კვლევა: საკუთარი ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი რუსეთის მოქალაქეები საქართველოში შემოსვლისას სერიოზულ დაბრკოლებებს აწყდებიან

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა (TDI) უცხოელთა უფლებრივი მდგომარეობისა და საქართველოში რასიზმის შესახებ 2022 წლის კვლევა გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა მკვეთრად გაუარესდა. დოკუმენტის თანახმად, საკუთარი ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი რუსეთის მოქალაქეები, რომელთაც რეპრესიებისთვის თავის დაღწევა სურთ, საქართველოში შემოსვლისას სერიოზულ დაბრკოლებებს აწყდებიან, რის შედეგადაც ისინი, უმეტეს შემთხვევაში, ვერ შემოდიან საქართველოში. ქვეყანაში შემოსვლისას პრობლემები უკრაინის მოქალაქეებსაც ექმნებათ. „ასევე, 2021 წლიდან ხელისუფლება საქართველოში შემოსვლაზე დაბრკოლებებს უქმნიდა უკრაინელ საჯარო პირებს“, – ნათქვამია კვლევაში.

ანგარიშის მთავარ მიგნებებს შორისაა ასევე ბინადრობის ნებართვის გაცემის პრობლემური პოლიტიკა, რომლის ფარგლებშიც, როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ბინადრობის ნებართვის გაცემაზე დაუსაბუთებელი უარის პრაქტიკა კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. უმეტეს შემთხვევაში, უარი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უარყოფით შეფასებებს ეფუძნება. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ TDI-ს სტატისტიკური მონაცემები არ მიაწოდა, სხვა მტკიცებულებები იმაზე მიუთითებს, რომ აფრიკისა და აზიის ქვეყნების წარმომადგენლებს ძირითადად „დაუსაბუთებლად“ ეუბნებოდნენ უარს ბინადრობის ნებართვის მიცემაზე.

ანგარიშის თანახმად, წინა წლებთან შედარებით, გაორმაგდა თავშესაფრის მინიჭების პროცედურების ფარგლებში განხილული საქმეების რაოდენობა, ისევე როგორც თავშესაფრის მინიჭების შესახებ დადებითი გადაწყვეტილებების რაოდენობა, ძირითადად ჰუმანიტარული ნიშნით უკრაინის მოქალაქეებისთვის.

რაც შეეხება რასობრივ დისკრიმინაციას, ანგარიშში საუბარია რასიზმზე გარკვეული ქვეყნების მოქალაქეების მიმართ საჯარო და კერძო ურთიერთობისას და რასობრივი შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის სწორად კვალიფიცირების პრობლემაზე. ანგარიშში აღნიშნულია, რომ მიგრანტები აფრიკისა და აზიის ქვეყნებიდან, გარდა იმ დაბრკოლებებისა, რომლებსაც აწყდებიან საჯარო სერვისების მიღებისას (საზღვრის გადმოკვეთა, ბინადრობის ნებართვის აღება), ხშირად საუბრობენ საჯარო სივრცეში დისკრიმინაციულ გამოცდილებაზე, როგორიცაა ბინის დაქირავების მცდელობისას შექმნილ დაბრკოლებებზე, კომერციულ ბანკებში დისკრიმინაციულ მოპყრობაზე და ა.შ.

რეკომენდაციები

ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია საჯარო უწყებების მიმართ არის ის, რომ მათ უზრუნველყონ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის სრულად და ზუსტად გაცემა.

ამასთან, ორგანიზაცია რეკომენდაციას აძლევს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ უცხოელების საქართველოში შემოშვების თვალსაზრისით გაატაროს არადისკრიმინაციული პოლიტიკა; აწარმოოს და გაასაჯაროოს საქართველოს საზღვრის კვეთის დეტალური სტატისტიკა (არშემოშვებული პირების მოქალაქეობისა და არშემოშვების საფუძვლის მითითებით); აღმოფხვრას საქართველოში პირთა დაუსაბუთებლად არშემოშვების პრაქტიკა; სწრაფად, ეფექტიანად და მიუკერძოებლად გამოიძიოს სავარაუდო რასობრივი/ეროვნული შეუწყნარებლობის ნიადაგზე ჩადენილი თითოეული დანაშაული.

საქართველოს პროკურატურამ უნდა უზრუნველყოს რასობრივი/ეროვნული შეუწყნარებლობის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულების გამოძიების მიმდინარეობაზე სათანადო ზედამხედველობა სწრაფი, ეფექტიანი და ობიექტური გამოძიების წარმართვისთვის; სათანადო საფუძვლის არსებობისას დროულად უზრუნველყოს რასობრივი/ეროვნული შეუწყნარებლობის ნიადაგზე ჩადენილი ძალადობის მსხვერპლისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება; სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებისას გამოკვეთოს სავარაუდო რასობრივი/ეროვნული შეუწყნარებლობის მოტივი, მათ შორის, ბრალის წაყენების დადგენილებაში.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს პროკურატურამ და საქართველოს უზენაესმა სასამართლომ რასობრივი ან ეთნიკური დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკის წარმოებისას,  თითოეულ ამ ნიშანზე ცალ-ცალკე შეაგროვონ მონაცემები და ამგვარად ასახონ სტატისტიკის ერთიან წლიურ ანგარიშში.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, უცხო ქვეყნების წარმომადგენლებისთვის ბინადრობის ნებართვის მიცემის საკითხის გადაწყვეტისას, უნდა უზრუნველყოს ბინადრობის ნებართვის მიცემაზე უარის შესახებ გადაწყვეტილების დასაბუთება; თითოეული საქმის გადაწყვეტისას დაასაბუთოს კანონით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენება; ადმინისტრაციული წარმოების პროცესში არ დაუშვას დისკრიმინაცია რასობრივი/ეროვნული ან სხვა ნიშნით.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ელექტრონული ვიზების გაცემის სერვისი ხელმისაწვდომი გახადოს ისეთი ქვეყნების მოქალაქეებისთვის, რომელთაც საქართველოში სწავლისა თუ სხვა საქმიანობის გამო ხშირად უხდებათ საქართველოს ვიზის აღება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version