პრეზიდენტის ინტერვიუ France 24-თან: გზავნილების სიცხადე არის ის, რაც ჩვენ გვჭირდება

1 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა France 24-ს მისცა ინტერვიუ, სადაც „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის გარშემო განვითარებული მოვლენები, საქართველოს განაცხადი ევროკავშირში, ხელისუფლების ანტი-დასავლური რიტორიკა და სხვა საკითხები განიხილა.

როდესაც სთხოვეს საკუთარი პოზიცია გამოეხატა სადავო კანონპროექტთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა განაცხადა: „ვფიქრობ, ჩვენ სადავო კანონის მიღმა ვიმყოფებით“. მისი თქმით, ეს არის რუსეთის კანონის „ასლი“, რომელიც პრეზიდენტ პუტინის დროს იქნა მიღებული და რომელიც ბოლო წლებში „სამოქალაქო საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციების ჩახშობისთვის“ გამოიყენეს.  კანონპროექტის ხელახლა ინიცირებას პრეზიდენტმა სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ „პროვოკაცია“ უწოდა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ კანონპროექტი საქართველოს მოსახლეობასა და სამოქალაქო ორგანიზაციების მიერ „კრიტიკული ხმების რეალურად ჩახშობის მცდელობად“ აღიქმება.

თუმცა, პრეზიდენის თქმით, დღეს ყველაზე დიდი საზრუნავი არა რუსული კანონი, არამედ რუსეთის მთავრობაა, რადგან „განცხადებები, რომელიც ორი დღის წინ მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარისგან, ბატონი ივანიშვილისგან მოვისმინეთ, იყო ომის გამოცხადება ჩვენი პარტნიორების, შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის წინააღმდეგ“.

მან გაიხსენა, რომ „ქართული ოცნების“ ოფიციალური პირები აშშ-ს და ევროკავშირს გლობალური ომის პარტიას უწოდებენ, „ყველას აგენტებს უწოდებენ, მე გლობალური ომის პარტიის აგენტს მეძახიან, ასევე „რევოლუციისა და დივერსიის“ აგენტებს უწოდებენ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს და ყველა პარტიას საქართველოში, ისევე როგორც ქუჩაში მყოფ ახალგაზრდებს“. პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ეს ის ტერმინებია“, რომლებსაც პრეზიდენტი პუტინი საკუთარი სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ იყენებს.

კითხვაზე, რა მოხდება, თუ კანონპროექტს მესამე მოსმენით მიიღებენ და შესაძლებელია თუ არა, რომ ძალადობა გაუარესდეს და არის თუ არა საქართველო არასტაბილურობის ზღვარზე, სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ ის ასე არ თვლის. მისი თქმით, ახალგაზრდებს, რომლებიც ქუჩაში გამოდიან „თავიანთი ევროპული მომავლის დასაცავად“, „ძალიან კარგად ესმით ის ფაქტი, რომ ქვეყანა, რომელსაც აქვს რუსეთის მიერ ოკუპირებული ორი ტერიტორია, ვერ დაუშვებს არასტაბილურობას. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ დემონსტრანტები „ძალიან მშვიდობიან საპროტესტო აქციას მართავენ“ და რომ „პროვოკაცია პოლიციისა და სპეცრაზმის მხრიდან მოდის“. მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ თავშეკავებას  გამოიჩენენ, „რადგან არჩევნებამდე გზა დიდია“.

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არჩევნები „ამ რუსული კანონის“ და ბოლო თვეებში მიღებული „ბევრი სხვა კანონის“ დასასრულის მაუწყებელია.

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ მიზანი ძალიან ნათელია: „ეს არის საქართველოს ევროპულ მომავალთან შესაბამისობაში დარჩენა, რაც საქართველოს კონსტიტუციაშიც წერია, რომ ევროინტეგრაცია არის საქართველოს ყველა ინსტიტუტის ვალდებულება, რომ იმუშაონ ამ მიმართულებით“. „და ეს არის ის, რაც საქართველოს მოსახლეობას ძალიან კარგად ესმის და ძალიან კარგადაც აპირებს ამის დაცვას“, – დასძინა მან.

კითხვაზე ფიქრობს თუ არა ის, რომ  რუსეთი იმ მდგომარეობაშია, რომ როგორმე გამოიყენოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „რუსეთი ხედავს, რომ საქართველოს ევროპული გზა რაღაც ძალიან რეალურია“ და რომ სომხეთი „იგივე გზას ადგას“ და რომ აზერბაიჯანი „მიდრეკილია თურქეთთან პარტნიორობისაკენ“ და ამით „კავკასია და შავი ზღვა გამოდის რუსეთის გავლენიდან“. სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ, მისი აზრით,  რომ „ეს არის რუსეთის მცდელობა გამოიყენოს ქართული ოცნება და „მისი საპატიო თავმჯდომარე“ [ბიძინა ივანიშვილი], რადგან საქართველოს ევროპული მომავალი ძალიან რეალური გახდა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს მიუღებელია რუსეთის იმპერიალიზმის ორ საუკუნეზე მეტი გამოცდილების მქონე ქვეყნისთვის.

კითხვაზე ცდილობს თუ არა „ქართული ოცნება“ ქვეყანას მოსკოვისკენ უბიძგოს, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მართლაც იყო კითხვის ნიშნები იმის შესახებ, თუ რატომ არ იღებს „ქართული ოცნება“ უფრო მკაფიო ზომებს ევროკავშირში ინტეგრაციისკენ და რატო არ ახორციელებს ევროკომისიის რეკომენდაციებს. თუმცა, მან აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილის ორი დღის წინანდელი გამოსვლა იყო „ანტიდასავლური, ანტიევროპული დეკლარაცია“. ეს მიუღებელია ქართველი ხალხისთვის, დასძინა მან.

კითხვაზე, რისი გაკეთება შეუძლია ევროკავშირს დასახმარებლად, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ იგი ევროკავშირისგან „ძალიან მკაფიო ყურადღებას“ მოელის. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მთელ მსოფლიოში ბევრი გლობალური კრიზისია და საქართველო სულაც არ არის ყურადღების ცენტრში, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, რომელიც გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების ზღვარზე იმყოფება, „ჩვენ გვჭირდება სიცხადე ევროკავშირისგან, რომ მათ ესმით, რომ მოსახლეობას სურს ევროკავშირი“ და რომ „დღეს მმართველი ძალები არ აკეთებენ ყველაფერს, რაც ამისთვის საჭიროა“.

„გზავნილების სიცხადე არის ის, რაც ჩვენ გვჭირდება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. „დანარჩენი ჩვენ უნდა გავაკეთოთ“.

Exit mobile version