ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საქართველოში ყველა საარჩევნო უბანი ზუსტად საღამოს 8 საათზე დაიხურა და ხმის დათვლის პროცესი დაიწყო.
ცესკოს განმარტებით, 28 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა 1 975 845 ამომრჩეველმა მიიღო, რაც ამომრჩევლის საერთო რაოდენობის 56.23 %-ია. საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ამომრჩეველთა აქტივობა 46.74 % იყო (1 637 956 ამომრჩეველი).
ცესკოს ინფორმაციით, ყველაზე მაღალი აქტივობა – 72.72 % ქედაში დაფიქსირდა, ყველაზე დაბალი 43.12 %კი წალკაში. რაც შეეხება თბილისს, საღამოს 8 საათის მონაცემებით, აქ ამომრჩევლის აქტივობა 55.9 % იყო.
ცესკოს განმარტებით, ყველა საარჩევნო უბანი ზუსტად საღამოს 8 საათზე დაიხურა და ხმების დათვლის პროცესი დაიწყო. ცესკო-ს ცნობით, არჩევნებმა ძირითადად მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. ცენტრალური საარჩევნო კომისია საუბნო შემჯამებელ ოქმებს მიღებისთანავე, ეტაპობრივად, სპეციალურ ვებგვერდზე – www.results.cec.gov.ge – ზე განათავსებს.
საარჩევნო უბნების დახურვასთან ერთად, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა და „იმედმა“ მათივე დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგები გამოაქვეყნა. ეგზიტპოლის ორივე შედეგის მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნებს სალომე ზურაბიშვილი იგებს („რუსთავი 2“ – 55 %, „იმედი“ – 58 %).
თუკი, ეგზიტპოლის შედეგები ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებს დაემთხვევა, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გახდება და ის ამ პოსტზე მოქმედ პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს შეცვლის. გიორგი მარგველაშვილი ქვეყნის მეთაურის მოვალეობას 2013 წლიდან ასრულებს.