თბილისის საკრებულომ თავმჯდომარე და სხვა თანამდებობის პირები აირჩია

თბილისის საკრებულომ, სადაც ქართულმა ოცნებამ უმრავლესობა მოიპოვა, 3 დეკემბერს გამართულ პირველ სხდომაზე თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილეები და კომისიების თავმჯდომარეები აირჩია.

27 ხმით ერთის წინააღმდეგ, დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარედ კვლავ ქართული ოცნების წევრი, გიორგი ტყემალაძე აირჩიეს.

საკრებულოს წევრებმა გიორგი ახვლედიანი თავმჯდომარის პირველ მოადგილედ, ხოლო თინათინ ნიბლოშვილი და ზურაბ აბაშიძე მოადგილეებად აირჩიეს.

იმავე დღეს, საკრებულოს წევრებმა კომისიების თავმჯდომარეებიც აირჩიეს:

თბილისის საკრებულოს პირველ სხდომაზე ქართულმა ოცნებამ, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ და საქართველოსთვის შესაბამისი ფრაქციებიც ჩამოაყალიბეს.

ნაციონალურმა მოძრაობამ და პარტიამ საქართველოსთვის პირველი სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს. გიორგი გახარიას პარტიამ ამის მიზეზად თანამდებობის პირების თანამშრომლობის გზით არჩევაზე ქართული ოცნებისა და ოპოზიციის უარი დაასახელა. იმავდროულად, ნაციონალურმა მოძრაობამ განაცხადა, რომ ამ ქმედებით სოლიდარობა გამოუცხადა ბათუმის საკრებულოში არჩეული ნაციონალური მოძრაობის გარდაცვლილ წევრს, ნუგზარ ფუტკარაძეს, რომელიც პარტიის მტკიცებით, ქართული ოცნების ზეწოლის სამიზნე გახდა, რათა ის მმართველი გუნდის მხარეს გადასულიყო. ორივე პარტიამ აღნიშნა, რომ მიუხედავად პირველი დღის პროტესტისა, ისინი საკრებულოს მუშაობაში ჩაერთვებიან.

2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, ქართულმა ოცნებამ თბილისის საკრებულოში 29 მანდატი მოიპოვა, ნაციონალურმა მოძრაობამ – 13, საქართველოსთვის – 4, ლელომ – 2, გირჩი-მეტი თავისუფლებამ – 1, პარტიამ ხალხისთვის – 1.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version