სააპელაციო სასამართლომ მუსტაფა ემრე ჩაბუქს და მის ოჯახს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად დემირელის სახელობის კოლეჯის მმართველს, თურქეთის მოქალაქეს მუსტაფა ემრე ჩაბუქს და მის ოჯახის წევრებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი ეთქვა.

ლტოლვილის სტატუსის მინიჭების შესახებ ჩაბუქის განცხადება გასულ წელს თავდაპირველად საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ განიხილა და 2017 წლის  7 ივლისს ჩაბუქისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი განაცხადა. დაცვის მხარემ სამინისტროს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა მან 2017 წლის 21 ნოემბერს სამინისტროს გადაწყვეტილება კვლავ ძალაში დატოვა. სააპელაციო სასამართლო იყო ბოლო ინსტანცია, სადაც ჩაბუქს ლტოლვილის სტატუსთან დაკავშირებული გადაწყვეტილების გასაჩივრება შეეძლო.

ადვოკატების განცხადებით, სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება „უსამართლოა“. „ამ გადაწყვეტილებას საერთო არა აქვს მართლმსაჯულებასთან, ის არის პოლიტიზირებული, ვინაიდან საქმეში უამრავი მტკიცებულება იყო წარმოდგენილი, თუ რის საფუძველზე უნდა მინიჭებოდა ჩაბუქს და მის ოჯახის წევრებს ლტოლვილის სტატუსი“, – განუცხადა Civil.ge-ს ჩაბუქის ერთ-ერთმა ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა.

მუსტაფა ემრე ჩაბუქი, რომელიც თურქეთის რესპუბლიკის მიერ იძებნება, თბილისში, გასული წლის 24 მაისს დააკავეს. მას ბრალად ედება ფეთჰულაჰ გიულენთან ასოცირებულ და თურქეთის ხელისუფლების მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეულ FETÖ-სთან სავარაუდო კავშირი, რასაც ბრალდებული უარყოფს.

ჩაბუქი გასული წლის 24 მაისიდან საექტრადიციო პატიმრობაში იმყოფება, რომლის ვადაც 24 თებერვალს იწურება. ლტოლვილის სტატუსის თაობაზე მიმდინარე დავის განმავლობაში, ჩაბუქი, როგორც თავშესაფრის მაძიებელი, თურქეთში ექსტრადირებისგან დაცული იყო. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, პროკურატურას უკვე ეძლევა უფლებამოსილება, ჩაბუქის ექტრადირების პროცესის დაწყების თაობაზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიმართოს.

ჩაბუქის თურქეთში ექსტრადიციის დასაშვებობის საკითხს ჯერ სასამართლო განიხილავს. სასამართლოს მიერ საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში კი, საქართველოს იუსტიციის მინისტრი გამოსცემს ბრძანებას ექსტრადიციის დაკმაყოფილების ან მასზე უარის თქმის შესახებ.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, რომლებმაც არაერთხელ განაცხადეს, რომ თურქეთში ექსტრადირების შემთხვევაში ჩაბუქი შეიძლება გახდეს პოლიტიკური დევნის, წამებისა და არაადამინური მოპყრობის მსხვერპლი, დღეს საქართველოს პრეზიდენტს მიმართეს და ჩაბუქისა და მისი ოჯახის წევრებისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება სთხოვეს. მათი თქმით, „ამ ნაბიჯით მათი უფლებები უფრო მეტად იქნება გარანტირებული და დაცული საქართველოს ტერიტორიაზე“.

Exit mobile version