ევროპის მასშტაბით წიგნების ქურდობისთვის საქართველოში ოთხი პირი დააკავეს

საქართველოს პროკურატურამ 25 აპრილს განაცხადა, რომ ევროკავშირის ქვეყნებში არსებული ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნების, მათ შორის პარიზის ეროვნული ბიბლიოთეკიდან მოპარული მე-19 საუკუნეში გამოცემული, ფრანგულენოვანი წიგნის ქურდობის ფაქტებთან დაკავშირებით საქართველოში ოთხი პირია დაკავებული. გამოძიება გრძელდება დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართული სხვა პირების მხილების და გამოვლენის მიზნით.

ევროჯასტის მხარდაჭერით შექმნილი საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის ფარგლებში,  შვეიცარიის, საფრანგეთის და ლიეტუვის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების, საქართველოს პროკურატურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე საგამოძიებო მოქმედებები ათეულობით ლოკაციაზე ჩაატარეს.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2022 წლის დასაწყისიდან საქართველოს მოქალაქეებმა შექმნეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი და განიზრახეს ევროპის მასშტაბით, შემდგომი რეალიზაციის მიზნით ფარულად დაუფლებოდნენ მე-19 საუკუნის სხვადასხვა ავტორების ძვირადღირებულ წიგნებს. „წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმის თანახმად, ორგანიზებული ჯგუფის წევრებს საფრანგეთის, გერმანიის, ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთის, შვეიცარიის, პოლონეთის და ჩეხეთის ეროვნულ და საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკებში წასაკითხად უნდა აეღოთ მე-19 საუკუნის კლასიკოსი მწერლების წიგნები, რასაც ფარულად დაეუფლებოდნენ და მათ – ორიგინალი წიგნების მაღალი ხარისხის ასლებით ჩაანაცვლებდნენ“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ “ ქვეპუნქტებით (ქურდობა, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ და დიდი ოდენობით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქართველოს პროკურატურა მადლობას უხდის ღონისძიებაში მონაწილე სამართალდამცველ სტრუქტურებს და ხაზს უსვამს, რომ „ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს პროკურატურისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და პროკურატურა კიდევ ერთხელ გამოთქვამს მზადყოფნას ამ მიმართულებით სამომავლო საერთაშორისო ეფექტიანი თანამშრომლობისთვის“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version