პოსტ-ყარაბაღის კონტურები ამიერკავკასიაში

რა ხდება?

10 მაისს ყაზახეთის ქ. ალმათში (წარსულში ალმაატა) აზერბაიჯანის და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების სამშვიდობო მოლაპარაკებები გაიმართება. დღეს 9 მაისს ათობით ათასი დემონსტრანტი ერევანში აპროტესტებდა სომხეთის მთავრობის ტერიტორიულ დათმობებს აზერბაიჯანისაdმი.


გიორგი ბილანიშვილი, საგარეო პოლიტიკის მკვლევარი


რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?

რას ნიშნავს პოსტ-ყარაბაღი?

ყარაბაღის მეორე, 44-დღიანი ომის შემდეგ, აზერბაიჯანმა დაიბრუნა ყარაბაღის ტერიტორიის ნაწილი და მის გარშემო მდებარე შვიდი რაიონი. ალიევის, ფაშინიანის და პუტინის ერთობლივი განცხადების საფუძველზე ახალი ვითარება ჩამოყალიბდა, რომელშიც ალბათ ყველაზე ნიშანდობლივი იყო ყარაბაღში, მათ შორის სომხეთთან მის ერთადერთ დამაკავშირებელ, ლაჩინის დერეფანში რუსი „სამშვიდობოების“ განლაგება. არაერთი ექსპერტის აზრით, ეს ჩვენს რეგიონში მოსკოვის პოზიციებს აძლიერებდა.

44-დღიანი ომის შემდეგ, აზერბაიჯანმა განაგრძო თანმიმდევრული და გეგმაზომიერი ქმედება ყარაბაღის მთლიანად დასაბრუნებლად. ჯერ ლაჩინის დერეფანის ბოლკირება მოახდინა 2022 წლის დეკემბერში. შემდეგ, 2023 წლის სექტემბერში, ელვისებური სამხედრო ოპერაციით, რომელის დროს რამდენიმე რუსი სამშვიდობო დაიღუპა და დაიჭრა,  ყარაბაღი მთლიანად დაიბრუნა. ყარაბაღის სეპარატისტულმა რესპუბლიკამ არსებობა შეწყვიტა და იგი სომხურმა მოსახლეობამ დატოვა.

მანამდე, 2023 წლის მაისში, აზერბაიჯანმა და სომხეთმა ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობა აღიარეს. ამის შემდეგ კი, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ყარაბაღი აზერბაიჯანის ტერიტორიად ოფიციალურად აღიარა.

ცოტა ხნის წინ რუსეთმა ყარაბაღიდან „სამშვიდობოები“ გაიყვანა, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურ მოსკოვი ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების დარჩენას აუცილებლად მიიჩნევდა და ამის შესაძლებლობას ზემოხსენებული სამმხრივი განცხადებაც აძლევდა.

ორმხრივი ურთიერთობები: სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაცია

აზერბაიჯან-სომხეთი ორმხრივ ფორმატში მუშაობენ სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციაზე. ცოტა ხნის წინ, სომხეთმა აზერბაიჯანს ოთხი სოფელი გადასცა, რაც ბაქოს მხრიდან სამშვიდობო შეთანხმებაზე მუშაობის დასრულების წინაპირობას წარმოადგენდა.  სომხეთში ამან პროტესტი გამოიწვია.

ეს სოფლები სომხეთიდან საქართველოსკენ მომავალ ავტობანის სიახლოვეს მდებარეობენ, რომელითაც სავაჭრო ტვირთების  დიდი ნაწილის ტრანსპორტირება ხორციელდება. იქვეა რუსეთ-სომხეთის გაზსადენიც.

ივლისამდე ჯერ ამ ოთხი სოფლის დელიმიტაციის პროცესი უნდა დასრულდეს. სხვა სადავო მონაკვეთებზე მუშაობა მხოლოდ შემდეგ გაგრძელდება. ასეთი მონაკვეთი კი, როგორც ჩანს, საკმაოდ ბევრია. მათ შორის, სომხური წყაროების ცნობით, არ ჩანს რაიმე ნიშანი იმისა, რომ ბაქო აპირებს სამხედრო თვალსაზრისით მნიშვნელოვანი მაღლობების დატოვებას, რომელიც მას სომხეთის ტერიტორიაზე აქვს დაკავებული.

როგორ მივიდნენ მხარეები ალმათის ფორმატამდე?

ყარაბაღის მეორე ომის დასრულების შემდეგ, აზერბაიჯან-სომხეთის სამშვიდობო მოლაპარაკებები ცალკე ვაშინგტონ-ბრიუსელის  და ცალკე მოსკოვის შუამავლობით იმართებოდა. ალმათის ფორმატის შეიქმნა იმის გამო, რომ ბაქო ვაშინგტონ-ბრიუსელით იყო უკმაყოფილო, ხოლო ერევანი კი მოსკოვით. ახალი ფორმატის შექმნაში თავისი როლი ყაზახეთის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა შეასრულა, რომელიც ცოტა ხნის წინ ბაქოსა და ერევანში იმყოფებოდა.

ახალ ფორმატში შუამავალი არავინ იქნება. თუმცა, თავად ალმათის  სიმბოლური დატვირთვა აქვს, რადგან 1991 წლის დეკემბერში სწორედ იქ მოეწერა ხელი დეკლარაციას, რომლის თანახმად საბჭოთა კავშირი ოფიციალურად დაიშალა და მის ადგილას დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა (დსთ) შეიქმნა, რომელსაც რუსეთი მის ყოფილ ვასალებზე გავლენის შენარჩუნების ინსტრუმენტად განიხილავდა. ამავე დეკლარაციაში იყო განსაზღვრული ტერიტორიული მთლიანობისადმი პატივისცემაც.

წინასწარი განცხადებების საფუძველზე, სამშვიდობო შეთანხმება აზერბაიჯან-სომხეთს შორის შესაძლოა ნოემბრამდე გაფორმდეს. სომხური წყაროების თანახმად, მოლაპარაკებები აზერბაიჯანის მიერ მომზადებული სამშვიდობო დოკუმენტის საფუძველზე მიმდინარეობს.

სამშვიდობო შეთანხმების პერსპექტივები

სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებას ხელი ბევრმა ფაქტორმა შეუშალოს. თუ მხარეებს საბაბის მოძებნა უნდათ, მაშინ ეს შესაძლოა  საზღვრის-დელიმიტაცია დემარკაციის პროცესი იყოს, რომელიც ზემოთ უკვე ვახსენეთ, საკმაოდ პრობლემურია. ასევე, ღიად რჩება  ე.წ. ზანგეზურის დერეფნის საკითხი, რომლსაც აზერბაიჯანი სომხეთის სიუნიკის რაიონის გავლით მისივე ექსკლავთან, ნახიჩევანთან უნდა დაეკავშირებინა.

ზოგიერთი ინტერპრეტაციის მიხედვით ასეთი დერეფნის ჩამოყალიბებას 2020 წლის სამმხრივი განცხადების მე-9 პუნქტი ითვალისწინებს. თუმცა, ფაქტია, რომ ამ დოკუმენტში არც ზანგეზურია ნახსენები და არც სიუნიკი. მასში საუბარია მხოლოდ  აზერბაიჯანის ძირითადი ტერიტორიიდან სომხეთის გავლით ნახიჩევანისკენ მიმავალი ტვირთების უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და – მხარეთა შეთანხმების შემთხვევაში – ახალი სატრანსპორტო დერეფნის მშენებლობის შესაძლებლობაზე.

მას შემდეგ, რაც ბაქომ და თეირანმა გასული წლის ოქტომბერში მიაღწიეს შეთანხმებას ირანის გავლით ნახიჩევანთან დამაკავშირებელი სატრანსპორტო დერეფნის მშენებლობის თაობაზე, აზერბაიჯანის რიტორიკა ზანგეზურის დერეფნის გახსნაზე მინელდა.  თუმცა, აქ მაინც რჩება მოსკოვის ინტერესი, რომელსაც ზემოხსენებული მე-9 პუნქტი სომხეთზე გამავალი ბაქო-ნახიჩევანის დამაკავშირებელი სატრანსპორტო კორიდორის გაკონტროლების უფლებას ანიჭებდა. მართალია, სომხეთის პრემიერი ახლა ამბობს, რომ 2020 წლის 9 ნოემბერს გაფორმებული სამმხრივი განცხადება აღარ მოქმედებს, მაგრამ ამას ოფიციალური მოსკოვი არ ეთანხმება.  

დასავლეთთან ურთიერთობები

პოლიტიკურად, აზერბაიჯანის დამოკიდებულება დასავლეთის მიმართ საკმაოდ ცივია. უფრო მეტიც, ბაქოს მხრიდან ხშირად ისმის მწვავე კრიტიკა, რადგან მას არც საფრანგეთთან სომხეთის სამხედრო-პოლიტიკურ დაახლოება მოსწონს და არც სომხეთში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის არსებობით არის კმაყოფილი.

თუმცაღა, ეკონომიკურ სფეროში ურთიერთობა დინამიურად ვითარდება. უფრო მეტიც ნავთობით და გაზით მდიდარი  ბაქოს როლი ევროკავშირისთვის გაზრდილია მას შემდეგ, რაც უკრაინაში შეჭრის გამო ევროკავშირმა რუსეთზე ენერგო-დამოკიდებულების შემცირების პოლიტიკა წამოიწყო.  

რაც შეეხება სომხეთს, იგი ცდილობს დაუახლოვდეს დასავლეთის ქვეყნებს, განსაკუთრებით კი საფრანგეთს, რათა ამით საკუთარი უსაფრთხოება განიმტკიცოს. ამასთან, ფაშინიანის მთავრობის დღის წესრიგში სულ უფრო აქტიურად ჩნდება ევროკავშირთან დაახლოების. რაც შეეხება ეკონომიკას, სომხეთი არც მნიშვნელოვან სატრანსპორტო დერეფანს წარმოადგენს და ბაქოსგან განსხვავებით არც ენერგორესურსებით არის მდიდარი.

რუსეთთან ურთიერთობები 

პოლიტიკურად, აზერბაიჯან-რუსეთის ურთიერთობები საკმაოდ მჭიდროა, თუმცა ბაქო გარკვეული დისტანციის შენარჩუნებას მაინც ცდილობს. ძალიან ბევრი, მათ შორის აზერბაიჯანელი, ექსპერტი აღნიშნავს, რომ ამ ორი ქვეყნის ინტერესები დღეს ბევრ საკითხში ერთმანეთს ემთხვევა.

აი სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებში კი მკვეთრი გაუარესების დინამიკა აშკარად სახეზეა. ერევანმა ამ წლის დასაწყისიდან დე-ფაქტო შეაჩერა კოლექტიური ხელშეკრულების ორგანიზაციაში მონაწილეობა და სულ ახლახან, ამ ორგანიზაციის დაფინანსების შეწყვეტის გადაწყვეტილებაც მიიღო.  სომხეთის მაღალი რანგის თანამდებობის პირები სულ უფრო ხშირად გამოხატავენ წყენას და კრიტიკას მოსკოვის მიმართ. არც რუსეთი აკლებს ხელს: როგორც ოფიციალურ ხელისუფლების წარმომადგნელები, ისე რუსი პროპაგანდისტები სომხეთის ხელისუფლებას „ერევანის მმართველებად“ მოიხსენიებენ და ხშირად დებენ ბრალს არასწორი და პროვოკაციული პოლიტიკის გატარებაში. ამ გაცივებული ურთიერთობების ერთგვარად გამოსწორების ნიშნად იქცა პრეზიდენტ ფაშინიანის ჩასვლა პუტინის ინაუგურაციაზე, მოსკოვში.

ეკონომიკას რაც შეეხება აქ ყველაფერი კარგადაა. როგორც რუსეთ-აზერბაიჯანის, ისე რუსეთ-სომხეთის ორმხირივი ვაჭრობა დინამიურად იზრდება. საერთაშორისო მედიაში გამოქვეყნებულ სხვადასხვა პუბლიკაციებში აზერბაიჯანი და სომხეთი ხშირად ხვდებიან იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომლებიც რუსეთს სანქციების თავიდან არიდებაში ეხმარებიან.

ეკონომიკური თვალსაზრისით აზერბაიჯანი მაინც ალბათ უფრო მნიშვნელოვანი პარტნიორია რუსეთისთვის ვიდრე სომხეთი. ამას განსაკუთრებით ის გარემოება განაპირობებს, რომ ამ ორ ქვეყანას შორის ნავთობის და გაზის სფეროშიც იზრდება თანამშრომლობა და ასევე, ისინი ჩრდილოეთ-სამხრეთის დამაკავშირებელი მსხვილი საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის პროექტის განხორციელებაშიც ერთად არიან.

კარგავს თუ არა მოსკოვი გავლენას ბაქოსა და ერევანზე?

პოსტ-ყარაბაღმა ერთი შეხედვით თითქოს შეასუსტა მოსკოვის გავლენა აზერბაიჯანსა და სომხეთზე. თუმცა, ამავე დროს, გაზარდა ამ ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულება. ალმათის ფორმატით ვაშინგტონი და ბრიუსელი აზერბაიჯან-სომხეთის სამშვიდობო მოლაპარაკების მედიაციიდან ჩაიხსნა. თავად მოლაპარაკებები კი იქ გაგრძელდება, სადაც რუსეთის გავლენა უფრო დიდია ვიდრე დასავლეთისა.

ამასთან, მოსკოვი ბაქოს ერთგვარ კარტბლანშს აძლევს ერევანთან მიმართებაში. ამის ძირითადი მიზანი, ფაშინიანის ხელისუფლების დასუსტება და სომხეთში პრო-რუსული ძალების გაძლიერებაა. აზერბაიჯან-სომხეთს შორის ძალთა არსებული ბალანსიდან გამომდინარე სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება ბაქოს პირობებით თუ მოხდება. ამასთან, ამით ალბათ არ ამოიწურება მხარეებს შორის არსებული პრობლემები, რაც მოსკოვის ინტერესებშია.

Exit mobile version