დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს სტუმრობს

დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ლარს ლოკე რასმუსენი 14-15 მაისს სამუშაო ვიზიტით საქართველოს სტუმრობს. დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი უკვე შეხვდა პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრ მინისტრ ილია დარჩიაშვილს და ვიცე-პრემიერსა და ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილს. იგი ცხინვალის საოკუპაციო ხაზსაც ესტუმრა და ადგილზე არსებული ვითარება შეისწავლა. იგი საქართველოში დანიის საელჩოს გახსნის ცერემონიასაც დაესწრო.

პრემიერმინისტრთან შეხვედრა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა სხვა საკითხებთან ერთად, ის ნაბიჯებიც განიხილეს, რომლებსაც საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად დგამს. მათვე ყურადღება ასევე გამახვილეს ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე, მათ შორის, ენერგეტიკის, თავდაცვის, ტურიზმისა და სხვა სფეროებში და იმსჯელეს თუ რა მიმართულებებით არის შესაძლებელი საქართველოსა და დანიას შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება.

ამავე ინფორმაციით, თავის მხრივ, ლარს ლოკე რასმუსენმა პრემიერ ღარიბაშვილს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი დანიის „მტკიცე მხარდაჭერა“ დაუდასტურა. პრემიერმა ღარიბაშვილმა მას დანიის მხრიდან საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მუდმივი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა

შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ ვიზიტი „ჩვენი ქვეყნის მიმართ დანიის მხარდაჭერის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს“.

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი განიხილეს, რა დროსაც ილია დარჩიაშვილმა დანიელ კოლეგას საქართველოს მიერ ევროკომისიის 12 პრიორიტეტის შესრულების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მხარეებმა ნატოში საქართველოს გაწევრიანებაზეც ისაუბრეს, რა დროსაც ილი დარჩიაშვილმა მადლობა გადაუხადა დანიას ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის და ხაზი გაუსვა საქართველოს განზრახვას გააღრმავოს დანიასთან თანამშრომლობა ქვეყნის ნატოში გაწევრიანების პროცესის პოლიტიკური და პრაქტიკული ასპექტების ხელშეწყობის მიზნით.

ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი „მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზეც“ იმსჯელეს. დანიის მხარემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა. მხარეებმა ყურადღება ასევე გაამახვილეს ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით არსებულ შესაძლებლობებზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსვე ცნობით, თავის მხრივ, ლარს ლოკე რასმუსენმა განაცხადა, რომ „დანია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს“. „თქვენ მიიღებთ კანდიდატის სტატუსს შემოდგომაზე, როდესაც ვნახავთ რეკომენდაციებს ევროკომისიისგან. ეს არის დამსახურებაზე დაფუძნებული გზა ევროკავშირისკენ“, – თქვა დანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა და ხაზი გაუსვა, რომ მისი ქვეყანა მხარს დაუჭერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, თუკი ეს უკანასკნელი შეასრულებს გაცემულ რეკომენდაციებს.

შეხვედრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-დანიას შორის ორმხრივი ურთიერთობების პრიორიტეტული მიმართულებები მიმოიხილეს და დადებითად შეაფასეს 2023 წლის ბოლოდან ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის ამოქმედება, „რაც დადებითად აისახება ორმხრივი ეკონომიკურ კავშირებზე“.

მათვე ტრანსპორტისა და ლოგისტიკის კუთხით თანამშრომლობაზე გაამახვილეს ყურადღება, რა დროსაც აღნიშნეს, რომ დიდია დაინტერესება, „რათა საქართველოზე გამავალ შუა დერეფანზე გაიზარდოს ტვირთბრუნვა ევროპასა და აზიას შორის, რისთვისაც მნიშვნელოვანია შესაბამისი სატრანსპორტო – ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარება“. მხარეებმა განახლებად ენერგეტიკაზეც ისაუბრეს და ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებაზე გაამახვილეს ყურადღება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version