ევროკავშირმა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულებაზე ანგარიში გამოაქვეყნა

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურმა 13 აგვისტოს საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმება რეფორმების მამოძრავებელი ძალა იყო და მთლიანობაში, ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) შესახებ შეთანხმების ფარგლებში კარგად მიმდინარეობს და პროგრესირებს.

თუმცა, ანგარიშში ხაზგასმულია, რომ 2021 წელს არსებული გამოწვევები „ქვეყნის დემოკრატიულ საფუძვლებს ძირის გამოთხრის საფრთხეს უქმნიდა“, მათ შორის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შეზღუდვები პარლამენტის ფუნქციონირებაში; ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დაფიქსირებული ხარვეზები; 2021 წლის 5-6 ივლისის ჰომოფობიური ძალადობა და სხვ.

ანგარიში ბოლო მოხსენების გამოქვეყნებიდან (2021 წლის 5 თებერვალი) საბჭოს მორიგ სხდომამდე პერიოდს ასახავს, რომელიც 2022 წლის 6 სექტემბერს არის დაგეგმილი.

დოკუმენტში ასევე ნათქვმია, რომ „2021 წელს საქართველოს მაჩვენებელი ევროკავშირის დეკლარაციებისა და საბჭოს გადაწყვეტილებების მიერთებასთან დაკავშირებით იყო 53%, რაც 2020 წლის 62%-თან შედარებით დაიწია. 2022 წლის პირველ ნახევარში ეს მაჩვენებელი კიდევ 42%-მდე შემცირდა“.

2020 წლის საპარლამენტო და 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები

ანგარიშში ეუთო/ოდირის ანგარიშზე დაყრდნობით, ნათქვამია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდა და საერთო ჯამში, ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იყო. „თუმცა, არჩევნების ჩატარებაზე გავლენა მოახდინა ამომრჩევლებზე ზეწოლასთან დაკავშირებულმა და მთელი წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში და არჩევნების დღეს მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ზღვარის ბუნდოვანების შესახებ გავრცელებულმა ბრალდებებმა, რამაც პროცესის ზოგიერთი ასპექტის მიმართ საზოგადოების ნდობა შეამცირა. ოპოზიციურმა პარტიებმა არჩევნების ლეგიტიმურობა ეჭვის ქვეშ დააყენეს და მანდატების აღებაზე უარი განაცხადეს“.

დოკუმენტში, 2021 წელს მმართველ პრტიასა და ოპოზიციას შორის ევროკავშირის შუამავლობით მიღწეულ 19 აპრილის შეთანხმებაზეც არის ყურადღება გამახვილებული, რამაც „ოპოზიციის ბოიკოტი დაასრულა და ძირითადი რეფორმების წინ წაწევის საერთო გზა გამოკვეთა“. თუმცა, იქვე ხაზგასმულია, რომ ქართულმა ოცნებამ შეთანხმება 2021 წლის ივლისში დატოვა, ნაციონალური მოძრაობა კი – მას მხოლოდ მმართველი პარტიის გასვლის შემდეგ შეუერთდა.

„შეთანხმების ძირითადი ნაწილები – განსაკუთრებით სასამართლო რეფორმა და ძალაუფლების განაწილება პარლამენტში – ამ ანგარიშის დაწერის დროს კვლავ შეუსრულებელი რჩება“.

2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დოკუმენტში ასევე ეუთო/ოდირის დასკვნაზე მითითებით ნათქვამია, რომ „არჩევნები ზოგადად კარგად იყო ადმინისტრირებული, მაგრამ მუდმივმა პოლარიზაციამ, ნეგატიური რიტორიკის გამწვავებასთან ერთად, უარყოფითად იმოქმედა პროცესზე“.

„საარჩევნო კამპანია კონკურენტული იყო და კანდიდატებს, როგორც წესი, შესაძლებლობა ჰქონდათ საარჩევნო კამპანია თავისუფლად წარემართათ, მაგრამ ბრალდებები ამომრჩეველთა დაშინებისა და ზეწოლის შესახებ გაგრძელდა. რესურსებს შორის მკვეთრი დისბალანსი და ხელისუფლებაში ყოფნით მინიჭებული უპირატესობა მმართველ პარტიას აძლევდა ხელს და საასპარეზო პირობები შეცვალა“, – ვკითხულობთ იქვე.

სასამართლო სისტემის რეფორმა

„სასამართლო სისტემაში რეფორმები გასული წლის განმავლობაში შეჩერდა და საკვანძო სფეროებში რეგრესიც კი განიცადა“, – ნათქვამია ანგარიშში. დოკუმენტში ასევე ხაგასმულია, რომ მიუხედავად ხელისუფლების მიერ სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულების და ხარისხის გაზარდის ვალდებულების არაერთგზის აღებისა, მათ შორის, მოსამართლეთა დანიშვნებამდე შერჩევის პროცესში ცვლილებების მიღებისა, 2021 წელს უზენაეს სასამართლოში 11 მოსამართლე დაინიშნა.

„ეუთო/ოდირის საბოლოო მონიტორინგის ანგარიშის თანახმად, პარლამენტის მიერ განხორციელებული დანიშვნის პროცედურის ეტაპი კვლავინდებურად არ ითვალისწინებს საკმარის სამართლებრივ გარანტიებს, რაც უარყოფითად აისახება მთლიანი პროცესის კეთილსინდისიერებაზე“, – ნათქვამია ანგარიშში.

იქვე ხაზგასმულია, რომ მიუხედავად ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს მოწოდებისა, რომ შემდგომ სასამართლო დანიშვნებში პაუზა გაკეთებულიყო, მოსამართლეთა კონფერენციამ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მთლიანობაში ექვსი მოსამართლე წევრი „ნაჩქარევად, წინასწარი განცხადებისა და საჭირო შემოწმების გარეშე“ დანიშნა. „იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხუთი არამოსამართლე წევრის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გამოცხადებული ვაკანსია შეუვსებელი დარჩა“.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციისა და 19 აპრილის შეთანხმების მიუხედავად მომავალი გენერალური პროკურორის არჩევნისთვის პარლამენტის კვალიფიციური უმრავლესობით არჩევის შესახებ დებულება არ შენარჩუნდა.

პოლიტიკურად სენსიტიური სამართლებრივი საკიხები

პოლიტიკურად სენსიტიურ სამართლებრივ საკითხებზე საუბრისას დოკუმენტში ხაზგასმულია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარისთვის, ნიკა მელიასთვის სდეპუტატო იმუნიტეტის მოხსნა და მისი დაკავება; ლელოს ლიდერების – მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ გამატყუნებელი განაჩენის გამოტანა; ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიასთვის 3.5 წლით პატიმრობის მისჯა; საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ციხეში ყოფნის ამსახველი კადრების გმოქვეყნება და საკუთარ სასამართლო პროცესებზე დასწრების უფლების სავარაუდო დარღვევა.

დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებზე სავარაუდო მიყურადება

ანგარიშში 2021 წელს, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან შესაძლო ფარული მიყურადებაზე (მათ შორის, დიპლომატებზე), გავრცელებულ ცნობებზეც არის ყურადღება გამახვილებული და ნათქვამია, რომ საკითხზე საქართველოს ხელისუფლების მიერ დაწყებული გამოძიება ჯერ არ დასრულებულა.

დოკუმენტში ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების არეალის გაფართოებისა და დროის გახანგრძლივების შესახებ პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებებიც არის აღნიშნული, რამაც „გამოიწვია შეშფოთება პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებასთან დაკავშირებით“.

მედიაგარემო

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ საქართველოს მედიაგარემო კვლავ პლურალისტური და კონკურენტუნარიანია, მაგრამ ასევე ძალზე პოლარიზებული. ანგარიშში პრესის თავისუფლების მიმართლებით საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს პოზიციების გაუარესებაზეც არის ყურადღება გამახვილებული. იქვე ნათქვამია, რომ „ულტრამემარჯვენე ჯგუფმა ალტინფომ მთელი ქვეყნის მასშტაბით სატელევიზიო მაუწყებლობის უფლება მოიპოვა“.

ანგარიში 2021 წლის 5 ივლისს, ჟურნალისტებზე ჰომოფობიურ ძალადობაზე, ლგბტ+ თემის მხარდამჭერი ორგანიზაციის, „თბილისი პრაიდის“ ოფისში „ძალადობრივი დემონსტრანტების“ შეჭრასა და „ღირსების მარშის“ გაუქმებაზეც ამახვილებს ყურადღებას.

„მთავრობამ და სამართალდამცავებმა მშვიდობიანი შეკრების უფლება და მომიტინგეების უსაფრთხოება საკმარისად ვერ დაიცვეს. თავდამსხმელების წინააღმდეგ სამართლებრივი ღონისძიებები გრძელდება; თუმცა კოორდინირებული თავდასხმის ორგანიზატორებს ბრალი არ წაუყენეს“.

ინსპექტორის სამსახურის გაუქმება, ომბუდსმენის აპარატი და სამოქალაქო საზოგადოება

დოკუმენტში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის „წინასწარი კონსულტაციების გარეშე“ გაუქმებაზე, ინსპექტორის „ფორმალური პროცედურების გარეშე“ გათავისუფლებასა და სანაცვლოდ ორი ახალი უწყების შექმნაზეც არის ყურადღება გამახვილებული, „რამაც ინსტიტუციური დამოუკიდებლობისთვის საფრთხესთან დაკავშირებით შეშფოთება გამოიწვია“.

„ეუთო/ოდირის 2022 წლის 18 თებერვლის მოსაზრებით საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ დადგინდა, რომ პროცესი, რომლითაც ეს ცვლილებები განხორციელდა, საფრთხეს უქმნის კანონის უზენაესობასა და დამოუკიდებელი ინსტიტუტების ფუნქციონირებას საქართველოში“, – ნათქვამია დოკუმენტში.

დოკუმენტის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებამ მხოლოდ ნაწილობრივ შეასრულ სახალხო დამცველის აპარატის მიერ გაცემული რეკომენდაციები. იქვე „გარკვეულ პოლიტიკურად სენსიტიურ“ საკითხებზე „ხმამაღალი გამოხმაურების“ გამო ომბუდსმენის ოფისის მიმართ ზეწოლაზეც არის გამახვილებული. აღნიშნულ კონტექსტში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქმეზე ომბუდსმენის რეაგირებაზეა ხაზგასმული, რის გამოც, იყო მცდელობები „სახალხო დამცველის აპარტის დამოუკიდებლობის შერყევისა და მისი თანამშრომლების კეთილსინდისიერების ეჭვქვეშ დაყენების“.

„სამოქალაქო საზოგადოება კვლავ ძალიან აქტიურად იყო ჩართული ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების მონიტორინგში, პოლიტიკის ფორმულირებასა და მთავრობის ანგარიშვალდებულების საკითხში, მათ შორის, ადგილობრივ დონეზე“, – ნათქვამის დოკუმენტში.

გენდერული თანასწორობა და თანაბარი უფლებები

დოკუმენტის თანახმად, გენდერული თანასწორობა კვლავ გამოწვევად რჩება, განსაკუთრებით გენდერული და ოჯახში ძალადობის საკითხები. ეს ცხადყოფს გადარჩენილთა მხარდაჭერის გაძლიერების, დამნაშავეთა რეაბილიტაციის პროგრამების და ცნობიერების ამაღლების კამპანიების მნიშვნელობას, განსაკუთრებით ადგილობრივი თემის დონეზე.

ანგარიშში ასევე ხაზგასმულია, რომ 2021 ასევე პრობლემური იყო თანასწორი უფლებებისა და მოპყრობის მხრივ მდგომარეობა, განსაკუთრებით ლგბტ+ პირების მიმართ, „2021 წლის 5 ივლისის ძალადობამ აჩვენა“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)