საქართველოს  ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭა

ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების თაობაზე.

საბჭომ ასევე გადაწყვიტა, რომ უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებები დაიწყოს და ასევე დაიწყოს მოლაპარაკებები ბოსნია და ჰერცეგოვინასთან მას შემდეგ, რაც წევრობასთან შესაბამისობის საჭირო ხარისხი იქნება მიღწეული. ამის თაობაზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა Twitter-ზე დაწერა.

შარლ მიშელის თქმით, ეს გადაწყვეტილება „იმედის ნათელი სიგნალია მათი ხალხისა და ჩვენი კონტინენტისთვის“. მან ასევე განაცხადა, რომ ეს არის „ისტორიული დღე, რომელიც ევროკავშირის სანდოობასა და ძალას აჩვენებს“.  

ევროკავშირის წარმომადგენელმა ანონიმურობის პირობით განაცხადა, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო და სხდომა დატოვა, თუმცა გადაწყვეტილება არ დაბლოკა. 26 წევრი სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იურიდიულად სავალდებულო ხასიათისაა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version