სახელწმიფო ინსპექტორის თქმით, პენიტენციურმა სამსახურმა სააკაშვილის ვიდეოები უკანონოდ გაავრცელა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა7 დეკემბერს განაცხადა, რომ იუსტიციის სამინისტრომ და სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვიდეოკადრების გავრცელებით „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონი დაარღვიეს.

ინსპექტორის სამსახურმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის 44-ე მუხლის დარღვევისთვის იუსტიციის სამინისტრო 500 ლარით, სპეციალური პენიტენციური სამსახური კი – 2 000 ლარით დააჯარიმა. იმის გათვალისწინებით, რომ კანონის დარღვევისთვის, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს წლის განმავლობაში ჯარიმა უკვე დაკისრებული ჰქონდა, ამჯერად მას ამ მუხლით გათვალისწინებული უმაღლესი ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევს.

ამასთან, ინსპექტორის სამსახურმა იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს Facebook-დან და ვებგვერდებიდან ამ ვიდეოების წაშლაც დაავალა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განმარტებით, იუსტიციის სამინისტრომ და სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ვიდეოების გავრცელება მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით ახსნეს, ვინაიდან მათივე განმარტებით, ყოფილი პრეზიდენტის უფლებრივი და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ „მცდარი“ ინფორმაცია ვრცელდებოდა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თქმით, 11 ნოემბერს გამოქვეყნებული ჩანაწერები, რომლებშიც ჩანს, რომ პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს იგი გლდანის ციხის საავადმყოფოში მისი ნების საწინააღმდეგოდ შეჰყავთ, „ღირსების შემლახავი ფორმით მონაცემების დამუშავებად“ უნდა შეფასდეს.

რაც შეეხება რეანომობილში გადაღებულ კადრებს, რომლებიც იმ ეპიზოდს ასახავენ, სანამ ყოფილ პრეზიდენტს ციხის დაწესებულებაში ძალის გამოყენებით გადაიყვანდნენ, ინსპექტორის სამსახურმა განაცხადა, რომ მისი გამოქვეყნება ვერ იქნება მიჩნეული საზოგადოებრივი ინტერესის დაკმაყოფილების „თანაზომიერ“ და „ადეკვატურ“ ზომად.

ამასთან, ინსპექტორის სამსახურის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მიერ რუსთავის ციხის დატოვების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელება იმის დემონსტრირებისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილმა ნამდვილად საკუთარი ნებით დატოვა დაწესებულება, ვერ ჩაითვლება კანონიერად, ვინაიდან საპირისპირო დასტურდება შემოწმების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებებით.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა იუსტიციის სამინისტრო და სპეციალური პენიტენციური სამსახური 6 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილის მიერ საკვები დანამატების მიღების ამსახველი ფოტო და ვიდეომასალის გავრცელების გამოც გააკრიტიკა.

სამსახურის შეფასებით, ჩანაწერების გასაჯაროება იმ კონტექსტში, რომ „ეს წარმოადგენდა მიხეილ სააკაშვილის მიერ საკვების მიღების ამსახველ უტყუარ მტკიცებულებას, იმ ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდების გარეშე, რომ მათი მიღება იყო რეკომენდირებული ექიმების მიერ და ნებადართული შიმშილობის დროს, აჩენდა მიხეილ სააკაშვილის მიერ მოჩვენებითი შიმშილობის განცდას“.

„პაციენტის შესახებ ასეთი ინფორმაციის გავრცელება, ერთი მხრივ, საფრთხეს უქმნის მოშიმშილე პატიმრის ჯანმრთელობას და მეორე მხრივ, აყალიბებს უნდობლობას პაციენტსა და სამედიცინო მუშაკს შორის, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპია სათანადო მომსახურების გასაწევად“, – განაცხადა ინსპექტორის სამსახურმა.

სამსახურისვე თქმით, მიხეილ სააკაშვილის მიერ პენიტენციური დაწესებულების მაღაზიაში გარკვეული პროდუქტების შეძენის შესახებ 8 ოქტომბერს გავრცელებული ინფორმაციით ასევე დაირღვა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონი. ინსპექტორის სამსახურის თქმით, პენიტენციურმა ვერ უზრუნველყო მასთან დაცული ინფორმაციის კონფიდენციალურობა, ვინაიდან ამავე თემაზე მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების განცხადებები პენიტენციურ დაწესებულებაში დაცული ინფორმაციის იდენტური იყო.

ამასთან, ინსპექტორის სამსახურმა ხაზი გაუსვა, რომ კანონიერი იყო პენიტენციური სამსახურის მიერ 10 ოქტომბერს გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც მიხეილ სააკაშვილის წნევის, პულსის, სატურაციის, გლუკოზის მონაცემებს შეეხებოდა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მანამდეც განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გავრცელება უნდა მოხდეს მინიმალური მოცულობით, „მონაცემთა სუბიექტის ღირსების შეულახავად და მკაფიოდ განსაზღვრული კანონიერი მიზნით“.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მიხეილ სააკაშვილის ციხის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანისას მის მიმართ შესაძლო არაადამიანური მოპყრობის საქმესაც იძიებს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version