სოხუმი უცხოური არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების პროექტებზე წინასწარ შეთანხმებას ითხოვს 

ოკუპირებული აფხაზეთის „საგარეო საქმეთა სამინისტრომ“, რომლის ხელმძღვანელადაც ცოტა ხნის წინ კრემლის ყოფილი თანამშრომელი, ინალ არძინბა დაინიშნა, აფხაზეთში მოქმედი უცხოური არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან განსახორციელებელ პროექტებზე წინასწარი შეთანხმება მოითხოვა.

აფხაზეთის „კანონმდებლობაზე“ დაყრდნობით, „საგარეო საქმეთა სამინისტრომ“ განაცხადა, რომ ნებისმიერ პროგრამას, მათ შორის, ადგილობრივ ახალგაზრდებთან შეხვედრას, მრგვალი მაგიდებისა და სემინარების ორგანიზებას, საინფორმაციო მასალების გავრცელებას ან საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასთან და ორგანიზაციებთან შეხვედრების მომზადებას წინასწარი თანხმობა ესაჭიროება.

ამავე ინფორმაციით, საერთაშორისო ორგანიზაციებს თავიანთი პროექტების განხორციელების შესახებ ანგარიშების, ასევე თანამშრომლების შესახებ ინფორმაციისა და დაფინანსების წყაროების შესახებ ფინანსური დოკუმენტაციის წარდგენა ევალებათ.

იმ ორგანიზაციებს შორის, რომლებიც ოკუპირებულ აფხაზეთს ეხმარებიან, არიან გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი (UNHCR), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი (ICRC). ეს ორგანიზაციები თავიანთ საქმიანობებს საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასთან კოორდინაციით ახორციელებენ.

ამ გადაწყვეტილებას წინ უძღვოდა 29 ნოემბერს არძინბას შეხვედრა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. შეხვედრას ესწრებოდნენ ICRC-ის, UNDP-ის, UNHCR-ის, გაეროს ბავშვთა ფონდის, გაეროს ქალთა ორგანიზაციის, სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის, World Vision International-ის, დანიის ლტოლვილთა საბჭოს, მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ და ჰალო ტრასტის წარმომადგენლები.

შეხვედრაზე არძინბამ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მათი ორგანიზაციების პროგრამების კოორდინაციაში აქტიური თანამშრომლობა შესთავაზა. მისმა მოადგილემ, ირაკლი ტუჟბამ 30 ნოემბერს განაცხადა, რომ შეხვედრაზე სოხუმის წარმომადგენლებმა ორგანიზაციებს პროექტებზე წინასწარი შეთანხმება მოსთხოვეს.

კრემლის ყოფილი თანამშრომელი ოკუპირებული რეგიონის „საგარეო საქმეთა მინისტრი“ 17 ნოემბერს გახდა. მან ამ პოსტზე დაურ კოვე შეცვალა. არძინბა მანამდე რუსეთის საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის საქმეთა საბჭოს თავმჯდომარე იყო. 2014 წლიდან იგი კრემლში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. კერძოდ, იგი დსთ-სთან, აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან ურთიერთობებში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მაშინდელი თანაშემწის, ვლადისლავ სურკოვის, თანაშემწე იყო. ამ რანგში, არძინბა უკრაინასთან, მათ შორის, დონეცკისა და ლუჰანსკის რეგიონებთან ურთიერთობებს კურირებდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version