კარასინი: ნატოს ქმედებები საქართველოში რუსეთის უსაფრთხოებას ‘სერიოზულ საფრთხეს’ უქმნის

ნატოს ქმედებები საქართველოში სამხრეთ კავკასიაში დესტაბილიზაციის „სერიოზულ საფრთხეს“ ქმნის და რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოებას ემუქრება, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა 26 სექტემბერს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თავმჯდომარეებთან მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე.    

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, კარასინმა განუცხადა ეუთოს და გაეროს წარმომადგენლებს, რომ „ნატოს გააქტიურება რეგიონში სახიფათოა“.

„საქართველოს ტერიტორიაზე ალიანსის სამხედრო ინფრასტრუქტურა ვითარდება; რეგულარულად ტარდება სამხედრო წვრთნები, რომელთა მასშტაბიც ყოველწლიურად იზრდება; ინერგება შეიარაღებული ძალების და მათი მართვის ნატოს სტანდარტები. ყველაფერი ეს ამიერკავკასიაში სიტუაციის სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხეს ქმნის და რუსეთის ფედერაციის, აფხაზეთის რესპუბლიკისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის უსაფრთხოებას ემუქრება“, – ნათქვამია განცხადებაში. 

კარასინმა ასევე აღნიშნა, რომ „ამ კონტექსტში, სულ უფრო იზრდება ერთი მხრივ, სოხუმსა და ცხინვალს, ხოლო, მეორე მხრივ თბილისს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო  შეთანხმების გაფორმების აუცილებლობა“.

ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებმა ეუთოდან და გაეროდან, გიუნტერ ბეხლერმა და ანტი ტურუნენმა, კარასინთან 10-11 ოქტომბერს ჟენევაში დაგეგმილი მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდის შესახებ იმსჯელეს.

Exit mobile version