პატრიოტთა ალიანსმა საქართველოში NDI-ისა და IRI-ის აკრძალვის მოთხოვნით აქცია გამართა

საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა პარლამენტის ვიცე-სპიკერის ირმა ინაშვილის და პარტიის თავმჯდომარის დავით თარხან-მოურავის ორგანიზებით 26 იანვარს თბილისში აშშ-ის საელჩოს წინ საპროტესტო აქცია გამართა და საქართველოში აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის აკრძალვა მოითხოვა.

პარტიის ლიდერებმა NDI-ის დირექტორის ლორა თორნტონის წინააღმდეგ „პოლიტიკური კორუფციის“ ბრალდებით გამოძიების დაწყება მოითხოვეს.

პატრიოტთა ალიანსის საპროტესტო აქციას წინ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ 16 იანვარს საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების გამოქვეყნება უძღოდა. ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ NDI-მ გამოკითხვის შედეგები განზრახ შეცვალა და რომ ლორა თორნტონი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ პოლიტიკურად მიკერძოებულია.

NDI და IRI რეგულარულად აქვეყნებენ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებს, რომლებიც საზოგადოებაში არსებულ განწყობებს ასახავს.
Exit mobile version