სტრასბურგმა ლაშა ჩხარტიშვილის საქმეზე შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლების დარღვევა დაადგინა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „ჩხარტიშვილი საქართველოს წინააღმდეგ საქმეზე“ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლების დარღვევა დაადგინა. საქმე 2019 წლის 29 ნოემბერს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან გამართულ საპროტესტო აქციას ეხება, სადაც ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა, სამოქალაქო აქტივისტებმა და მოქალაქეებმა პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება გააპროტესტეს.

აქციის მიმდინარეობისას, სამართალდამცველებისთვის ლობიოს მარცვლების სროლის გამო, პოლიციამ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ლაშა ჩხარტიშვილი ადმინისტრაციული წესით დააკავა და პოლიციაში გადაიყვანა.

მაშინ, ჩხარტიშვილმა შეშფოთება გამოთქვა სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან დაკავშირებით (ადმიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი) და განაცხადა, რომ სასამართლო დარბაზიდან მისი გაყვანა და ადვოკატთან წვდომის შეზღუდვა მის დაცვას აფერხებდა. იგი ასევე ამტკიცებდა, რომ სასამართლო მხოლოდ პოლიციის თანამშრომლების განცხადებებს ეყრდნობოდა. თუმცა, ევროპულმა სასამართლომ შეისწავლა საქმე და ვერ აღმოაჩინა ჩხარტიშვილის ადვოკატთან კონტაქტის შეფერხების რაიმე მტკიცებულება. ევროპული სასამართლოს თქმით, ჩხარტიშვილის სასამართლო დარბაზიდან გაყვანის მიზეზი სასამართლო სხდომის წესრიგის დარღვევა გახდა, ხოლო მისი წარმომადგენელი დარბაზში დარჩა და პროცესში მონაწილეობა განაგრძო. სტრასბურგის განცხადებით, ეროვნულმა სასამართლომ დაცვის მხარეს მოსამზადებლად საკმარისი დრო მისცა. სტრასბურგის სასამართლომ ასევე დაასკვნა, რომ სამართალწარმოება შეესაბამებოდა კონვენციის მე-6 მუხლს. შესაბამისად, ამ ნაწილში ჩხარტიშვილის საჩივარი უსაფუძვლოდ მიიჩნია და არ დააკმაყოფილა.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეკრების თავისუფლების უფლება, ისევე როგორც გამოხატვის თავისუფლება, არის დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტური საყრდენი. მანვე აღიარა, რომ ჩხარტიშვილის მონაწილეობა საპროტექტო აქციაში პოლიტიკური გამოხატვის ფორმას წარმოადგენდა და საჯარო დებატებს შეუწყო ხელი. სასამართლომ ასევე განაცხადა, რომ მტკიცე მიზეზები იქნებოდა საჭირო, რაც აქციის დროს ჩხარტიშვილის მიერ აზრის გამოხატვის რაიმე შეზღუდვას გაამართლებდა.

თუმცა, სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ მოსარჩელის საქციელი სიტყვიერ გამოხატვას გასცდა, როდესაც მან პოლიციელებს ლობიოს მარცვლები ესროლა და ამასთან, დამამცირებლად „მონებიც“ უწოდა. სასამართლოს თქმით, მართალია, საჯარო მოსამსახურეებს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას კრიტიკის თმენის უფრო მაღალი ვალდებულება აქვთ, მათ მიმართ აგრესიული ქმედებები, თუმდაც ისინი ზიანის მიყენებას არ ისახავდეს მიზნად, გულდასმით უნდა იქნას შესწავლილი. სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჭიროა საჯარო მოხელეების დაცვა თავდასხმებისგან, განსაკუთრებით როდესაც ისინი საკუთარ მოვალეობებს ასრულებენ.

ამასთან, სასამართლომ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ „სანქციის დაკისრებამ, როგორი მსუბუქიც არ უნდა იყოს, იმ პირზე, რომელიც საკუთარ აზრს გამოხატავდა, შესაძლოა, არასასურველი მსუსხავი ეფექტი გამოიწვიოს საჯარო გამოხატვაზე“.

სასამართლომ დაადგინა, რომ ჩხარტიშვილის აქციაზე დასწრება, უპირველეს ყოვლისა, იყო პროტესტის საშუალება საკანონმდებლო რეფორმების არარსებობის გამო და რომ მისი ქმედებები არაძალადობრივი იყო და არ გამოუწვევია ზიანი ან სიტუაციის ესკალაცია. მართალია, სასამართლომ არ მოიწონა მოსარჩელის მიერ აზრის გამოხატვის ფორმა, მან დაადგინა, რომ ეროვნულ სასამართლოებს არ ჰქონდათ საკმარისი დასაბუთება მისი დაკავებისთვის, რადგან მათ სათანადოდ ვერ შეაფასეს ფუნდამენტური თავისუფლების უფლების გამოყენების კონტექტსი და მიღებული ზომის პროპორციულობა. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-11 მუხლის დარღვევას მე-10 მუხლთან ერთობლიობაში.

შედეგად, სასამართლომ სახელმწიფოს გადაწყვეტილების მიღებიდან სამი თვის ვადაში მოსარჩელის სასარგებლოდ 1 200 ევროს გადახდა დააკისრა არამატერიალური ზიანის ასაზღაურებლად.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version