ფინეთი ნატოსკენ რბოლის ფინიშზე

რა მოხდა 

16-17 მარტს ანკარაში ფინეთის პრეზიდენტის ვიზიტის შედეგად, ფაქტიურად მოიხსნა ბოლო წინააღმდეგობა ფინეთის ნატოში გაწევრიანების გზაზე. პრეზიდენტ რეჯებ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, თურქეთის პარლამენტი ამ საკითხის რატიფიცირებას უახლოეს ხანებში მოახდენს.  


ავტორი: გიორგი ბილანიშვილი, მკვლევარი


რატომაა ეს მნიშვნელოვანი 

უკვე დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ნატოს გაფართოება ივნისში, ვილნიუსის სამიტზევე მოხდება. თურქეთის პრეზიდენტმა მაისში დანიშნული საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩვენების წინ მოკავშირეებს აჩვენა, რომ კონსტრუქციულად თამაშიც შეუძლია, თუმცა შვედეთთან მიმართებაში ურყევი დარჩა და საკუთარ ამომრჩეველს პრინციპულობაც უჩვენა.

ფინეთისა და შვედეთის ნატოსკენ მიმავალი გზები გაიყარა

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ფინეთმა და შვედეთმა უარი თქვეს ნეიტრალიტეტზე  და 2022 წლის 18 მაისს ნატოში გაწევრიანების თაობაზე განაცხადი შეიტანეს.  2022 წლის 29 ივნისს, ნატოს მადრიდის სამიტზე წევრმა ქვეყნებმა მხარი დაუჭირეს ფინეთისა და შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას.  

თანამშრომლობის დიდი გამოცდილებისა და ურთიერთთავსებადობის მაღალი დონის გამო, ფინეთისა და შვედეთისგან ალიანსმა არ მოითხოვა წევრობის სამოქმედო გეგმა (განსხვავებით, მაგალითად საქართველოს, უკრაინისა და ბოსნია-ჰერცოგოვინისაგან), ამიტომ მათი ნატოში გაწევრიანების გზაზე პროცედურულად მხოლოდ ორი ნაბიჯი დარჩა – წევრი ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოების მხარდაჭერა; და ნატოს სამიტზე მათი წევრობის დამტკიცება. 

დღეისათვის ნატოს 30 წევრი ქვეყნიდან 28 ქვეყანამ უკვე მოახდინა ფინეთის და შვედეთის ნატოში ინტეგრაციის რატიფიცირება. დარჩა ორი: თურქეთი და უნგრეთი. 

როგორია თურქეთის პოზიცია?

თურქეთმა იმთავითვე უარყოფითი პოზიცია დააფიქსირა ფინეთის და შვედეთის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, რადგან ამ ქვეყნებს ქურთების მხარდაჭერაში ადანაშაულებდა, რომლებსაც ანკარა ტერორისტებად მიიჩნევს. თუმცა, მადრიდის სამიტზე, მან მაინც დაუჭირა მხარი ალიანსის გადაწყვეტილებას.

დათმობის სანაცვლოდ, ამავე სამიტზე გაფორმდა სამმხრივი მემორანდუმი, რომელიც ფინეთს და შვედეთს თურქეთის მიერ ტერორისტულად მიჩნეულ ორგანიზაციებთან – PKK, YPG/PYD, FETO მიმართებაში გარკვეულ ვალდებულებებს აკისრებდა. უნდა ითქვას ისიც, რომ ანკარას ამ საკითხში იმთავითვე სტოკჰოლმთან უფრო მეტი პრობლემა ქონდა, ვიდრე ჰელსიკისთან. 

სამმხრივი მემორანდუმის ფარგლებში პროცესი მაინც მეტ-ნაკლებად წინ მიდიოდა. სტოკჰოლმმაც შეასრულა გარკვეული მოთხოვნები, მათ შორის, კონსტიტუციაში ცვლილებები დაამტკიცა, რომელიც ანკარას მოთხოვნით, ტერორიზმის საწინააღმდეგო კანონმდებლობის გამკაცრებას ითვალისწინებს.  

მდგომარეობა მას შემდეგ დამძიმდა, რაც იანვარში სტოკჰოლმში თურქეთის საელჩოს სიახლოვეს მემარჯვენე-რადიკალმა პოლიტიკოსმა, რასმუს პალუდანმა, რომელსაც შვედური მედია კრემლთან კავშირში ამხელს, ყურანი დაწვა. ანკარამ ამ ინციდენტის შემდეგ შეწყვიტა სამმხრივი მოლაპარაკებები სტოკჰოლმთან და ჰელსინკისთან. თუმცა, პრეზიდენტმა ერდოღანმა იქვე აღინიშნა, რომ თურქეთს განსხვავებული  მიდგომა ექნებოდა ფინეთისა და სტოკჰოლმის მიმართ.  

საბოლოოდ ეს დადასტურდა 17 მარტს, ფინეთის პრეზიდენტის თურქეთში ვიზიტის დროს, როდესაც ერდოღანმა იმედი გამოთქვა, რომ მისი პარლამენტი ფინეთის წევრობას ნატოში, თურქეთში 14 მაისს დანიშნულ არჩევნებამდე დაუჭერდა მხარს. 

რა ბედს ეწევა შვედეთი?

ვილნიუსის სამიტამდე შვედეთთან დაკავშირებით ანკარას პოზიციის შეცვლის მცირე შანსი არსებობს და ამას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. 

რა უნდა უნგრეთს?  

ვიქტორ ორბანი, როგორც კი ამის საშუალება მიეცემა, აქტიურ პრო-რუსულ პოლიტიკას ატარებს და ევროკავშირის ყველა წევრის წინააღმდეგ მარტო დარჩენაც არ ეთაკილება. თუმცა ამგვარ პოზიციას ხშირად დათმობების გამოსავაჭრებლად იყენებს. ნატოში უნგრეთის პოზიცია უფრო მყიფეა.

ფინეთის და შვედეთის ნატოში ინტეგრაციასთან დაკავშირებით უნგრეთის უარყოფითი პოზიცია რუსეთის ინტერესებს კი ეხმიანება, თუმცა ფორმალურად ბუდაპეშტი საკუთარ პოზიციას  თურქეთის წინააღმდეგობით იმყარებდა. მას შემდეგ, რაც ანკარა ფინეთის ნატოში ინტეგრაციის მხარდაჭერას დათანხმდა, უნგრეთის მმართველმა პარტიამ განაცხდა, რომ 27 მარტის საპარლამენტო სხდომაზე ისიც ანალოგიურად მოიქცევა, ხოლო შვედეთთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მოგვიანებით მიიღებს.   

რა პოზიცია აქვს ოფიციალურ მოსკოვს

ცხადია მოსკოვი ნატოს გაფართოების წინააღმდეგია, თუმცა ფინეთის და შვედეთის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ხმამაღალი განცხადებები კრემლში არ გაუკეთებიათ. მეტიც, გასული წლის ივლისში პუტინმა განაცხადა, თურმე ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანება რუსეთისთვის უშუალო საფრთხეს არ წარმოადგენს.  

ცხადია, რომ მოსკოვი ამ შემთხვევაში უბრალოდ ცრუობს. იგი შეგნებულად თავს არიდებს ამ თემის გაშლას, მათ შორის პროპაგანდისტულ თოქ-შოუებში, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში იმას დაადასტურებს, რომ საკუთარი აგრესიული პოლიტიკით პოლონეთიდან ნატოს ჯარების გაყვანას იქადნებოდა და შედეგად კი საზღვარზე ნატოს წევრი ფინეთი მიიღო.  

სად არის ამ ამბებში საქართველო?     

არსად. ფინეთისა და შვედეთის ნატოში ინტეგრაციის გადაწყვეტილებას არანაირი ზეგავლენა არ მოუხდენია საქართველოს ხელისუფლების ნატოში ინტეგრაციის პოლიტიკაზე. არადა, გაფართოების საკითხის დაბრუნება ნატოს დღის წესრიგში შეიძლება საქართველოსთვის – რიტორიკულ დონეზე მაინც – მომგებიანი ყოფილიყო. ეგებ, დახურულ კარს მიღმა რაღაც ხდება კიდეც, მაგრამ ამ მიმართულებით გააქტიურების შედეგები ხილულად ჯერ არსად ჩანს.

Exit mobile version