პრეზიდენტი და პრემიერი რეჯეფ თაიფ ერდოღანს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავენ

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი და პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებას ულოცავენ.

„საქართველო და თურქეთი ერთმანეთთან მტკიცე ურთიერთობებით დაკავშირებული ახლო მეგობრები არიან, რაც კიდევ უფრო ვითარდება“, – დაწერა Twitter-ზე პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა და თქვა, რომ „მოუთმენლად“ ელის შემდგომ თანამშრომლობას ამ პარტნიორობის გასაძლიერებლად.

„ვულოცავ პრეზიდენტ ერდოღანს, საქართველოს დიდ მეგობარს პრეზიდენტად დამაჯერებელ ხელახლა არჩევას“, – დაწერა ასევე Twitter-ზე პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა: „თურქმა ხალხმა [თავისი] სათქმელი თქვა და ჩვენ ვუერთდებით მათ ზეიმს“. „ჩვენ მზად ვართ კიდევ უფრო გავაძლიეროთ მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და თურქეთს შორის“, – ხაზი გაუსვა მან.

თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 მაისს ჩატარდა. ოფიციალური მონაცემებით, მოქმედმა პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მის კონკურენტს, ქემალ ქილიჩდაროღლუს მცირე სხვაობით აჯობა. მან ხმების 52.14% მიიღო, ქილიჩდაროღლუმ კი – 47.86%.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version