პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისს სტუმრობს

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ზბიგნევ რაუ 26-28 აპრილს თბილისს სტუმრობს, სადაც იგი უკვე შეხვდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილსა და ქართველ კოლეგას, ილია დარჩიაშვილს.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის მიმდინარეობასა და ამ კუთხით პოლონეთის მტკიცე მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მათვე აღნიშნეს, რომ „საქართველოს ევროპული ინტეგრაცია ქართველი ხალხის დაკვეთა და მისი ურყევი არჩევანია“. მათვე რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევებსა და შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება, ასევე, უკრაინაში მიმდინარე ომსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე იმსჯელეს.

მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით, პრემიერ ღარიბაშვილთან შეხვედრაზე მხარეებს განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები. ასევე, ყურადღება დაუთმეს ორმხრივ სავაჭრო და ეკონომიკურ თანამშრომლობას და აქვე ხაზი გაუსვეს აღნიშნული მიმართულებით კავშირების შემდგომი გაძლიერების მნიშვნელობას. მათვე საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ პოლონეთის მტკიცე მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო მიესალმება პოლონეთის მხარდამჭერ განცხადებებს ყველა შესაძლო ფორმატში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.

საქართველოსა და პოლონეთის საგარეო მინისტრების პრესკონფერენცია

პოლონელ კოლეგასთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოსა და პოლონეთს არა მხოლოდ ღრმა ისტორიული კავშირები და მეგობრობის ხანგრძლივი ტრადიციები, არამედ  საერთო ინტერესები და მისწრაფებებიც აერთიანებს.

მისივე თქმით, პოლონელ კოლეგასთან შეხვედრისას, ხაზი გაუსვეს საქართველოსათვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, რომელიც, მინისტრის თქმით, „გაამყარებს საქართველოს უპირობო კუთვნილებას ევროპისადმი და ჩვენს ქვეყანას გზა გაუხსნის ევროკავშირის წევრობისაკენ“. მისივე განცხადებით, მათ „ის მოცულობითი სამუშაოც“აღნიშნეს, რაც „საქართველოს ხელისუფლებამ ევროკომისიის 12 პრიორიტეტის შესრულების  მიმართულებით გასწია“. „გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენი ქვეყნის პროგრესი სამართლიანად და დამსახურების მიხედვით  შეფასდება და საქართველოც და ევროკავშირიც კიდევ ერთ ისტორიულ გადაწყვეტილებას იზეიმებენ“, – დასძინა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

დარჩიაშვილის თქმითვე, პოლონელ კოლეგასთან საუბრისას ყურადღება გაამახვილეს ქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი სტრატეგიული რგოლის ფუნქციაზე და დაკავშირებადობის მნიშვნელობაზე. „აქცენტი გაკეთდა ევროპის ენერგოუსაფრთხოების გაძლიერების აუცილებლობასა და საქართველოს როლზე ამ პროცესში. ამ კონტექსტში, აღინიშნა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის მნიშვნელობა“.

მინისტრის თქმით, მათ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში რუსული  ოკუპაციის  შედეგებზეხ ისაუბრეს – უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული თვალსაზრისით. „განსაკუთრებით აღინიშნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში პოლონეთის მნიშვნელოვანი წვლილი“. „მიგვაჩნია, რომ შექმნილ ვითარებაში უმნიშვნელოვანესია ჩვენი პარტნიორების აქტიური ჩართულობა და ერთიანი, მტკიცე პოზიცია, რათა შესაძლებელი გახდეს მშვიდობიანი გზით დეოკუპაცია და მდგრადი მშვიდობის დამყარება“, – ხაზი გაუსვა ილია დარჩიაშვილმა.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე განმარტა, რომ „შეხვედრაზე მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო საქართველოსა და პოლონეთს შორის ორმხრივ ურთიერთობებსა და  უსაფრთხოების, ვაჭრობის, ეკონომიკის,  ტურიზმისა და  კულტურის სფეროებში არსებული პოტენციალის მაქსიმალური რეალიზების გზებს“. „პოლონეთი გამორჩეულ როლს ასრულებს საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების მხარდაჭერისა და, ამ მიმართულებით,  საერთაშორისო  საზოგადოების კონსოლიდაციის საქმეში“, – თქვა ილია დარჩიაშვილმა და დაამატა, რომ „საქართველოს უახლოესი მოკავშირე ქვეყნის – პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს განსაკუთრებული დატვირთვა გააჩნია“.

თავის მხრივ, პოლონეთის საგარე საქმეთა მინისტრმა ქართველ კოლეგას საქართველოში მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა, რომ „საქართველო და ქართული საზოგადოება ტრადიციულად დიდი სიმპათიით სარგებლობს პოლონეთში“. „პოლონეთი ყოველთვის ცალსახად უჭერდა მხარს საქართველოს საზოგადოების მისწრაფებას დამოუკიდებლობისკენ, თავისუფლებისკენ,  მშვიდობისკენ და როგორც განვითარების მოდელის, ისე ალიანსისა და ინტეგრაციული ინსტიტუტის  არჩევის სუვერენული უფლებისკენ“, – ხაზი გაუსვა ზბიგნევ რაუმ.

მანვე 2008 წელს ბუქარესტის ნატოს სამიტზე პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკის მხრიდან საქართველოსთვის მაპის მინიჭებაზე „მტკიცე მხარდაჭერაც“ გაიხსენა და დაამატა, რომ „როდესაც [2008 წელს] რუსეთმა  საქართველოს წინააღმდეგ აგრესია განახორციელა, იგი [პრეზიდენტის კაჩინსკი] სათავეში ჩაუდგა რეგიონის ქვეყნებსა და საერთაშორისო საზოგადოებას, რათა ეს აგრესია შეეჩერებინა“. „სწორედ რუსეთის იმპერიალიზმის შესაჩერებლად, იმისთვის, რომ ყველა ევროპელს ჰქონოდა თანაბარი განვითარების შანსი, ევროკავშირმა, პოლონეთის ინიციატივით, აამოქმედა აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკა, რომელმაც, მათ შორის,  საქართველოც მოიცვა. ყველა ამ მიზეზის გათვალისწინებით, პოლონეთი თანმიმდევრულად უჭერს მხარს და მომავალშიც განაგრძობს   საქართველოს საზოგადოების მისწრაფების მხარდაჭერას  ევროპული და ტრანსატლანტიკური ინტეგრაციისკენ“.

მისივე განცხადებით, „საქართველოს მომავალი წევრობა ევროკავშირსა და ნატოში არის არა მხოლოდ საქართველოს,  არამედ ტრანსატლანტიკური გაერთიანების/საზოგადოების ინტერესიც“. „ევროპისთვის ეს არის შანსი და არა საფრთხე. იმისთვის, რომ ეს შანსი გამოვიყენოთ და საქართველომ შეძლოს შემდგომი ნაბიჯის გადადგმა  ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებისკენ, აუცილებელია გაფართოებაში მონაწილე ყველა მხარის –  როგორც ევროპული და ტრანსატლანტიკური ინსტიტუტების, ისე საქართველოს მთავრობისა და საქართველოს საზოგადოების ჩართულობა და ძალისხმევა“.

„ჩემი დღევანდელი სამუშაო ვიზიტი თბილისში  დიპლომატიური და პოლიტიკური ინტენსიური კომუნიკაციის ელემენტი და გამოხატულებაა. მისი მიზანია საქართველო-პოლონეთის ტრადიციული მეგობრული სულისკვეთებით განვიხილოთ გამოწვევები,  პრობლემები და შანსები, ასევე,  პრობლემების გადაჭრის შესაძლებლობები, მათ შორის, პოლონეთის ჩართულობა გამოსავლის ძიების პროცესში“, – ხაზი გაუსვა მან.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ქართველ კოლეგასთან შეხვედრისას პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიტუაციაც განიხილეს. „ყველა ამ საკითხში პოლონეთი ცდილობს იპოვოს კონსტრუქციული გამოსავალი და გაუწიოს საქართველოს ყველა შესაძლო დახმარება,  ვინაიდან ღრმად გვჯერა, რომ პოლონეთ-საქართველოს ერთობლივი თანამშრომლობა ემსახურება როგორც ჩვენი ქვეყნების, ევროპის, ისე თავისუფალი მსოფლიოს საზოგადოების ეროვნულ და უსაფრთხოების ინტერესებს.   პატივცემულო ილია, კიდევ ერთხელ გმადლობთ ამ ძალიან კონსტრუქციული შეხვედრისთვის“, – განაცხადა მან სიტყვის დასასრულს.

შენიშვნა: პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ციტირებისას საქართველოს საგარეო უწყების მიერ მოწოდებული თარგმანია გამოყენებული.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version