სასამართლოს გუშაგი: იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეთა დანამატებისთვის 1.3 მლნ ლარი გამოყო

„საქართველოს სასამართლოს გუშაგმა“ 22 აპრილს განაცხადა, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 17 აპრილის სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება მოსამართლეთათვის დანამატების განსაზღვრის შესახებ, რომლის თანახმადაც მიმდინარე წლის აპრილში პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოს ყველა მოსამართლე, მოქმედ ყოველთვიურ დანამატთან ერთად, დანამატის სახით მიიღებს თანამდებობრივი სარგოს 100%-ს. საერთო ჯამში დანამატებისთვის 1.3 მილიონი ლარი დაიხარჯება.

„სასამართლოს გუშაგი“ აცხადებს, რომ მოსამართლეთა შრომის ანაზღაურება შედგება თანამდებობრივი სარგოსა და დანამატისგან. კერძოდ, მოსამართლეთა თანამდებობრივ სარგოს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 69-ე მუხლი განსაზღვრავს, ხოლო დანამატებს – იუსტიციის უმაღლესი საბჭო. „აღსანიშნავია, რომ დანამატების ოდენობა ან მისი განმსაზღვრელი კრიტერიუმები კანონით ან სხვა ნორმატიული აქტით დადგენილი არ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს შეუძლია, ნებისმიერი ოდენობის დანამატი გასცეს მოსამართლეებზე“, – აცხადებს ორგანიზაცია.

მისი თქმით, „მოსამართლეთა შრომის ანაზღაურების წესის გაუმჭვირვალობა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ფართო დისკრეციას ანიჭებს, რაც, თავის მხრივ, მოსამართლეზე გავლენის მოხდენის რისკს ზრდის“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version