საქართველოს თავდაცვის მინისტრი რუმინეთს სტუმრობს

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, რომელიც ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ბუქარესტს სტუმრობს, თავის რუმინელ კოლეგას, მიჰაი ფიფორს შეხვდა და ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას მოაწერა ხელი, რომელიც ორ სამინისტროს შორის უფრო ახლო თანამშრომლობას ითვალისწინებს. 

რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხი, ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები და თავდაცვის დიალოგის გაფართოების ახალი პერსპექტივები განიხილეს.

რუმინეთის თავდაცვის სამინისტრომ ასევე აღნიშნა, რომ მინისტრები შეთანხმდნენ, რომ დაიწყონ კონსულტაციების პროცესი თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ახალი პროექტების მოსამზადებლად, რა დროსაც გათვალისწინებული იქნება შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება.

ლევან იზორიამ განაცხადა შეხვედრის შემდეგ, რომ „სიმბოლურია“, რომ 2018 წლის პირველი უცხოური ვიზიტით ის სწორედ რუმინეთს ესტუმრა. „ამ ვიზიტით ხაზს ვუსმავთ შავი ზღვის რეგიონში ჩვენ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მაღალ ხარისხს, რომ ჩვენ ძალიან აქტიურად ვართ ჩართული ამ რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცების თვალსაზრისით დიალოგში“, – განაცხადა იზორიამ.

1 თებერვალს ლევან იზორია რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, თეოდორ მელესკანუს შეხვდა. მხარეებმა რიგი საკითხები განიხილეს, მათ შორის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში რუმინელი დამკვირვებლების ჩართულობა და საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივები.

 

Exit mobile version