ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში ვიზიტი დაასრულა


კრისტიან ვიგენინის შეხვედრა ირაკლი კობახიძესთან, 27 სექტემბერი, 2017. ფოტო: ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიის საკითხებში, კრისტიან ვიგენინი 27-28 სექტემბერს ორდღიანი ვიზიტით საქართველოს სტუმრობდა, სადაც ქვეყნის ხელმძღვანელობას შეხვდა და საქართველოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში არსებული ჰუმანიტარული ვითარება განიხილა.

თბილისში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენელი პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს, საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს, სახელმწიფო მინისტრს შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილს, მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს უფროსს, ნატალია ჯალიაშვილს, პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის წევრებს, ასევე საპარლამენტო პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

ვიზიტის ფარგლებში ვიგენინი ასევე შეხვდა დევნილებს აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან და წეროვანში მათ დასახლებასაც ესტუმრა. ამას გარდა, მან შეხვედრა გამართა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან და მისიის პატრულთან ერთად სოფელ ოძისის მახლობლად საოკუპაციო ხაზი მოინახულა.

„საქართველოში არსებულ კონფლიქტებს კვლავ მტკივნეული შედეგები მოაქვს ათასობით ხალხისთვის“, – განაცხადა ვიგენინმა და დასძინა, რომ „ისეთ ნაბიჯებს, როგორიცაა ადმინისტრაციულ-სასაზღვრო ზოლზე გამშვები პუნქტების დახურვა და მშობლიურ ენაზე სწავლების გაუქმება, რეალური და ხანგრძლივი უარყოფითი შედეგები მოაქვს რეგიონის მოსახლეობის ცხოვრებისთვის“.  

„ჰუმანიტარული თვალსაზრისით, ვიმედოვნებ, რომ ამგვარი ნაბიჯები აღარ გაგრძელდება და ხალხი შეძლებს, რომ ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს… რაც უფრო მეტი დაბრკოლება შეექმნება ყოველდღიურ ცხოვრებას და მეზობლურ ურთიერთობებს, მით უფრო გაჭიანურდება რეგიონის განვითარება და ამით ხალხი იზარალებს. რეგულარული კონტაქტები ადამიანებს შორის მნიშვნელოვანი ძალა იქნება შერიგებისთვის“, – განაცხადა მან.

პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრების შემდეგ, ვიგენინმა მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმაზეც ისაუბრა და მოუწოდა ყველა პოლიტიკურ ძალას, რომ უფრო ფართო პოლიტიკური კონსენსუსის მისაღწევად იმუშავონ.  „ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს ის, თუ როგორ უნდა იმართოს მათი ქვეყანა, და მე ვიმედოვნებ, რომ შესაძლებელია ფართო შეთანხმების მიღწევაა გრძელვადიანი სტაბილურობის მისაღწევად“, – აღნიშნა მან. 

საქართველოში ვიზიტამდე ვიგენინი მიმდინარე კვირის დასაწყისში აზერბაიჯანს სტუმრობდა, ხოლო საქართველოდან იგი სომხეთში გაემგზავრა, სადაც მისი ვიზიტი სამხრეთ კავკასიაში დასრულდება. 4 ოქტომბერს იგი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივ კომიტეტს რეგიონული ვიზიტის შესახებ ანგარიშს წარუდგენს და რეგიონში მომავალი ჩართულობისთვის კონკრეტულ წინადადებებს გაახმოვანებს.

Exit mobile version