პრეზიდენტმა ახალი საპარლამენტო მდივანი დანიშნა

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, საპარლამენტო მდივნის პოსტზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილი თამვჯდომარე, ანა ნაცვლიშვილი, დანიშნა.

ანა ნაცვლიშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ანა დოლიძეს შეცვლის, რომელიც 17 იანვრიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობას დაიკავებს.

მარგველაშვილის თქმით, ქართული საზოგადოება ანა ნაცვლიშვილს იცნობს როგორც ადამიანის უფლებათა დამცველს და „ერთ-ერთ ყველაზე პრინციპულ და მნიშვნელოვან ხმას იმ სახელმწიფოებრივ, სამართლებრივ და საკანონმდებლო პროცესებში, რომელიც ვითარდებოდა ჩვენს ქვეყანაში ბოლო წლების განმავლობაში“. 

მისივე თქმით, პრეზიდენტი კვლავაც განაგრძობს თანამშრომლობას საქართველოს პარლამენტთან. „იმედი მაქვს, რომ ეს თანამშრომლობა ორიენტირებული იქნება უკეთესი სამართლებრივი, პოლიტიკური რეალობის შესაქმნელად საქართველოში“, – დასძინა მარგველაშვილმა.

მომავალ საქმიანობაზე საუბრისას, ანა ნაცვლიშვილმა გამოთქვა იმედი, რომ საქართველოს პარლამენტთან და საკანონმდებლო პროცესში ჩართულ სახელმწიფო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა „დაფუძნებული იქნება პატივისცემის პრინციპზე“ და იქნება „კონსტრუქციული და შედეგიანი“.

ანა ნაცვლიშვილი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას 2014 წლის დეკემბრიდან სამი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა

Exit mobile version