პოლიტიკოსთა შეფასებები მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 29 ნოემბერს საქალაქო სასამართლოში, სადაც ე.წ. 7 ნოემბრის საქმე განიხილებოდა, ბრალდებულის სტატუსით ფიზიკურად პირველად წარდგა და საზოგადოებას დაახლოებით 1.20 სთ-იანი პოლიტიკური სიტყვით მიმართა. მიმართვაში ექსპრეზიდენტმა საქართველოში დაბრუნების მიზეზებზე, მის მიმართ გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანისას არაადამიანურ მოპყრობაზე, მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეებზე და სხვა საკითხებზე გაამახვილა ყურადღება.

ყოფილი პრეზიდენტის მიმართვას მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენელთა გამოხმაურება მოჰყვა. „სამოქალაქო საქართველო“ სააკაშვილის სიტყვაზე მხარეთა განსხვავებულ შეფასებებს გთავაზობთ.

მმართველი გუნდის შეფასება

ირაკლი კობახიძე – ქართული ოცნების თავმჯდომარე: „მიხეილ სააკაშვილის გუშინდელმა გამოსვლამ, ალბათ, ყველას გაგვახსენა გაბრიელ გარსია მარკესის ცნობილი ნაწარმოები „პატრიარქის შემოდგომა“. გუშინ, ჩვენ ვიხილეთ ყოფილი დიქტატორი, რომელიც მისტირის ჭარბ ძალაუფლებას, რომელიც მას თავის დროზე ჰქონდა და რომელსაც ის წლების მანძილზე ბოროტად იყენებდა. ჩვენ გვახსოვს მის მიერ ჩადენილი დანაშაულები და კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანია ის, რომ გარდა იმისა, რომ მას აქვს წარსულში ჩადენილი დანაშაულები, ის დღესაც, რომ გამოვიყენოთ სისხლის სამართლის ტერმინოლოგია, არის საზოგადოებრივად საშიში… წამება, არაადამიანური მოპყრობა, გაუპატიურება, ბიზნესის რეკეტი, მედიის მიტაცება, მონოპოლიზაცია, ტერიტორიების გადაცემა – ეს არის მცირე ჩამონათვალი იმ უმძიმესი დანაშაულებისა, რომლებიც ჩაიდინა თავის დროზე მიხეილ სააკაშვილმა, მისმა რეჟიმმა და იმ პოლიტიკურმა პარტიამ, რომელსაც ჰქვია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და რომელსაც აქვს თავისი განშტოებები დღევანდელ პოლიტიკურ მოცემულობაში. ამის გამეორებას ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი არ იმსახურებს და ბუნებრივია, ეს ყველაფერი, ეს დანაშაულები არც გამეორდება“.

მამუკა მდინარაძე – ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე: „ნარატივი უკვე აგერ ცხრა წელია, არის იმგვარი, რომ ერთი რუსეთი ებრძვის მიხელ სააკაშვილს, იმიტომ რომ ასე აწყობთ, ამაზე ბევრი გვაქვს ნასაუბრები. ამ ადამიანმა ბევრი საქმე გაუკეთა ძალიან პუტინსაც და რუსეთსაც, მაგრამ ამის გადაფარვა ხდება გაღმა შედავების პრინციპით… როცა ქართულ ოცნებას უწოდებენ რუსულ ძალას, ყველა უნდა დაფიქრდეს იმაზე კი არა, ვინ რას ამბობს, [არამედ იმაზე] ვინ რას აკეთებდა და ვინ რას აკეთებს, ვისი მოქმედებები აწყობდა და ვისი მოქმედებებით მიიღო გარკვეული სარგებელი პირადად, მისმა პრეზიდენტმა პუტინმა… შეცდომა ვერ დაერქმევა ვერასდროს იმ ხალხის წამებას, იმ ხალხის ღირსების საერთოდ გაუქმებას, ამ ქვეყანაში, რომელი ხალხიც ამ ქვეყნის მოსახლეობის სამწუხაროდ ძალიან მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა… ბიზნესების წართმევას და უცებ გახსენებას, თითქოს, ღამის სამ საათზე მოუნდა ვიღაცას, რომ ბიზნესი აჩუქოს სახელმწიფოს. ამას ვერ დაერქმევა შეცდომები, ესაა უდიდესი დანაშაულები“.

ოპოზიციის შეფასება

ხატია დეკანოიძე – ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი: „ეს არის პოლიტიკური სასამართლო, ამას საერთო არაფერი არ აქვს მართლმსაჯულებასთან, ჩვენ [ეს] არაერთხელ ვნახეთ და მიხეილ სააკაშვილი არის საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომლის წინააღმდეგ მიმართულია პრაქტიკულად მთელი რეჟიმი და რეალურად სახელმწიფო ჩართული იყო მის მიმართ არაადამიანურ მოპყრობასა და წამებაში. მე ვერ ვიტყოდი, რომ ახლა, ამ წუთას მისი უფლებები დაცულია“.

სალომე სამადაშვილი – დამოუკიდებელი დეპუტატი: „მე ვფიქრობ, რომ საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისთვის გუშინდელი დღე ძალიან მძიმე იყო, იმიტომ რომ ჩვენ, პირველად თანამედროვე ისტორიაში, ვნახეთ ქვეყნის ყოფილი მეთაური, როგორ ესაუბრება ხალხს და საზოგადოებას გისოსებს მიღმა, სასამართლო დარბაზიდან. მიუხედავად იმისა, სააკაშვილზე ვინ რას ფიქრობს, ყველას გვესმის, რომ გუშინდელი დღე, სწორედ იყო რუსეთის გამარჯვება, რადგან რუსეთს სურს იხილოს ისეთი საქართველო, როგორც ჩვენ გუშინ ვნახეთ. პრეზიდენტი, რომელიც იყო უთანასწორო, მწვავე დაპირისპირებაში რუსეთთან ჩვენი ქვეყნის ევროპული და დასავლური მომავლის უზრუნველყოფის მიზნით, დღეს არის დატყვევებული საკუთარი ხელისუფლების მიერ. არც საერთაშორისო პარტნიორებს ეპარებათ ეჭვი იმაში, რომ ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება… ჩვენ უნდა შევცვალოთ ეს რეალობა, მიხეილ სააკაშვილი უნდა გახდეს უკანასკნელი პოლიტიკოსი, რომელიც იძულებულია საზოგადოებას სასამართლო დარბაზიდან მიმართოს და პოლიტიკური დევნა ამ ქვეყანაში ისტორიას უნდა ჩაბარდეს… შეცდომებისგან არავინ არის დაზღვეული და ვფიქრობ, სააკაშვილმაც აღიარა, რომ არაერთი შეცდომა ჰქონდა“.

იაგო ხვიჩია – ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩი: „მე ვერ აღვიქვი, რომ [მიხეილ სააკაშვილს] რამე გაკვეთილები აქვს გამოტანილი, იმიტომ, რომ რაზეც ბოდიში მოიხადა, იმ საკითხზეც გამოვიდა ისე, რომ ბოდიში მოიხადა იმის გამო, რომ საბოლოო ჯამში, თვითონ შეეხო ცუდად, მაგრამ, ზოგადად, ბოდიშის მოხდა იმისთვის, რომ ხალხს, ჩვეულებრივ ადამიანებს შეეხო ცუდად, მე არ შემიმჩნევია… ის ქართულ ოცნებასთან შეთანხმებით ზის ციხეში და ცოტა ხანში გამოუშვებენ. ერთად მოიფიქრებენ, როგორც აქამდე ჩამოიყვანეს და არჩევნების წინ აგვიფრიალეს, ამით ხმები გადაინაწილეს, გამოშვების რამე გზაც ექნებათ “.

ალეკო ელისაშვილი – პარტია მოქალაქეების დეპუტატი: „რეალურად ეფექტური ქართული სახელმწიფო გვქონდა არასრული 100 წელი და იმ სახელმწიფოს დამფუძნებელმა დავითმა – თავიდან ერთი სოფლის მეფე რომ იყო და უზარმაზარი საქართველო რომ დატოვა, სიკვდილის წინ „გალობანი სინანულისანი“ დაწერა. სახელმწიფოს კი ვაშენებდი მარა ბევრი ცოდვა მაწევს და შეცდომაც ბლომად დავუშვიო და მაპატიეთ, რაც შევცოდეო. დავითმა, აღმაშენებელმა დაწერა ეს! სააკაშვილს კიდე ერთი ნატამალი სინანული არ წამოსცდენია დღეს გრძელი გამოსვლისას. გირგვლიანის საქმე არ არსებობდაო. გელაშვილის საქმეზე მტკიცებულებები არააო. 7 ნოემბრის ამბავიც მიახუთშაბათა ისე აღწერა – არანაირი სინანული, ნატამალი სინანულიც კი. არადა, სინანული და გულწრფელი ბოდიში ღირსებაზე მეტყველებს ადამიანის და ეს ღირსება სააკაშვილს დღეს ოდნავაც არ გამოუვლენია. განა მიკვირს ან ველოდი. მისთვის იყო უკეთესი, მარა – კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოდინდების“.

შალვა ნათელაშვილი – ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე: „ექსპრეზიდენტ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე გუშინდელმა განცხადებამ, რომ 2007 წლის სახალხო გამოსვლები დაგეგმილი იყო მოსკოვიდან კიდევ ერთხელ დამარწმუნა ამ პოლიტიკოსის უცვლელობაში. მსოფლიომ იცის, ბელორუსის პრეზიდენტი ლუკაშენკო პუტინის აჩრდილია და როგორ გაბედავდა მის გარეშე სააკაშვილთან დარეკვას გაფრთხილებით, რომ მოსკოვი მის წინააღმდეგ სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდა? თანაც იმ დროს პუტინის პირადი ოლიგარქი ივანიშვილი ეჯდა გვერდით სააკაშვილს და არა მარტო მის რეჟიმს აფინანსებდა, არამედ ჩვენს დამარბეველ სპეცრაზმელებს პრემიები მისცა „ქართუ ბანკიდან“. ის მიტინგები გამოწვეული იყო ხალხის მრისხანებით სასტიკ რეპრესიებზე, ძალადობაზე, ბიზნესის წართმევა-გადანაწილებაზე, 40 წლის ადამიანების პენსიონრებად და საბჭოთა გადმონაშთებად გამოცხადების, ბენდუქიძის ყველაფრის გაყიდვის მავნე ლიბერალური იდეოლოგიის განხორციელებისადმი პროტესტის შედეგად. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ვარდების რევოლუციად შეფასებულ პრაქტიკულად სახელმწიფო გადატრიალებას არ ეთანხმებოდა მოსახლეობის მინიმუმ ნახევარი, რომლებიც ასევე ქუჩაში გამოვიდნენ“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version