ევროპულმა საქართველომ პარტიული სიის ნაწილი წარადგინა

პარტია ევროპულმა საქართველომ 29 სექტემბერს პარტიული სიის ნაწილი წარადგინა. სიის წარდგენისას, პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელმა, თათია ვახტანგაძემ თქვა, რომ სიაში დღეს დასახელებული კანდიდატების რიგითობა პირობითია და ის შეიცვლება.

ევროპული საქართველოს პარტიული სიის ნაწილი ასე გამოიყურება:

ღონისძიებაზე შეკრებილებს პარტიის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ მიმართა და ხაზი გაუსვა, რომ ევროპული საქართველო არის ის გუნდი, რომელიც „ქვეყანას გამოიყვანს გაჭირვებიდან, უიმედობიდან“ და მოიტანს „გარდამტეხ ცვლილებებს“.

მანვე თავისი პარტიის ის „გამორჩეული თვისებაც“ დაასახელა, რომელიც „მას საქართველოში ყველა სხვა პარტიისგან განასხვავებს“. ამ კონტექსტში ბაქრაძემ პარტიის სარჩევნო სიის რიგითობის განსაზღვრაში მოქალაქეების ჩართულობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ პარლამენტში ის „ღირსეული“ კანდიდატები მოხვდებიან, „ვისაც მხარს დაუჭერს ხალხი“.

„ჩვენი პარტია არის იმის მაგალითი, სადაც გადაწყვეტილებას მთლიანად მიიღებს ამომრჩეველი და თქვენ გადაწყვეტთ, თუ ვინ იქნება თქვენი წარმომდგენელი საქართველოში“, – თქვა ბაქრაძემ.

მანვე ისიც განმარტა, თუ რატომ არ ასახელებს პარტია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს და აღნიშნა, რომ ევროპული საქართველოს ამბიცია არა „სკამების განაწილება“, არამედ ხალხის სამსახურში ყოფნა და მათზე ზრუნვაა.

„გუნდში ლიდერები არ გვაკლია, ამ სცენაზევე მინდა გითხრათ მინიმუმ 4-5 ადამიანი, რომელიც იქნება საქართველოს ღირსეული პრემიერ-მინისტრი, [მაგრამ] ჩვენი მთავარი ამოცანაა ვემსახუროთ ხალხს, მოვიტანოთ გარდამტეხი ცვლილებები და ქვეყანა წავიყვანოთ წინ“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ასევე წაიკითხეთ: 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version