საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2017 წელს


საგარეო ვაჭრობის ზოგადი მაჩვენებლები 2012-2017 წწ. (მლნ. აშშ დოლარი), წყარო: საქსტატი

„საქსტატის“ მიერ 22 იანვარს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, 2017 წელს საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა წინა წელთან შედარებით 13.8%-ით გაიზარდა და 10.7 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

2017 წელს ექსპორტის მოცულობა 29.1%–ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით და  2.72 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა; იმპორტის მოცულობა 9.4%–ით გაიზარდა და 7.97 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა  5.25 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. 

საქართველოს სავაჭრო ბრუნვა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან 2017 წელს 2%–ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით და 2.84 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

„საქსტატის“ ინფორმაციით, ექსპორტმა ევროკავშირში  646.5 მილიონი აშშ შეადგინა, რაც 13%–ით მეტია წინა წელის მაჩვენებელთან შედარებით, ხოლო იმპორტი ევროკავშირიდან 0.8%–ით შემცირდა და 2.19 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.


ქვეყნების ჯგუფების წილი საქართველოს საგარეო ვაჭრობაში, 2017. წყარო: საქსტატი

2017 წელს, დსთ–სთან ვაჭრობა 30.2%–ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით და  3.54 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ექსპორტი დსთ–ს ქვეყნებში 60%–ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით და 1.18 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი დსთ–ს ქვეყნებიდან 19.2%–ით გაიზარდა და 2.36 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

ევროკავშირის ქვეყნების წილმა საქართველოს საგარეო ვაჭრობაში 26.6% შეადგინა; 23.7% – ექსპორტში და 27.5% – იმპორტში (2016 წელს ამ მაჩვენებლებმა 29.6%, 27.1% და 30.4% შეადგინა, შესაბამისად).

დსთ-ის ქვეყნების წილმა 33.1% შეადგინა; 43.3% – ექსპორტში და 29.6% – იმპორტში (2016 წელს 28.9%, 34.9% და 27.2% შესაბამისად).

2017 წლის წინასწარი მონაცემებით, თურქეთი კვლავ რჩება საქართველოს უმსხვილეს პარტნიორად 1.58 მილიარდ აშშ დოლარიანი ბრუნვით; შემდეგ მოდიან რუსეთი, ჩინეთი და აზერბაიჯანი 1.18 მილიარდი, 939 მილიონი და 881 მილიონი აშშ დოლარით, შესაბამისად.

საქართველოს სავაჭრო ბრუნვამ უკრაინასთან 569 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა; შემდეგ მოდის სომხეთი – 489 მილიონი აშშ დოლარი; გერმანია – 478 მილიონი აშშ დოლარი; აშშ – 389 მილიონი აშშ დოლარი; ბულგარეთი – 334 მილიონი აშშ დოლარი; იტალია – 286 მილიონი აშშ დოლარი.

ექსპორტის კუთხით, რუსეთი უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთა სიის სათავეშია 394 მილიონი აშშ დოლარით; შემდეგ მოდიან აზერბაიჯანი, თურქეთი და ჩინეთი 272 მილიონი, 216 მილიონი და 207 მილიონი აშშ დოლარით, შესაბამისად. იმპორტის კუთხით, თურქეთი, რუსეთი, ჩინეთი და აზერბაიჯანი ლიდერობენ 1.37 მილიარდი, 788 მლნ, 732 მლნ და 609 მლნ აშშ დოლარით, შესაბამისად. 

2017 წელს უმსხვილესი საექსპორტო ჯგუფი სპილენძის მადნები და კონცენტრატები იყო 419 მლნ აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 15.4%); შემდეგ მოდის ფეროშენადნობები – 306 მლნ აშშ დოლარი (მთლიანი ექსპორტის 11.3%); ავტომობილების რეექსპორტი – 234 მლნ აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 8.6%); ღვინო – 170 მლნ აშშ დოლარი (მთლიანი ექსპორტის 6.3%); სამკურნალო საშუალებები – 140 მლნ აშშ დოლარი (მთლიანი ექსპორტის 5.2%); არადენატურირებული ეთილის სპირტი და სპირტიანი სასმელები – 126 მლნ აშშ დოლარი (მთლიანი ექსპორტის 4.6%); მინერალური წყლები – 95 მლნ აშშ დოლარი (მთლიანი ექსპორტის 3.5%); თხილი – 83 მლნ აშშ დოლარი (მთლიანი ექსპორტის 3%); აზოტოვანი სასუქები – 76  მლნ აშშ დოლარი (მთლიანი ექსპორტის 2.8%); ოქრო დაუმუშავებელი ან ნახევრად დამუშავებული – 70 მლნ აშშ დოლარი (მთლიანი ექსპორტის 2.6%);  დანარჩენი საქონელი – 1  მილიარდი აშშ დოლარი (მთლიანი ექსპორტის 36.7%). 

2017 წელს ნავთობი და ნავთობპროდუქტები საქართველოს საიმპორტო სიის სათავეშია 696 მილიონი აშშ დოლარით; შემდეგ მოდის მსუბუქი ავტომობილები – 474 მლნ აშშ დოლარი; ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები – 350 მლნ აშშ დოლარი; მედიკამენტები – 346 მლნ აშშ დოლარი; სპილენძის მადნები და კონცენტრატები – 338 მლნ აშშ დოლარი; სატელეფონო აპარატები, ფიჭური ან სხვა უსადენო ქსელებისთვის – 204 მლნ აშშ დოლარი; სიგარეტი – 102 მლნ აშშ დოლარი; ხორბალი – 98 მლნ აშშ დოლარი; გამომთვლელი მანქანები – 96 მლნ აშშ დოლარი; სატვირთო ავტომობილები – 72 მლნ აშშ დოლარი; დანარჩენი საქონელი – 5.19 მილიარდი აშშ დოლარი.

Exit mobile version