პრემიერი კვლავ „მეორე ფრონტის გახსნის მცდელობებზე“ საუბრობს და ენმ-ს აკრიტიკებს

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, 11 თებერვალს, ბაკურიანში, სტუმრობისას, სადაც ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში დაგეგმილი მსოფლიო ჩემპიონატის საორგანიზაციო სამუშოებს გაეცნო, ჟურნალისტებთან საუბრისას, საქართველოში „მეორე ფრონტის გახსნის მცდელობა“ კიდევ ერთხელ ისაუბრა და ბოლო დღეებში, ქვეყნის მასშტაბით მოწყობილი საპროტესტო აქციების გამო ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც გააკრიტიკა.

„მეორე ფრონტის გახსნის მცდელობა“

უკრაინაში მიმდინარე ომზე საუბრისას, ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მოქმედმა ხელისუფლებამ მოახერხა, რომ ქვეყნისთვის აერიდებინა „ყველაზე დიდი განსაცდელი“ – ომი. მიუხედავად საერთაშორისო პარტნიორების არაერთი განმარტებისა, რომ მათ საქართველოს ომში ჩართვა არასდროს უცდიათ, პრემიერმა კიდევ ერთხელ გაიმორა, რომ „სამწუხაროდ, არ ჩერდება“ მცდელობა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი „რამენაირად გადმოსულიყო ჩვენს ქვეყანაში“.

„ამის თაობაზე ჩვენ პირდაპირ მოვისმინეთ განცხადებები უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებისგან, რომ მათი მიზანი იყო მეორე ფრონტის გახსნა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ „ამ მიზანს ემსახურებოდა ყოფილი პრეზიდენტის, [მიხეილ] სააკაშვილის შემოგზავნა საქართველოში და ძალიან ბევრი პროვოკაცია, რომელიც მათ მიერ არ წყდება, სამწუხაროდ“.

პრემიერმა „უკრაინელ მეგობარ ხალხს“ მშვიდობა, ომის დროულად დასრულება და ტერიტორიების დაბრუნება უსურვა, თუმცა, ისიც დაამატა, რომ „ომის დაწყებიდან დღემდე უკვე 20 % არის ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიის, ათიათასობით ადამიანია დაღუპული, ასეულობით მილიარდი დოლარის ზარალი მიადგა უკრაინას“.

„ზოგი ამბობს, რომ ეს არის უკვე ტრილიონი დოლარი, ზოგი ამბობს 700-800 მილიარდი, ამას ვინ მოთვლის. რაც მთავარია, გარდა სამხედროებისა, ძალიან მძიმე დანაკარგები აქვს ორივე მხარეს, სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, მოქალაქეები დაიღუპნენ, ბავშვები. ამ ზარალს და დანაკლისს, ამ ტკივილს ვერაფერი აღადგენს“, – უთხრა პრემიერმა ჟურნალისტებს და აღნიშნა, რომ ამის ფონზე, „მცდელობაც არ ჩანს, რომ ეს ომი გაჩერდეს, მხარეები დაუბრუნდნენ რამენაირად მოლაპარაკების მაგიდას“, რაც „არის შემაშფოთებელი“.

ირაკლი ღარიბაშვილმა ისიც თქვა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის გამო მთელ მსოფლიოსა და რეგიონში „გარემო კიდევ უფრო მეტად არაპროგნოზირებადი გახდა“. „შესაბამისად მინდა გითხრათ, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, არის და იქნება ჩვენი ხალხის ინტერესების დაცვა, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა, რაც ჩვენს ქვეყანას და ხალხს სჭირდება ჩვენ მხოლოდ იმ გადაწყვეტილებას მივიღებთ და იმ საქმეს გავაკეთებთ“, – განაცხადა პრემიერმა.

ენმ-ის მიმართ კრიტიკა

პრემიერმა ღარიბაშვილმა ბოლო დღეებში, ქვეყნის მასშტაბით ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პატიმრობაში მყოფი საქართევლოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის აქციების ჩატარების გამო გააკრიტიკა და თქვა, რომ „ეს რადიკალურ-ექსტრემისტული პარტია რაღაც კომიკურ ორგანიზაციად გარდაიქმნა“. „მათი ყველა ეს უსუსური მცდელობა კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ეს არის ყოვლად გაკოტრებული, დისკრედიტირებული და მარგინალიზებული რადიკალური ძალა“, – განაცხადა მან.

ამის შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილმა დასძინა, რომ მისთვის არც ენმ-ის მიერ ორგანიზებული აქციებია საინტერესო და არც „მათი უაზრო განცხადებები“. „ჩვენ მთავარი უნდა ვაკეთოთ – ჩვენ უნდა ვაკეთოთ საქმე, ვემსახუროთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს, რაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება, ის უნდა ვაკეთოთ მხოლოდ“.

„ასე, რომ ჩემთვის ნამდვილად არ არის საინტერესო, ისინი რას გეგმავენ. ჯერ კიდევ ძალიან ბევრი საკითხია მოუგვარებელი, ჩემთვის მთავარია, რომ ყველა საკითხი გადავჭრათ, მოვაგვაროთ, და კიდევ უფრო ძლიერი და მაგარი ქვეყანა გვქონდეს, ვიდრე გვაქვს“, – აღნიშნა პრემიერმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version