ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები ვენაში შეიკრიბნენ

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებმა 16 ნოემბერს ვენაში ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) მუდმივ საბჭოს „საქართველოში კონფლიქტის“ შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.  თანათავმჯდომარეების მოხსენების საპასუხოდ, ევროკავშირმა, აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმა გაავრცელეს განცხადებები ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე, როგორიცაა 6 ნოემბერს სოფელ კირბალთან საქართველოს მოქალაქის მკვლელობა და კიდევ ერთი მოქალაქის გატაცება, ბორდერიზაცია და რუსეთის გეგმები ოჩამჩირეში მუდმივი საზღვაო ბაზის აშენების თაობაზე.

ევროკავშირის განცხადება

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების მიმართვის საპასუხოდ, ევროკავშირმა ეუთოს მუდმივ საბჭოზე განცხადება გაავრცელა, სადაც მოუწოდა რუსეთს მკაფიო განცხადება გააკეთოს ძალის გამოუყენებლობის შესახებ, ვინაიდან მიიჩნევს, რომ ასეთ ვალდებულებას, შემოწმების მექანიზმის შექმნასთან ერთად, დიდი მნიშვნელობა აქვს უსაფრთხოების გაძლიერებისა და ნდობის ასამაღლებლად და, ამასთანავე, გზას გაუსხნის პოლიტიკურ დიალოგს. ევროკავშირმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსგავსი განცხადება საქართველოს მხრიდან არაერთხელ გაკეთებულა.

ევროკავშირის განცხადება სინანულს გამოთქვამს იმის თაობაზე, რომ ჰუმანიტარულ საკითხებზე მე-2 სამუშაო ჯგუფში დევნილებთან და ლტოლვილებთან დაკავშირებით დისკუსიები კვლავ შეუძლებელია რუსეთის, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლების სამუშაო ჯგუფის შეხვედრებიდან გასვლის გამო.

ევროკავშირმა შეშფოთება გამოთქვა საქართველოსა და ფართო რეგიონზე კონფლიქტის გაგრძელების ზემოქმედების გამო და დაგმო რუსეთის უკანონო სამხედრო ყოფნა საქართველოში. ევროკავშირმა შეშფოთება გამოხატა რუსეთის მცდელობებთან დაკავშირებით, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ინტეგრაცია მოახდინოს, ასევე მიმდინარე „ბორდერიზაციის“ ქმედებების, გადაადგილების შეზღუდვის, საქართველოს მოქალაქეების თვითნებური დაკავებისა და აფხაზეთში მუდმივი საზღვაო ბაზის შექმნის გეგმების გამო.  

განცხადებაში ევროკავშირმა კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთს, რომ „ადამიანის უფლებათა საერთაშორისო მექანიზმებისთვის საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე დაიყონებლივი წვდომა უზრუნველყოს“ და შეშფოთება გამოხატა ადამიანის უფლებების მუდმივი დარღვევის გამო. ევროკავშირმა დაგმო რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობა და კიდევ ერთი მოქალაქის უკანონო დაკავება 6 ნოემბერს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ „აუცილებელია, რომ აღიკვეთოს მსგავსი ინციდენტები, ისევე როგორც შემდგომი ესკალაცია და დამნაშავეები დაისაჯონ”.

„ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს, როგორც კონფლიქტის მხარეს, ხელახლა აიღოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში პატივისცემის ვალდებულება და შეასრულოს ექვსპუნქტიანი შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები სრულად და დაუყონებლივ. ევროკავშირი ასევე მოუწოდებს რუსეთს, უზრუნველყოს საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილების სათანადო შესრულება“, – ნათქვამია განცხადებაში.

ევროკავშირმა კიდევ ერთხელ მოუწოდა გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რაც შეიძლება სწრაფად აღდგენისკენ, დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად და წინაპირობების გარეშე.

ეუთოში აშშ-ის მისიის ხელმძღვანელის მაიკლ კარპენტერის გამოსვლა

თავის გამოსვლაში, ეუთოში აშშ-ის მისიის ხელმძღვანელმა მაიკლ კარპენტერმა განაცხადა: „საქართველოს მოქალაქის თამაზ გინტურის ტრაგიკული შემთხვევა გვახსენებს, თუ როგორ აისახება რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია საქართველოს მოსახლეობაზე. 6 ოქტომბერს გინტური სოფელ კირბალის მახლობლად მდებარე სასაფლაოს და ეკლესიას ესტუმრა, როდესაც რუსეთის სამხედრო ძალებმა მის მანქანას ცეცხლი გაუხსნეს. ის რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საკუთარ ქვეყანაში მანქანით გადაადგილების გამო მოკლეს. ჩვენ ვგმობთ ამ მკვლელობას“.

მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი აგრძელებს იმ საოკუპაციო ხაზების გამაგრებას, რომლებიც საქართველოს ტერიტორიის 20%-ს განაცალკევებს, და დასძინა, რომ რუსეთს საერთაშორისო სამართლის მიხედვით აქვს ვალდებულება პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, რადგან ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოს განუყოფელი ნაწილებია. მან კიდევ ერთხელ გამოხატა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

აშშ-ის მისიის ხელმძღვანელმა მოუწოდა რუსეთს შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება, გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე და ოკუპირებულ რეგიონებზე ჰუმანიტარული მისიით წვდომა უზრუნველყოს.

მაიკლ კარპენტერმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მიესალმება ერგნეთი-IPRM-ის მიმდინარე შეხვედრებს და გალის IPRM-ის შეხვედრების დაუყონებლივ განახლებისკენ მოუწოდებს.

ეუთოში გაერთიანებული სამეფოს ელჩის ნილ ჰოლანდის გამოსვლა

ეუთოში გაერთიანებული სამეფოს დელეგაციის ხელმძღვანელმა ნილ ჰოლანდმა აღნიშნა, რომ საქართველო 2008 წლის ომის შემდეგ, რის შედეგადაც საქართველოს ტერიტორიის ერთი მეხუთედის ანექსია განხორციელდა, რუსეთის მხრიდან უწყვეტი ჰიბრიდული თავდასხმის ქვეშ იმყოფება. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

„ბოლო 12 თვის განმავლობაში საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდული ტაქტიკა მოიცავდა ოქტომბრის განცხადებას აფხაზეთში რუსეთის საზღვაო ბაზის მშენებლობის შესახებ. ეს არის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უხეში დარღვევა. 6 ნოემბერს, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უდანაშაულო ქართველი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, როდესაც ის ცხინვალის რეგიონში, ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის მახლობლად ეკლესიის მონახულება ცდილობდა. ჩვენ ვგმობთ ამ ინციდენტს, 2018 წლის შემდეგ მშვიდობიანი მოქალაქის სიკვდილის პირველ შემთხვევას“, – აღნიშნა მან.

ელჩმა კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთს, რომ გააუქმოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება და შეწყვიტოს მცოცავი ანექსიისკენ მიმართული ყველანაირი პრაქტიკა. იგი მიესალმა საქართველოს ხელისუფლების ინიციატივას, რომ საოკუპაციო ხაზით გაყოფილ მოსახლეობას შორის შერიგებას შეუწყოს ხელი და მოუწოდა რუსეთს ხელი არ შეუშალოს  მშვიდობისა და ხალხთა შორის კონტაქტების დამყარების ამ ღირებულ მცდელობებს.

გამოსვლის დასასრულს, მან კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთის ფედერაციას დაუყოვნებლივ შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება, გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე, შეასრულოს თავისი ვალდებულებები და არ შეაფერხოს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება, ასევე შეწყვიტოს ბორდერიზაციის ტაქტიკა.

ასევე წაიკითხეთ:

Exit mobile version