ირაკლი შოთაძე ჰააგის სასამართლოს მთავარი პროკურორის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 26 სექტემბერს განაცხადა, რომ გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძე საქართველოში ვიზიტად მყოფ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მთავარი პროკურორის მოადგილეს, ნაზატ შამიმ ხანს შეხვდა.

გენერალური პროკურატურის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ჰააგის სასამართლოს პროკურორის ოფისის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ცალკეული საკითხები მიმოიხილეს.

მხარეებმა 2008 წლის რუსეთ-საქართველო აგვისტოს ომის საქმეზე საერთაშორისო სასამართლოებში მიღებულ გადაწყვეტილებებზეც ისაუბრეს, რომელიც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინასასამართლო პალატის მიერ პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის სამი ყოფილი მაღალჩინოსნის მიმართ დაკავების განჩინებების გამოცემას ეხება.

„შეხვედრაზე ხაზგასმით განაცხადეს, რომ აღნიშნული პირების მიერ ჩადენილი ქმედება, რომელიც ეხება ეთნიკურად ქართველების თავისუფლების უკანონო აღკვეთას, მათ მიმართ წამებას და არასათანადო მოპყრობას, მძევლად აყვანას და შემდგომ უკანონო გადაცემას, წარმოადგენს უმძიმეს ომის დანაშაულს“, – ნათქვამია გენერალური პროკურატურის განცხადებაში.

ამავე ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებმა ქართულ მხარესა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობასაც გაუსვეს ხაზი. ამასთან, მხარეები გამოცდილების გაზიარებასა და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაზეც შეთანხმდნენ.

„განვიხილეთ საქართველოს პროკურატურის მონაწილეობა 2008 წლის ომის გამოძიების ფარგლებში, ასევე მომავალი თანამშრომლობის გაძლიერება ამ მიმართულებით“, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

თავის მხრივ, ჰააგის სასამართლოს მთავარი პროკურორის მოადგილემ თქვა, რომ „… გვქონდა ძალიან კარგი დისკუსია საქართველოსთან ერთად ჩვენი მუშაობის შესახებ“.


ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მთავარი პროკურორის მოადგილე საქართველოში, პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 27-ე წლიური კონფერენციისა და გენერალური შეხვედრის ფარგლებში სტუმრობს, რომელიც 25-29 სექტემბერს, თბილისში იმართება.

საქართველოს გენერალური პროკურატურის ცნობით, ოთხდღიანი კონფერენციის მონაწილეები შემდეგ საკითხებზე იმსჯელებენ: პროკურატურებს შორის პირდაპირი საერთაშორისო თანამშრომლობა; ომის დანაშაულებზე ეფექტიანი რეაგირება; კოვიდპანდემიის შედეგად შექმნილი ინსტიტუციური გამოწვევები და საპასუხო ღონისძიებები; კიბერდანაშაულის ტიპოლოგიების ევოლუცია და სხვ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version