ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ზურა ნიჟარაძეს სასამართლომ საპროცესო შეთანხმება გაუფორმა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 28 დეკემბერს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ზურა ნიჟარაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმა. პროკურატურა ნიჟარაძეს კლუბური ნარკოტიკების MDMA-ს, LSD-ს და კეტამინის ფლობას ედავებოდა.

ნიჟარაძის ადვოკატმა „სამოქალაქო საქართველოს“ დაუდასტურა, რომ საპროცესო შეთანხმების მიხედვით, ნიჟარაძე ციხეში 1 წელს გაატარებს, ხოლო 3 წელი პირობით სასჯელს მოიხდის.

26 წლის ზურა ნიჟარაძე 11 ნოემბერს რამდენიმე სახის კლუბური ნარკოტიკების შენახვისთვის დააკავეს. მას 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით, რაც ითვალისწინებს სასჯელს „განსაკუთრებით დიდი ოდენობით“ ნარკოტიკული საშუალებების ფლობისთვის.

ნიჟარაძის დაკავებას სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკოსების მხრიდან რეაგირება მოყვა, რომლებიც სახელმწიფოს ნარკოპოლიტიკას ზედმეტი სიმკაცრის გამო აკრიტიკებდნენ.

Exit mobile version