საგარეო მინისტრი ილია დარჩიაშვილი ნატოს ვილნიუსის სამიტს დაესწრო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ვილნიუსში, ნატოს სამიტს დაესწრო. მისი შეფასებით ვილნიუსის სამიტზე საქართველომ მნიშვნელოვანი გზავნილები მიიღო.

“… ვილნიუსის სამიტზე კიდევ ერთხელ იქნა ხაზგასმული, რომ საქართველოს ძლიერი მხარდაჭერა აქვს ნატოელი პარტნიორებისგან. ძალიან ძლიერი მხარდაჭერაა გამოხატული ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მისამართით და ეს თავად დასკვნითი დოკუმენტის ჩანაწერშიც კარგად ჩანს,” – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

შეხვედრა ბრიტანელ კოლეგასთან

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მდივანს, ჯეიმს კლევერლის შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე და შეთანხმდნენ, რომ ამ კუთხით აუცილებელია თანამშრომლობის გაძლიერება. 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-რელიზის თანახმად, შეხვედრაზე ილია დარჩიაშვილმა და ჯეიმს კლევერლიმ “კმაყოფილებით აღნიშნეს საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ჩამოყალიბებული ტრადიციულად მეგობრული და პარტნიორული კავშირები. აქცენტი გაკეთდა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე,სადაც ილია დარჩიაშვილმა ყურადღება გაამახვილა ამ პროცესში გაერთიანებული სამეფოს მხარდამჭერის მნიშვნელობაზე”. 

შეხვედრა საქართველო-სკანდინავიის ქვეყნების ფორმატში

საქართველოს, დანიისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებსა და ფინეთის სახელმწიფო მდივანს შორის გაიმართა საქართველოსა და სკანდინავიის ქვეყნების ფორმატში სამუშაო შეხვედრა. შეხვედრაზე აღინიშნა მზადყოფნა მხარეებს შორის სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერებისათვის.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-რელიზის მიხედვით, დარჩიაშვილმა ისაუბრა საქართველოს ევრო და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მიმართ ერთგულებაზე, კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად შესრულებულ რეკომენდაციებსა და სკანდინავიის ქვეყნების მხრიდან მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.

“შეხვედრაზე აღინიშნა, რომ თბილისში ნორვეგიისა და დანიის დიპლომატიური წარმომადგენლობების გახსნა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია, რომელსაც ქვეყნებს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აჰყავს. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კოლეგებს მადლობა გადაუხადა ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, მათ შორის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში აქტიური ჩართულობისთვის, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უსაფრთხოების გაუარესებული მდგომარეობის ფონზე,” – აღნიშნულია რელიზში.

შეხვედრა ბერძენ კოლეგასთან

ვილნიუსში მიმდინარე ნატოს სამიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, გიორგოს გერაპეტრიტისს შეხვდა და თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა.

“შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ქვეყნებს შორის ურთიერთობების დღის წესრიგი. აღინიშნა, რომ საქართველო აფასებს საბერძნეთის რესპუბლიკასთან მრავალგანზომილებიან თანამშრომლობას, რომელიც ისტორიულ კავშირებსა და საერთო ევროპულ ღირებულებებზეა დაფუძნებული. გარდა ამისა, მინისტრებმა ისაუბრეს რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გარემოს შესახებ და ხაზი გაუსვეს საქართველოს, როგორც ნატოს სანდო პარტნიორის, როლს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების კუთხით,” – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-რელიზში.

შეხვედრა ფინელ კოლეგასთან

ილია დარჩიაშვილი ფინელ კოლეგას, ელინა ვალტონენს შეხვდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-რელიზის თანახმად, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ევრო და ევროატლანტიკურ მისწრაფეფებზე, ამ გზაზე ევროკომისიის 12 რეკომენდაციის მიხედვით განხორციელებულ რეფორმებზე და ფინეთის მხარდაჭერაზე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. 

შეხვედრა ესტონელ კოლეგასთან

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი 12 ივლისს ესტონელ კოლეგას, მარგუს ცაჰკნას შეხვდა. შეხვედრაზე ესტონეთის საგარეო მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა.

„შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესზე. ილია დარჩიაშვილმა კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია ამ გზაზე საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევისა და მიღწეული პროგრესის შესახებ,“ – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-რელიზში.

შეხვედრის შემდგომ, მარგუს ცაჰკნამ Twitter-ის მეშვეობით აღნიშნა, რომ დარჩიაშვილს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებასა და რუსეთთან ფრენების შეწყვეტაზეც ესაუბრა.

შეხვედრა ლიეტუველ კოლეგასთან

სამიტის ფარგლებში ილია დარჩიაშვილი ლიეტუველ კოლეგას, გაბრიელიუს ლანდსბერგისს შეხვდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-რელიზის თანახმად, “შეხვედრაზე ილია დარჩიაშვილმა მადლობა გადაუხადა გაბრიელიუს ლანდსბერგისს სამიტის მაღალ დონეზე ორგანიზებისა და მასპინძლობისთვის. ასევე ხაზი გაესვა ვილნიუსის ნატოს სამიტზე საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობას და ლიეტუვას მხარდაჭერას. აღინიშნა, რომ სამიტი შედეგიანი იქნება, როგორც ნატოში საქართველოს ინტეგრაციის, ასევე ალიანსის მხრიდან საქართველოს მტკიცე მხარდაჭერის გამოხატულების თვალსაზრისით”.

მხარეებმა ასევე განიხილეს ორი ქვეყნის წარმატებული თანამშრომლობა როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში და არსებული პოტენციალი პარტნიორული ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის.

ამასთან, ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე და 12 რეკომენდაციის შესრულების გზაზე მირწეულ პროგრესზე. “ნატოში ინტეგრაციის თვალსაზრისით, ყურადღება დაეთმო მადრიდის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების იმპლემენტაციის პროცესს. ამასთან, ხაზი გაესვა ლიეტუვას მხარდაჭერის მნიშვნელობას როგორც ევროკავშირში, ასევე ნატოში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის წარმატებისთვის,”- აღნიშნულია რელიზში.

გარდა ამისა, კოლეგებმა ისაუბრეს რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების გარემოს და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას. საქართველოს საგარეო მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა მადლობა გადაუხადა ლიეტუვას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის. 

Exit mobile version