საქსტატი: 2023 წელს საქართველოდან ემიგრაცია 95.6%-ით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) მიერ 26 აპრილს გამოქვეყნებული მონაცემებით, 2024 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობა 3 694,6 ათასი ადამიანია, რაც წინა წელთან შედარებით 1.1%-ით ნაკლებია. აღსანიშნავია, რომ 2023 წელს დაფიქსირდა უარყოფითი ბუნებრივი მატება (-2 542) და უარყოფითი მიგრაციული სალდო (-39 207).

2023 წელს საქართველოდან ემიგრაცია წინა წელთან შედარებით 95.6%-ით გაიზარდა. ქვეყანა 245 064-მა ადამიანმა დატოვა. იმავდროულად, იმიგრაცია 14.5%-ით, 205 857 ადამიანამდე გაიზარდა. იმიგრანტების უმრავლესობა (75.9%) და ემიგრანტები (62.2%) შრომისუნარიან ასაკში იყვნენ (15-64 წლის). აღსანიშნავია, რომ იმიგრანტების 44.6% და ემიგრანტების 66.7% საქართველოს მოქალაქეები იყვნენ. დარჩენილი იმიგრანტების უმრავლესობა რუსეთის ფედერაციის, თურქეთის, უკრაინის, ინდოეთის და ბელარუსის მოქალაქეები იყვნენ.

საქართველოს მოსახლეობის 48% კაცი, ხოლო 52% – ქალია. სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობის მაჩვენებელი 92-ს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ 100 ქალზე 92 კაცი მოდის. წინა წელთან შედარებით, 2023 წელს სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 1.3 ერთეულით გაიზარდა და 75 წელი შეადგინა, მათ შორის კაცებისათვის – 70.6 წელი, ხოლო ქალებისათვის – 79.4 წელი.

2024 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, 0-14 წლის მოსახლეობის წილი მთელ მოსახლეობაში 19.5%-ს შეადგენს, შრომისუნარიან ასაკში მყოფი მოსახლეობის წილი (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) – 64.3%-ს, ხოლო 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი − 16.2%-ს.

2024 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის 61% ცხოვრობს საქალაქო დასახლებებში. ამასთან, ქ. თბილისის მოსახლეობა მთლიანი მოსახლეობის მესამედზე მეტს შეადგენს. მოსახლეობის დაყოფა რეგიონების მიხედვით ასე გამოიყურება: იმერეთი – 442 000; ქვემო ქართლი – 436 000 აჭარა – 363 000; კახეთი – 300 000; სამეგრელო-ზემო სვანეთი – 288 000; შიდა ქართლი – 244 000; სამცხე-ჯავახეთი – 142 000; გურია – 102 000; მცხეთა-მთიანეთი – 93 000; რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 26 000.

2019 წლის აღწერის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობა 3.72 მილიონს შეადგენდა. კიდევ უფრო წინა, 2014 წელს ჩატარებული საყოველთაო აღწერის მიხედვით, მოსახლეობის მთლიანი რაოდენობა 3.7 მლნ იყო. 2002 წელს ჩატარებული აღწერის თანახმად, მოსახლეობის რაოდენობა 4.4 მლნ-ს შეადგენდა, რაც 1989 წელს ჩატარებული აღწერის მაჩვენებელზე ერთი მლნ-ით ნაკლებია.

*მოცემული მაჩვენებელი ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მოსახლეობას არ მოიცავს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version