ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ცხინვალის მედიის „დეზინფორმაციას“ უარყოფს

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ 21 მაისს განცხადება გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მედიაში გამოქვეყნებულ ცნობებში „არაზუსტად და მცდარად“ აისახა 26 აპრილს სადამკვირვებლო მისიის ქმედება „სამხრეთ ოსეთის“ ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ.

მისიის განცხადებით, ცხინვალის რამდენიმე მედიასაშუალებამ ინფორმაცია გაავრცელა, თითქოს 26 აპრილს ოკუპირებულ რეგიონთან, გამყოფი ხაზის გასწვრის მისიის კერძო ავტომობილები (სასწრაფო დახმარების მანქანები) ადგილობრივებისგან ლუგარის ლაბორატორიაში გასაგზავნი ნიმუშების ასაღებად შეიყვანეს.

მისიამ განმარტა, რომ სასწრაფო დახმარების მანქანები ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პატრულებს თან ახლავს მისიის დაარსების დღიდან. „ისინი წინასწარი სიფრთხილის სტანდარტული ზომაა, რაც ჩვენი თანამშრომლებზე ზრუნვის ვალდებულების ნაწილია, რათა საჭიროების შემთხვევაში, მათ  სწრაფად შეძლონ აუცილებელი დახმარების გაწევა, მაგალითად, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს.“, – ნათქვამია მისიის განცხადებაში.

მისიამ უარყო „ნიმუშების შეგროვების“ შესახებ ინფორმაცია და ხაზი გაუსვა, რომ ამის განზრახვა არ ყოფილა.

„ყველა მხარემ, მათ შორის, სამხრეთ ოსეთის მონაწილეებმა, იციან ეს [პატრულირების] ფაქტები, რომლებიც მათ აუხსნეს ცხელი ხაზის მეშვეობით 26 და 27 აპრილს“, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების მიხედვით, სადამკვირვებლო მისიის მიდგომა „არის სრულად მიუკერძოებელი“ და ის „სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ“ ვითარებას ადგილზე ყოველდღიურად აკვირდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version