საგარეო საქმეთა და კულტურის მინისტრები გადადგომის შესახებ საფრანგეთში საქართველოს ელჩის განცხადებას აკრიტიკებენ

„უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის ხელახლა ინიცირების გამო საფრანგეთში საქართველოს ელჩის, გოჩა ჯავახიშვილის გადაწყვეტილებას გადადგომის თაობაზე 10 მაისს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი განცხადებებით გამოეხმაურნენ.

ყოფილი ელჩის გადადგომის განცხადებას ორივე მინისტრი „შეურაცხყოფად“ აფასებს. საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ელჩმა შეურაცხყოფა მიაყენა სახელმწიფოს, საგარეო საქმეთა სამინისტროს და „თითოეულ ღირსეულ დიპლომატს, რომელიც ერთგულად ემსახურება ქართული სახელმწიფოს ინტერესებს“.

დარჩიაშვილი წერს, რომ როგორც ყოფილმა ელჩმა ერთ-ერთ წამყვან ევროპულ სახელმწიფოში, ჯავახიშვილმა „ყველაზე კარგად უნდა უწყოდეს, რა ძალისხმევა გავწიეთ ამ პერიოდში საქართველოს ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად“. მისი თქმით, „ეს ქვეყანა აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის ღირსეული და სრულუფლებიანი წევრი. გოჩა ჯავახიშვილმა კი, სამწუხაროდ, ამ საქმეში მონაწილეობის შანსი საკუთარი გადაწყვეტილებით გაუშვა ხელიდან“.

კულტურის მინისტრმა უფრო მკაცრი განცხადება გამოაქვეყნა, სადაც დაგმო ყოფილი ელჩის გადაწყვეტილება და იგი „პრიმიტიულ ევროპეიზმში“ დაადანაშაულა.

„საინტერესო ჩემთვის ისაა, რომ მას და მის მსგავსად მოაზროვნე ადამიანებს ჰგონიათ, რომ ისინი ყველაზე მეტად ევროპელები არიან, უფრო მეტიც – ისინი თავად არიან ევროპა ან ევროპაზე ფეხმძიმედ და, რაც მთავარია, იმდენი იცხოვრეს ევროპაში („ცუდი“ მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე და საკუთარი ხალხის ხარჯზე), რომ ევროპული ღირებულებების მატარებელნი კი არ გახდნენ მხოლოდ, არამედ ამ ღირებულებებმა სისხლთან ერთად დაიწყო მათ ვენებში ჩქეფა. აჩქეფდა, ადგაფუნდა და გარდაიქცა იმ ცისფერ სითხედ, რომლის პრიმატსაც წარსულში სხვებიც ქადაგებდნენ“, – აცხადებს კულტურის მინისტრი. 

„ჩვენ ვხედავთ, რომ მრავალ საფრთხეს ერთდროულად მოუცლია საქართველოსთვის და ეს საფრთხეები ყველა (!) მხრიდან მომდინარეობს. თქვენ კი ცხოვრობთ მავნებლურ ილუზიაში და ამტკიცებთ, რომ ზოგ საფრთხეზე სახელმწიფომ თვალი უნდა დახუჭოს და… ამ ელჩივით მოიქცეს. რადგან შეგვაქებენ. ეს ჩვენი არჩევანი არ არის. ჩვენი გზა უფრო რთულია. ამ რთულ გზაზე სიარული დამღლელია ზოგიერთისთვის“, – წერს თეა წულუკიანი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version