ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განუცხადა ჟურნალისტებს 31 იანვარს ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის შემდეგ, რომ „საქართველო მიიწევს წინ და იყენებს ყველა პრაქტიკურ ინსტრუმენტს ნატოში ინტეგრაციის გზაზე, რათა მიაღწიოს საბოლოო მიზანს, რაც უკავშირდება ჩვენს წევრობას ალიანსში“.

კომისიის სხდომაზე, რომელიც ნატოს შტაბბინაში გაიმართა, 2017 წლის ყოველწლიური ეროვნული პროგრამის განხორციელებაზე, ასევე ქვეყანაში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზე, მათ შორის შავ ზღვაზე და მის გარშემო არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს.

„საქართველომ მიაღწია განსაკუთრებულ პროგრესს ყველა მიმართულებით, რომელიც წარმოადგენს ეროვნული პროგრამის საფუძველს დემოკრატიული განვითარების კუთხით, ეკონომიკური და თავდაცვის რეფორმების მიმართულებით“, – განაცხადა ჯანელიძემ და დასძინა, რომ 2017 წელი შეფასდა როგორც „ძალიან წარმატებული წელი ალიანსისი ყველა წევრი ქვეყნის მიერ“.

იგი ასევე შეეხო 2018 წლის ნატოს სამიტს და აღნიშნა, რომ „ჩვენ ასევე მოველით, რომ საქართველო იქნება წარმოდგენილი შესაბამისს ფორმატებში 2018 წლის სამიტზე“. მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს პროგრესი „შესაბამისად იქნება ასახული“ სამიტზე.

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრა გამართა ნატოს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან და მის მოადგილესთან როუზ გოტმიოლერთან.

Exit mobile version