საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებას საერთაშორისო გამოხმაურება მოყვა

ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ საერთაშორისო გამოხმაურება მოყვა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა Twitter-ზე დაწერა, რომ მისალოცად დაურეკა მოლდოვისა და უკრაინის პრეზიდენტებსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს. მან აღიარა ევროპის საბჭოს მიერ მიღებული ისტორიული გადაწყვეტილება და ხაზი გაუსვა, რომ ამ ქვეყნების მომავალი ევროკავშირის ოჯახშია.

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ საქართველოს ხალხს Twitter-ზე მიულოცა და გადაწყვეტილების ისტორიული მნიშვნელობა აღიარა როგორც ქვეყნისთვის, ასევე ევროკავშირისთვის. „ჩვენ მოვისმინეთ თქვენი და თქვენი ევროპული მისწრაფებები და დღეს საქართველო ამაყობს იმით, რომ მიენიჭა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი“, – განაცხადა მან.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებისა და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება „სტრატეგიული გადაწყვეტილებაა და დღე, რომელიც დარჩება ჩვენი კავშირის ისტორიაში“.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ისტორიული ნაბიჯია. „ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება ადასტურებს ჩვენი პარტნიორების ერთგულებას ჩვენი საერთო ღირებულებებისა და ევროკავშირის რეფორმების მიმართ”.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ ვიდეო გაავრცელა, სადაც ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი და საქართველოში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩები სათითაოდ ულოცავენ საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებას თავიანთ მშობლიურ ენაზე.

ხავიერ კოლომინამ, ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილემ და სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, საქართველოს ხალხს და ხელისუფლებას მიულოცა და ხაზი გაუსვა ნატოს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქართველ ხალხს და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიულოცა: „საქართველო ჩვენს საერთო ევროპულ ოჯახს ეკუთვნის“.

მოლდოვას პრეზიდენტმა მაია სანდუმ საქართველოსა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიულოცა და განაცხადა: „მოლდოვა თქვენ გვერდით დგას ამ გზაზე, რადგან ერთად ვქმნით უფრო ძლიერ, უფრო გაერთიანებულ ევროპას“.

ისრაელის ელჩმა საქართველოში ჰადას მეიცადმა მიულოცა საქართველოს და აღნიშნა: „ხანუქას შესაბამისი დასასრული და ახალი წლის მისალმების შესანიშნავი საშუალება“.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრიი იერმაკმა საქართველოს Twitter-ზე ქართულ ენაზე მიულოცა.

ევროპარლამენტის წევრმა ვიოლა ფონ კრამონმა ქართველ ხალხს მიულოცა და აღიარა მათი ერთგულება დემოკრატიის მიმართ, თუმცა იქვე ხაზი გაუსვა, რომ მეტის მიღწევაა საჭირო. მან იმედი გამოთქვა, რომ იხილავს საქართველოს ევროკავშირში, „სადაც თქვენი ადგილია“.

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი მიესალმა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას და ევროპის საბჭოს მზადყოფნა გამოხატა, რომ მხარი დაუჭიროს უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.

აშშ-ის ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა ვიდეო გაავრცელა, სადაც საქართველოს მოსახლეობას მიღწეული წარმატება მიულოცა. მისი თქმით,  შეერთებული შტატები მხარს უჭერდა და კვლავაც გააგრძელებს ქართველების მხარდაჭერას მათ ევროპულ გზაზე. „გილოცავთ ყველა ქართველს, დღეს მართლაც ისტორიული დღეა. შეერთებული შტატები აღტაცებით აღნიშნავს საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას. ჩვენ ასევე ვაფასებთ ევროკავშირს და მის წევრ ქვეყნებს ევროპული ოჯახის გაფართოებისადმი ერთგულებისთვის. როგორც თქვენ აღნიშნავთ ქართველობას და, მაშასადამე,  ევროპელობას, შეერთებული შტატები თქვენთან ერთად აღნიშნავს ამას და ვამაყობთ, რომ მხარს ვუჭერდით საქართველოს ამ გზაზე და ასეც გავაგრძელებთ“, – განაცხადა ელჩმა და ქართველებს წარმატება ქართულ ენაზე მიულოცა.

აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა უკრაინას, მოლდოვას, საქართველოსა და ბოსნია და ჰერცეგოვინას „თავიანთი ევროპული მისწრაფებებისკენ ისტორიული ნაბიჯი“ მიულოცა და განაცხადა, რომ აშშ „მტკიცედ უჭერს მხარს გაფართოებას და პოტენციურ კანდიდატებს მათ ევროპულ გზაზე“.

ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი მიესალმა ევროპული საბჭოს „ისტორიულ გადაწყვეტილებას“ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს შესახებ.  

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ობრაიენმა უკრაინას, მოლდოვას, საქართველოს და ბოსნია და ჰერცეგოვინას ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება მიულოცა და აღნიშნა, რომ „ეს ამაღელვებელი მომენტია ჩვენი ტრანსატლანტიკური პარტნიორობისთვის“.

მოლდოვის ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიკუ პოპესკუმ თავის ქართველ კოლეგას ილია დარჩიაშვილს და ქვეყანას კანდიდატის სტატუსის მიღება მიულოცა და განაცხადა, რომ „ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიკი ევროკავშირის წევრობისკენ, რაც უფრო ძლიერი რეგიონისა და უფრო ძლიერი ევროპის განვითარებას შეუწყობს ხელს“.

მასალა განახლდება…

Exit mobile version