საპარლამენტო კვირა: 13-17 მაისი

საკომიტეტო სხდომები

13 მაისს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში“ შესატან ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც ე.წ. „ქუჩური გარჩევის“ კრიმინალიზება მოხდება, მხარი პირველი მოსმენით დაუჭირა.

საკითხი დეპუტატებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა გააცნო. მისი თქმით, დავის უკანონო განხილვა-გადაწყვეტა – ე.წ. „ქუჩური გარჩევა“ ახალი დანაშაულია, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსს ემატება.

კანონპროქტის თანახმად, დასჯადი ხდება წინასწარი შეცნობით დავის უკანონო განხილვის/გადაწყვეტის მიზნით შეკრებაში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს შეკრების მონაწილის მხრიდან ძალადობა, იძულება ან/და ძალადობის, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გახმაურების, ქონების განადგურების მუქარა ან წინასწარი შეცნობით ამ ნაწილით გათვალისწინებულ შეკრებაში პასიური მონაწილეობა, რაც ქმნის შეკრებისას ძალადობის, იძულების ან/და ძალადობის, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გახმაურების, ქონების განადგურების მუქარის განხორციელების აშკარა, პირდაპირ და რეალურ საფრთხეს.

კანონპროექტის მიხედვით, პირი აღნიშნული დანაშაულისთვის ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან შინაპატიმრობით ან თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.

კომიტეტმა ასევე პირველი მოსმენით განიხილა „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ კანონპროექტი. საკანონმდებლო ცვლილებები დეპუტატებს შს მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა გააცნო, რომლის განმარტებითაც, კანონპროექტის მიზანი სქესობრივი დანაშაულის პრევენციის ეფექტიანობა და დანაშაულში მსჯავრდებული პირის მიერ სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ, მისი მონიტორინგი და გარკვეულ დაწესებულებებში დასაქმებასთან დაკავშირებით მისთვის შეზღუდვების დაწესებაა.

„მაგალითად, მასწავლებელს, რომელიც გასამართლდება მუხლით, რომელიც გაუპატიურებას გულისხმობს, არ ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმდეს როგორც ნასამართლობის შემთხვევაში, ასევე სასამართლოს მხრიდან კონკრეტული უფლებების ჩამორთმევის შემთხვევაში“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

პლენარული სხდომები

14 მაისს პლენარულ სხდომა დეპუტატების განცხადებებით დაიწყო, რის შემდეგაც, კანონმდებლებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელეს. მათ შორის იყო 2017 წლის 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ წარმოდგენილი ინიციატივა. პროექტს კენჭს, სავარაუდოდ, მომდევნო სასესიო კვირაში უყრიან.

პარლამენტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილ მინისტრს გიორგი ქობულიას მოუსმინეს

15 მაისს საქართველოს პარლამენტის წევრებმა რამდენიმე დამოუკიდებელი დეპუტატის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილ მინისტრს გიორგი ქობულიას მოუსმინეს. ყოფილი მინისტრი კანონმდებლების წინაშე გაწეული საქმიანობის შესახებ პრეზენტაციით წარსდგა და დეპუტატებს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ხედვები და გეგმები გააცნო.

მინისტრის მოსმენას ძირითადად ოპოზიციის წარმომადგენლები და დამოუკიდებელი დეპუტატები ესწრებოდნენ. ქართულ ოცნებაში თავდაპირველად განაცხადეს, რომ ისინი „გუნდიდან წასული განაწყენებული ადამიანების შეკრებას“ არ დაესწრებოდნენ. თუმცა, საბოლოოდ, ყოფილი მინისტრის მოსმენას უმრავლესობის სამი დეპუტატი მაინც დაესწრო.

ქობულიას პრეზენტაციის შემდეგ, შეხვედრა, რომლიც დაახლოებით ხუთ საათს გაგრძელდა, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ყოფილმა მინისტრმა თავშივე განაცხადა, რომ ის პოლიტიკურ განცხადებებს არ გააკეთებდა და დასმულ კითხვებსაც შესაბამისად, პოლიტიკური კონტექსტის გარეშე უპასუხებდა.

სხვადასხვა საკითხებთან ერთად, დეპუტატების კითხვები მისი თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხს ეხებოდა, რაზეც მან განმარტა, რომ მის გათავისუფლება პრემიერის პრეროგატივა იყო, თუმცა მისი ინფორმაციით, საკითხი პარტიის თავმჯდომარესთან ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმებული იყო. მანვე განმარტა, რომ მასსა და გუნდის ხელმძღვანელობას შორის გარკვეულ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობა იყო. თუმცა, ყოფილმა მინისტრმა კონკრეტული საკითხების დასახელებისგან თავი შეიკავა.

პარლამენტში ყოფილი მინისტრის დაბარების საკითხი დეპუტატებმა მას შემდეგ დააყენეს, რაც ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გადაცემა „Forbes კვირა“-სთან ინტერვიუში მან განაცხადა: „რეალური მიზეზი ჩემი წასვლის იყო სწორედ ის, რომ იმ ხედვებში, იმ პრინციპებში, რომლებზეც მე მეგონა, რომ ჩვენ შევთანხმდით დასაწყისში, მერე აღმოვაჩინე, რომ ამაში ჩვენ თანხვედრა არ გვქონდა“.

შეხვედრები

სხვა ღონისძიებები

15-16 მაისს, ბათუმში შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ და სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის 53-ე და ეკონომიკურ სავაჭრო ტექნოლოგიურ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის 52-ე სხდომები ჩატარდა. საერთაშორისო ღონისძიებაზე პარლამენტის დელეგაციას დეპუტატი ოთარ დანელია ხელმძღვანელობდა. პარლამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო ღონისძიება სწორედ ოთარ დანელიამ გახსნა და მისასალმებელ სიტყვაში კომიტეტების სხდომაზე განსახილველ საკითხების მნიშვნელობას შეეხო და სახალხო დამცველის ინსტიტუტის როლზე და მწვანე ეკონომიკის განვითარების საკითხებზე ისაუბრა.

13 მაისს დეზინფორმაციის და პროპაგანდის საკითხებზე თემატური მოკვლევის ჯგუფმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეს გრიგოლ ლილუაშვილს მოუსმინა. პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე ჯგუფის წევრები ძირითადად იმით დაინტერესდნენ, თუ როგორ მუშაობს და რა პოლიტიკა აქვს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დეზინფორმაციისა და პროპაგანდის წინააღმდეგ საბრძოლველად.

15 მაისს დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხებზე მომუშავე თემატური მოკვლევის ჯგუფის ხელმძღვანელმა ნინო გოგუაძემ ბრიფინგი გამართა, სადაც დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხებზე მომუშავე თემატური მოკვლევის ჯგუფის მუშაობის შედეგები შეაჯამა. მისი განცხადებით, ჯგუფი პარლამენტში სამი თვეა მუშაობს და ამ ხნის განმავლობაში, არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი გამოიკვეთა, რომელიც პარლამენტისა და მთავრობის მხრიდან დროულ რეაგირებას საჭიროებს. გოგუაძის თქმით, აუცილებელია საკანონმდებლო დონეზე მსჯელობის დაწყება – „თუ როგორ გავხადოთ ორგანიზაციების საქმიანობა საქართველოში მეტად გამჭირვალე, რათა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს ჰქონდეთ სრული ინფორმაცია – რომელი ორგანიზაციის საქმიანობის უკან რომელი ქვეყნის ინტერესი დგას და რა ინტერესებს ემსახურება ამ ორგანიზაციის საქმიანობა“.

This post is also available in: Русский (რუსული)

Exit mobile version