ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდამსხმელებს პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ტელეკომპანია „ფორმულას“ წამყვან ვახო სანაიაზე თავმდამსხმელ სამ პირს ბრალი დაუმძიმა და ჯგუფური ძალადობის მუხლს (126-ე) მუქარისა (151-ე) და დევნის (156-ე) მუხლები დაუმატა, რაც 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

პროკურატურის 26 თებერვლის განცხადებით, ბრალდებულები ვახო სანაიას თავს მისი პროფესიული საქმიანობის გამო დაესხნენ, იგი ჯერ წააქციეს, შემდეგ სცემეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, ერთ-ერთი მათგანი კი – მას „სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა“. პროკურატურის განცხადებით, ინციდენტის შედეგად სანაიამ „სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიიღო“.

პროკურატურამ დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა. აღკვეთის ღონისძიების საკითხზე სასამართლო დღესვე იმსჯელებს.

ვახო სანაიას თავს 24-25 თებერვლის ღამეს, თბილისში, ვაკის ტერიტორიაზე იმ დროს დაესხნენ, როდესაც იგი ოჯახის წევრებთან, მათ შორის, მცირეწლოვან შვილთან ერთად, ავტომობილით აეროპორტიდან შინისკენ მიემართებოდა, თუმცა უამინდობის გამო გაჩერება და სამაშველო სამსახურის გამოძახება მოუხდათ.

მომხდარი თავად სანაიამ და ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან კრიტიკული მედიის მიმართ წარმოებული პროპაგანდის შედეგად შეაფასეს. „უფლებები საქართველომ“ პროკურატურას საქმეზე „შეუწყნარებლობის“ მოტივის (531) დამატებისკენაც მოუწოდა.

ჟურნალისტზე თავდასხმა დაგმეს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, ასევე ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version