ქართული ოცნების დეპუტატები „გირგვლიანის შესწორებებზე“ იწყებენ მუშაობას

ქართული ოცნების დეპუტატები საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტზე იწყებენ მუშაობას, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლებისათვის სასჯელის გამკაცრებას, მათ მიერ მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის შემთხვევაში. 

საკანონმდებლო ინიციატივა 29 იანვარს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ წარმოადგინა.

მისი განცხადებით, მმართველმა გუნდმა ამ ინიციატივაზე მსჯელობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და სახელმწიფოს მოქმედმა მეთაურმა გიორგი მარგველაშვილმა გააკრიტიკეს 2018 წლის 5 იანვარს სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი, რომლის მიხედვითაც სააკაშვილი დამნაშავედ იქნა ცნობილი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებული მაღალჩინოსნების შეწყალების საქმეზე.

გირგვლიანის საქმეზე საუბრისას, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ სააკაშვილი „უტიფრად შეეცადა, რომ გახმაურებული საქმე შეეფუთა როგორც სახელმწიფო მანქანის მიერ მკვლელობის სამწუხარო, მაგრამ ბანალური ფაქტი“. მისივე თქმით, „სააკაშვილის ამ თავხედობას, მიზანმიმართულად უქმნიდა პოლიტიკურ და ფსევდოსამართლებრივ ფუნდამეტს მოქმედი პრეზიდენტი, რომელიც წინამორბედის დაცვაში ისე შორს წავიდა, რომ შერჩევითი მართლმსაჯულების და პოლიტიკური დევნის მსხვერპლადაც კი გამოაცხადა სააკაშვილი“.

მდინარაძემ მმართველი გუნდის საკანონმდებლო ინიციატივას სიმბოლურად „გირგვლიანის შესწორებები“ უწოდა. მისივე განმარტებით, საკანონმდებლო ინიციატივა ამ ეტაპისთვის წარმოადგენს იდეას, რომლის განსახორციელებლადაც სამუშაო ჯგუფები შეიქმნება, საბოლოო შედეგები კი, სისხლის სამართლის კანონმდებლობაში აისახება.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ ინიციატივას უკვე დაუჭირა მხარი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. ირაკლი კობახიძემ წინა ხელისუფლება გირგვლიანის წინააღმდეგ „შეთქმულების მოწყობაში“ დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ „ჩვენ შეგვიძლია მხარი დავუჭიროთ ნებისმიერ ისეთ ინიციატივას, რომელიც გამორიცხავს სახელმწიფოს და ხელისუფლების შეთქმულებას ადამიანის წინააღმდეგ“.

მმართველი გუნდის მიერ დაანონსებულ საკანონმდებლო ცვლილებებს საპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. პარლამენტის წევრმა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა რომან გოცირიძემ ინიციატივას „პროპაგანდისტული ხრიკი“ უწოდა, ევროპული საქართველოს დეპუტატის ირაკლი აბესაძის თქმით კი, „გირგვლიანის შესწორებები“ საზოგადოებისათვის შეთავაზებულ „მორიგ ფარსს“ წარმოადგენს. 

ქართული ოცნების ინიციატივას უარყოფითად აფასებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიც. 

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილიმა მმართველ გუნდს მოუწოდა, შეწყვიტოს სანდრო გირგვლიანის სახელით „მანიპულირება“ და მართლმსაჯულების სისტემა გაათავისუფლოს იმ პროკურორებისგან, სპეცსამსახურების თანამშრომლებისგან და მოსამართლეებისგან, რომლებიც წლების განმავლობაში „უკვეთავდნენ“ და „ხელს აფარებდნენ“ ადამიანის უფლებების შელახვას. 

28 წლის სანდრო გირგვლიანი 2006 წლის 28 იანვარს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოთხი თანამშრომლის მიერ მისთვის მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა. 2006 წლის ივლისში დანაშაულში მონაწილე პირებს რვა და შვიდწლიანი პატიმრობა მიესაჯათ. 2008 წლის ნოემბერში, გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებულ ოთხივე მსჯავრდებულს, მაშინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეწყალების აქტით, პატიმრობის ვადა გაუნახევრდა, რის შემდეგადაც 2009 წლის სექტემბერში მათ ციხე დატოვეს.

Exit mobile version