონპროექტთან დაკავშირებით უთანხმოება 2023 წელს უკვე გამოთქვა, როდესაც ის პირველად იქნა ინიცირებული საქართველოს პარლამენტში. 2024 წელს მისი ხელახალი ინიცირების შემდეგ შექმნილმა ვითარებამ, მისი თქმით, „აღარ მომცა საშუალება გამეტარებინა ჩემი ქვეყნის ევროპული გზავნილი“. „შემეშინდა თვალთმაქცად გამოჩენის და ამიტომ ვერ წარმომედგინა, რომ შევძლევდი ჩემი მოვალეობების გაგრძელებას“, – დასძინა მან.

ჯავახიშვილის თქმით, მან გადადგომის შესახებ განცხადება საგარეო საქმეთა სამინისტროს 17 აპრილს გადასცა, როდესაც პარლამენტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო.

გადადგებიან თუ არა სხვა დიპლომატები?

მართალია ყოფილმა ელჩმა განაცხადა, რომ თანამდებობიდან გადადგომის საკითხზე კოლეგებთან არ უმსჯელია, მან აღნიშნა, რომ მიაჩნია, რომ მათი უმეტესობა „ღრმად პროევროპელია“. მან არ გამორიცხა, რომ მისმა მაგალითმა შესაძლოა სხვებიც წაახალისოს გადადგომისკენ, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ ეს მისი გადადგომის განზრახვა არ ყოფილა.

„ყველა საკუთარი სინდისის მიხედვით მიიღებს გადადგომას გადაწყვეტილებას“, – დასძინა მან.

რატომ დააინიცირა „ქართულმა ოცნებამ“ სადავო კანონპროექტი ხელახლა?

მმართველი პარტიის გადაწყვეტილება „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის ხელახლა ინიცირების თაობაზე გაუგებარია ჯავახიშვილისთვის, რომელიც მიიჩნევს, რომ ამის გარეშე „ქართულ ოცნებას“ „არავითარი პრობლემა არ ექნებოდა მოეგო“ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები, როგორც ის თვლის, „დაქსაქსული ოპოზიციის“ პირისპირ. თუმცა, მას ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო გაუგებრად მიაჩნია ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ საქართველოს მისწრაფებების გათვალისწინებით.

„დღეს ჩვენი ევროპელი მეგობრები გვაკრიტიკებენ, მოსკოვი კი გვაქებს. ეს ჩემთვის აუტანელია“, – განაცხადა მან და დასძინა: „ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება ვიმეგობროთ ქვეყანასთან, რომელსაც ჩვენი ტერიტორიის 20% ოკუპირებული აქვს“.

თუმცა, მისი თქმით, იგი არ თვლის, რომ მთავრობა პრორუსულია „იმ დონემდე, რომ ქვეყნის სუვერენიტეტი რუსეთს ჩააბაროს“. ყოფილმა ელჩმა განაცხადა: „ეს არის სტრატეგიული წინდახედულობა, რომელიც მიზნად ისახავს, მთავრობის აზრით, მშვიდობისა და ჩვენი ისედაც სუსტი ეკონომიკის დაცვას“. თუმცა, ჯავახიშვილს არ მიაჩნია, რომ ასეთი პოლიტიკის არჩევა ღირდა.

გოჩა ჯავახიშვილის გადაწყვეტილებას საფრანგეთსა და მონაკოში საქართველოს ელჩის თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილისა და კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის მწვავე განცხადებები მოყვა, რომლებმაც ჯავახიშვილის გადაწყვეტილება „შეურაცხყოფად“ შეაფასეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version