პროკურატურა პარლამენტს ნიკა მელიას იმუნიტეტის მოხსნას თხოვს

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატს ნიკა მელიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით წარუდგინა.

პროკურატურის მიერ 25 ივნისს გავრცელებული განცხადების მიხედვით, მთავარმა პროკურატურამ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, საკანონმდებლო ორგანოს პარლამენტის წევრის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უკვე აცნობა და ბრალდებულის მიმართ პატიმრობის გამოსაყენებლად თანხმობის მიღების წინადადებით მიმართა.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად ახორციელებს იმ პირთა იდენტიფიცირებას, რომლებიც 20-21 ივნისის აქციაზე ახორციელებდნენ აშკარა ძალადობრივ ქმედებებს – ცდილობდნენ პოლიციის კორდონის ძალადობრივი გზით გარღვევას და პარლამენტის შტურმით აღებას, სხვადასხვა საგნებს ესროდნენ სამართალდამცავებს, ფიზიკურად უსწორდებოდნენ მათ და ანადგურებდნენ კერძო საკუთრების ობიექტებს“, – აცხადებენ უწყებაში.

პროკურატურისვე განმარტებით, ამ პირების მნიშნველოვანი ნაწილი უკვე იდენტიფიცირებულია და მათ მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დასაწყებად შესაბამისი ზომები იქნება მიღებული.

მის მიმართ ბრალის წარდგენაზე პირველი კომენტარი უკვე გააკეთა ნიკა მელიამ. მისი შეფასებით, პატივია, როდესაც გახარიასთან, ივანიშვილთან და გავრილოვთან ბრძოლაში დაგიჭერენ. მანვე აღნიშნა, რომ მისთვის აბსოლუტურად გასაგებია, თუკი დეპუტატები მისი დაკავების შესახებ პროკურატურის მოთხოვნას დააკმაყოფილებენ, რადგან მიიჩნევს, რომ ისინი ბიძინა ივანიშვილის ტყვეობაში არიან.

პროკურატურის განცხადებას ოპოზიციური პარტიების თითქმის სრული შემადგენლობა სპეციალური ბრიფინგით გამოეხმაურა, სადაც ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ კოლაბორაციონისტურმა ხელისუფლებამ სამოქალაქო საზოგადოებასთან პოლიტიკური დიალოგის მაგივრად „ბოლშევიკური ტერორი“ დაიწყო.

მისივე განმარტებით, ნიკა მელიას ქმედებაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება და ამით ხელისუფლებას ყურადღების გადატანა სურს. ვაშაძემ ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლებას აღარაფერი უშველის და გახარია „წავა, ვინც არ უნდა დაიჭიროს ამ ხელისუფლებამ“.

20-21 ივნისს თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეების ნაწილმა პარლამენტის წინ მობილიზებული პოლიციის კორდონის გარღვევა და საკანონმდებლო ორგანოში შესვლა სცადა.

საბოლოოდ, სამართალდამცველებმა აქცია ძალის გამოყენებით, რეზინის ტყვიებით, ცრემლსადენი გაზითა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა.

მალევე, მმართველი გუნდის მხრიდან გარკვეული „დესტრუქციული პოლიტიკური ლიდერების“ მიერ აქციის მონაწილეებისადმი პარლამენტის შენობის შტურმით აღების მოწოდებების შესახებ არაერთი მინიშნება გაკეთდა. იმავე შინაარსის ტექსტი შს მინისტრმა გიორგი გახარიამაც გაიმეორა და ხაზი გაუსვა, რომ ყველა მსგავსი ქმედება სათანადოდ იქნებოდა შესწავლილი და მას სამართლებრივი პასუხი მოჰყვებოდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version